2022 წლის 4 მარტს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და დადგმული სცენა უწოდეს. კრემლს მტკიცებულებად მოჰყავს ფაქტი, რომ რუსულმა ჯარებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს, ხოლო 31 მარტს და 2 აპრილს გაკეთებულ განცხადებებში უკრაინული მხარე გარდაცვლილებზე არაფერს ამბობს. გარდა ამისა რუსეთი ამტკიცებს, რომ სულ მცირე 4 დღის შემდეგ, გარდაცვლილების სხეულები არ არის გამაგრებული, არ აქვს დამახასიათებელი გვამური ლაქები და დაგროვებული სისხლის კვალი, რაც არაბუნებრივია (ბმული1, ბმული 2).

სინამდვილეში, რუსეთის მტკიცება, რომ ბუჩას კადრები დადგმულია, დეზინფორმაციაა. The New York Times-მა ბუჩას სატელიტური ფოტოები გააანალიზა და დაადგინა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ მოკლეს, ანუ მაშინ, როდესაც ქალაქს რუსული სამხედროები აკონტროლებდნენ.

ვიდეოში, რომელიც ადგილობრივი საბჭოს წევრმა 1 აპრილს ბუჩაში გადაიღო, ჩანს, რომ იაბლონსკას ქუჩის გასწვრივ მრავალი ცხედარია მიმოფანტული. Maxar Technologies-ის მიერ The New York Timess-ისთვის მიწოდებული სატელიტური ფოტოები ამტკიცებს, რომ მათგან მინიმუმ 11 სხეული ქუჩაში 11 მარტიდან იყო, იმ დროიდან, როცა რუსულმა სამხედროებმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს.


იმის დასადასტურებლად, თუ როდის მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და როდის გამოჩნდა მათი სხეულები ქუჩებში, The New York Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფმა ჩაატარა სატელიტური გამოსახულების წინასწარი და შემდგომი ანალიზი. სურათებზე ნაჩვენებია ადამიანის სხეულის ზომის მუქი ობიექტები, რომლებიც იაბლონსკას ქუჩაზე 9 მარტიდან 11 მარტამდე ჩნდება. ობიექტების პოზიციები ზუსტად ემთხვევა იმ პოზიციებს, რომლებშიც სხეულები 1 აპრილის კადრებში ჩანს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ობიექტები ამავე პოზიციაში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გარდაცვლილების სხეულები სხვადასხვა ადგილასაა ნაპოვნი. მეორე ვიდეოში, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზეა გადაღებული ჩანს 3 სხეული. ერთ-ერთი ველოსიპედის გვერდით, მეორე კი მიტოვებული მანქანის სიახლოვესაა. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ აღნიშნული მიტოვებული მანქანები და მასთან ახლოს მდებარე სხეულები 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.

წყარო: The New York Timess

რუსეთი თავის მტკიცებას, რომ გარდაცვლილების სხეულები არ არის გამაგრებული, არ აქვს დამახასიათებელი გვამური ლაქები და დაგროვებული სისხლის კვალი, რაც არაბუნებრივია, მანიპულაციის საშუალებად იყენებს. BBC-ისთან ინტერვიუში სასამართლო პათოლოგისტმა, რომელიც რუანდასა და კოსოვოში ომის დანაშაულებს იძიებდა, განაცხადა, რომ 4 დღის შემდეგ სხეულის გამაგრება „ჩვეულებრივ მცირდება“. რაც შეეხება გვამურ ლაქებს, პათოლოგისტი აღნიშნავს, რომ ადამიანის გარეგნობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იარაღია გამოყენებული, რა მანძილიდან გაისროლეს და ა.შ.

ასევე რუსეთის მტკიცება, რომ გარდაცვლილებს სისხლის კვალი არ ეტყობათ და ამიტომ სცენები დადგმულია, ყალბია. სასამართლო პათოლოგისტის თქმით, გარდაცვლილის სხეულზე სისხლი ყოველთვის ხილული არაა. ამის მიზეზი სისხლის სხვადასხვა ადგილას დაგროვებაა - ის შეიძლება სხეულის ქვეშ ჩაიღვაროს ან სქელმა ტანსაცმელმა შეიწოვოს. ამასთან, თუ სხეული დაწოლილ მდგომარეობაშია, სისხლის დაგროვების ადგილი შესაძლოა ფოტოდან ხილული არ იყოს.

