რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, 11 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვირას 10 აპრილს, „კალიბრის“ მაღალი სიზუსტის ზღვიდან გაშვებულმა რაკეტებმა ქალაქ დნიპროს სამხრეთ მიდამოებში ანტისაჰაერო რაკეტა „S-300“-ის დივიზია გაანადგურა, რომელიც კიევის რეჟიმის ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადასცა და ანგარში იყო დამალული“.
ევროპული ქვეყანა, რომელმაც უკრაინას „S-300”-ის ტიპის ანტისაჰაერო სისტემები გადასცა, სლოვაკეთია და კონაშენკოვის განცხადებაში საუბარი სწორედ, სლოვაკეთის მიერ გადაცემულ ოთხ „S-300”-ის გამშვებზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას უკრაინული და სლოვაკური მხარე გამოეხმაურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ბოლო 24 საათში დნიპროპეტროვსკის რეგიონში აქტიურ დაბომბვას ადასტურებს. თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, Twitter-ზე დაწერა, რომ კატეგორიულად უარყოფს რუსულ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ უკრაინაში S-300-ის სისტემა განადგურებულია. მისი განცხადებით, ეს ტყუილია და ამას უკრაინა ოფიციალურად ადასტურებს. რუსული მხარის ინფორმაცია უარყო სლოვაკეთის მთავრობის პრესსპიკერმა ლუბიცა იანიკოვამაც.
რუსული მხარის მტკიცების შესახებ, რომ მათ სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული „S-300“-ის სისტემები გაანადგურეს, სტატია გამოაქვეყნა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მაც. StopFake-ის თანახმად, სლოვაკეთის მიერ გაგზავნილი S-300-ის სისტემების განადგურების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში 10 აპრილიდან გაჩნდა. თავდაპირველად, რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სლოვაკური „S-300“-ები ჩატანიდან ორი დღის შემდეგ ნიკოლაევთან განადგურდა. ამავე დღეს რუსული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის მიერ გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემები ხარკოვთან, ჩუგუევის სამხედრო ავიაბაზაზე განადგურდა. ხოლო 11 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სლოვაკეთის მიერ გადაცემული „S-300“-ები დნიპროპეტროვსკთან განადგურდა.
შესაბამისად, რუსული საინფორმაციო წყაროები სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ „S-300“-ის ტიპის ანტისაჰაერო სისტემების განადგურების შესახებ სამ სხვადასხვა ადგილას იუწყებოდა. თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ უკრაინული მხარის ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, სამი შემთხვევიდან არც ერთი არ დასტურდება და სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სისტემები არ განადგურებულა.
---------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.