საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%. უშუალოდ იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18% ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში, ზრდა ფიქსირდებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. იანვარში, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
Covid-19-ის პანდემიის და შესაბამისი, შემზღუდავი ზომებიდან გამომდინარე, ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეკონომიკის აღდგენა და შემდგომი განვითარება, ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირებული 18% და 14.6% ეკონომიკური ზრდა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი მაჩვენებლებია, თუმცა, მაჩვენებლების ანალიზისას, აუცილებელია ე.წ საბაზო ეფექტის გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დარდება. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა, დარდება 2021 წლის თებერვლის მონაცემს. წლიური მონაცემი, დარდება წინა წელს და ა.შ. პანდემიის განმავლობაში, რიგი თვეები შემზღუდავი ზომების განსხვავებული სიმკაცრით ხასიათდებოდა. ნაკლები შეზღუდვებით გამორჩეული თვის შედარება თვესთან, როდესაც მკაცრი ზომები იყო და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა დაბალი, ზრდას გადაჭარბებით აჩვენებს. მაგალითად, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით 44.8% ზრდა დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ გამოიწვია ფაქტმა რომ 2020 წლის აპრილში, ეკონომიკური აქტივობა უპრეცენდენტოდ შეიზღუდა. მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ე.წ „ზამბარის“ ეფექტად მოიხსენიებენ. აღნიშნული ეფექტი, ძალაში იყო 2021 წლის განმავლობაშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხშირად აპელირებენ. 2021 წელს, ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, თუმცა 2020 წლის 6.8% კლების გათვალისწინებით, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 2.8%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ეკონომიკური აღდგენის კუთხით, 2019 წელთან შედარებით, საქართველო მოწინავე ქვეყანა ნამდვილად არ ყოფილა, იმ ფონზეც კი, როდესაც 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი მაღალი იყო.
ცალსახაა, რომ 2022 წლის იანვარში და თებერვალში, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, ნაწილობრივ, სწორედ საბაზო ეფექტიდან გამომდინარე დაფიქსირდა, რადგან 2021 წლის პირველ ორ თვეს, დაწესებული იყო მეტად მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები. მათ შორის, შეზღუდული იყო საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, შეზღუდული იყო მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად 14.6%-იანი ზრდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში შემცირებულ მონაცემებთან მიმართებით დაფიქსირდა, რაც ერთგვარი ტექნიკური ეფექტია და არა შინაარსობრივი. აგრეთვე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ენერგეტიკის სექტორში, ნაწილობრივ ენგურჰესის ამუშავებასთან არის დაკავშირებული. 2021 წლის თებერვალ-აპრილის მონაკვეთში ენგურჰესი გეგმური სარემონტო სამუშაოებისათვის იყო გაჩერებული და 3 თვის მანძილზე მხოლოდ 23.7 მლნ კვტსთ ენერგია გამოიმუშავა, მაშინ, როცა 2020 წლის ამავე პერიოდში გამომუშავებამ 391.6 მლნ კვტსთ შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლისთვის, ამ მხრივ ტექნიკური ზრდა აპრილის თვემდე დაფიქსირდება.
გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის შეფასებები თვეების მიხედვით, 2020-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული და საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეზღუდული არ ყოფილა, ეკონომიკა 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 4.4%-ით გაიზარდა, რაც 2 წლის კვალობაზე, მაღალ ზრდას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პანდემიურ ფონზე, ეკონომიკური ზრდა, საუკეთესო შემთხვევაში, ზომიერია. 2019 წელთან შედარებით, 3 წელიწადში, 2022 თებერვლის მდგომარეობით ეკონომიკა 11.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო იანვრის მონაცემებით, 9.7%-ით. აღნიშნულ შემთხვევაშიც, თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ კონტექსტს, ეკონომიკური ზრდა შეიძლება შეფასდეს როგორც ზომიერი, თუმცა, საქართველოს ზოგადი დინამიკიდან გამომდინარე, 3 წელიწადში 11.1%-იანი ზრდა დაბალი მაჩვენებელია.