რუსეთის კიდევ ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, უკრაინის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გარდაცვლილებად წარმოჩენილი სხეულები მოძრაობენ. ვიდეოს კარგი ხარისხი არ აქვს, თუმცა მისი დაკვირვებით ანალიზი აჩვენებს, რომ ე.წ. „მოძრავი მკლავი“, სინამდვილეში, მანქანის საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნიშანია - ლაქა ან წვიმის წვეთი.

კიევის რეგიონი რუსებისგან სრულად 2 აპრილს გათავისუფლდა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას, თანახმად, კიევის რეგიონიდან 410 მოკლული მოქალაქის სხეული გაიტანეს. რეგიონში, ბუჩას ჩათვლით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოებიც იპოვეს. Maxar Technologies-ის სატელიტურმა გამოსახულებებმა დაადასტურა, რომ მასობრივი სასაფლაოების პირველი ნიშნები церкви Андрея Первозванного и Всех Святых в Буче-ის მახლობლად, 10 მარტს იყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 3 აპრილს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ბუჩაში მომხდარს „ხოცვა-ჟლეტა“ (Massacre) უწოდა: „შოკირებული ვარ გათავისუფლებული კიევის რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემზარავი კადრებით. #BuchaMassacre. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის წარმოებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია“.

3 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ უკრაინელ უდანაშაულო მოქალაქეებზე „საზარელი თავდასხმები“ ბუჩასა და ირპინში იყო უფრო მეტი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა.

Human Rights Watch-მა შეაგროვა შემთხვევები, როდესაც რუსული სამხედრო ძალები არღვევდნენ ომის კანონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და კიევის ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორისაა ბუჩაში ჩადენილი ძალადობის შემთხვევებიც. Human Rights Watch in Europe and Central Asia-ის დირექტორმა, ჰიუ ვილიამსონმა 3 მარტს განაცხადა, რომ „შემთხვევები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, წარმოადგენს ენით აღუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსეთის ძალების პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაული“.

4 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პუტინის „სასტიკი“ და „ომის კრიმინალიუწოდა: „შეიძლება გახსოვთ, როგორ გამაკრიტიკეს პუტინისთვის ომის კრიმინალის წოდების გამო…თუმცა, ეს ჭეშმარიტებაა - ჩვენ ვნახეთ რაც ხდება ბუჩაში - ის ომის კრიმინალია... ეს კაცი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია.

Amnesty International-ის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის, 4 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ბუჩადან მიღებული მასალები ომის დანაშაულების უფრო ფართო ნიმუშებს გვაჩვენებს, რომლებიც მოიცავს სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასა და წამებას უკრაინის სხვადასხვა ოკუპირებული ადგილებიდან. ვშიშობთ, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან ბუჩაში მოქალაქეებზე ძალადობა არ არის ერთადერთი შემთხვევა. აღნიშნული ინციდენტები უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ომის დანაშაულები“.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, 4 აპრილს განაცხადა, რომ შოკირებულია იმ ფოტომასალებით, რომლებიც ბუჩაში მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას ასახავს. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე, რომელიც ეფექტურ ანგარიშვალდებულებას გამოიწვევს. მიშელ ბაჩელეტმა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, თქვა, რომ მასალები, რაც ბუჩადან მიიღეს „აჩენს სერიოზულ და შემაშფოთებელ კითხვებს შესაძლო ომის დანაშაულებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით“.

5 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში, რომლებიც ახლა უკვე განთავისუფლებულია. მასში ნათქვამია, რომ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

ამრიგად, რუსეთის მტკიცება, რომ უკრაინამ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მოკლული სხეულების სცენა დადგა, ყალბია. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ სხეულები ბუჩას ქუჩებში ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გამოჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებები, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, ომის დანაშაულად კვალიფიცირდება.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი