რომან გოცირიძე: საქართველოში გაიცემა 15 მლრდ ლარის ოდენობის ხელფასი, ამათგან ხელფასის ამღებთა 45% შემოსავალს 500 ლარს და ნაკლებს იღებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: მონაცემები, რომელზეც რომან გოცირიძე საუბრობს, ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი (გადასახადებამდე) შემოსავლების სტატისტიკას ეხება. 2019-2020 წლებში, წლიურად ხელფასის სახით დაახლოებით 15 მლრდ ლარი გაიცემოდა. ხელფასის ამღებ ფიზიკურ პირთა 45%-ის მიერ წელიწადში ჯამურად მიღებული ხელფასი კი 6000 ლარამდეა (თვეში საშუალოდ 500 ლარამდე).
აღნიშნული მაჩვენებლები ერთი შეხედვით დეპუტატის მიერ დასახელებულ მონაცემებთან სრულ თანხვედრაშია. თუმცა, თუ სახელფასო განაცემებს თვიურ ჭრილში შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ 500 ლარზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა მხოლოდ 23%-ს აქვს. აქედან გამომდინარეობს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არასტაბილურად იყო დასაქმებული და ხელფასს ყოველთვიურად არ იღებდა (მაგ. სეზონური დასაქმება). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დასაქმებულთა ნაწილი იმ თვეებში, როცა დასაქმებული იყო, 500 ლარზე მაღალ ხელფასს იღებდა, თუმცა შემდეგი რამდენიმე თვე ანაზღაურებას საერთოდ არ იღებდა. თუმცა, ვინაიდან დეპუტატის განცხადების კონტექსტი შემოსავლების სიმცირეზე მითითებაა და არა უშუალოდ სახელფასო პოლიტიკის შეფასება, ვალიდურია მოქალაქეთა მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე გასაშუალოებული წლიური მაჩვენებლით მსჯელობა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რომან გოცირიძის მიერ დასახელებული სტატისტიკა წარმოადგენს ხელფასს დაბეგვრამდე. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელზე ასაღები ხელფასი კიდევ უფრო მცირეა, რაც რომან გოცირიძის არგუმენტს აძლიერებს. თუმცა, მეორე მხრივ, სტატისტიკა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს (მაგ რეპეტიტორები, გარემოვაჭრეები) არ მოიცავს. ამავდროულად, ამ სტატისტიკაში ის ადამიანებიც შედიან, ვინც ობიექტური მიზეზებით ან საკუთარი არჩევანის გამო უწყვეტად დასაქმებულები (მაგ. სტუდენტები), არ არიან. მათი მოცვა კი მაჩვენებელს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.
საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსი - მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების სიმცირეზე და არსებულ მძიმე რეალობაზე, მართებულად მიუთითებს თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ განცხადება დამატებით განმარტებას საჭიროებს, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
ანალიზი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა: „საქართველოში გაიცემა 15 მლრდ ლარის ოდენობის ხელფასი, ამათგან ხელფასის ამღებთა 45% იღებს შემოსავალს 500 ლარს და ნაკლებს“.
აღსანიშნავია, რომ ხელფასი, მოსახლეობისთვის, შემოსავლის ერთ -ერთ და არა ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. შემოსავლის სხვა წყაროები შეიძლება იყოს პროცენტი, დივიდენდი, მოგება, სტიპენდია, შემოსავალი გაქირავებიდან და ა.შ. ინფორმაციას, გაცემული ხელფასის მოცულობისა და ხელფასის მიმღებ პირთა შესახებ საქართველოს შემოსავლების სამსახური ამუშავებს. მონაცემი, რომელსაც რომან გოცირიძე ასახელებს, ფიზიკური პირების რაოდენობისა და ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი (გადასახადებამდე) შემოსავლების სტატისტიკას შეესაბამება.
ცხრილი 1: ხელფასის სახით გაცემული დასაბეგრი შემოსავალი 2019-2020 წლებში
წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური
რომან გოცირიძის განცხადებიდან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ დასაქმებულ ადამიანთა 45%-ს, თვეში 500 ან ნაკლები ლარი შემოსავალი აქვს. 2019-2020 წლებში, წლიურად ხელფასის სახით გაიცემოდა დაახლოებით 15 მლრდ ლარი, რომლიდანაც, ხელფასის ამღებ ფიზიკურ პირთა 45%-ის წლიური ხელფასი 6000 ლარამდე დიაპაზონში მერყეობდა. თუმცა, აღნიშნული მონაცემის გასაშუალოება (თვიურად 500 ლარი), წლის განმავლობაში, შემოსავლების განაწილების შესახებ სრულყოფილ სურათს ვერ ასახავს. კერძოდ, წლიურ სტატისტიკაში წარმოდგენილია ჯამური თანხა, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს ხელფასის სახით. დასაქმებულისთვის, რომელიც ხელფასს მთელი წლის განმავლობაში ვერ იღებდა, გასაშუალოებული მაჩვენებელი მთლიანი ხელფასის დინამიკას ვერ ასახავს. მაგალითად, მოქალაქეების ნაწილს, ვისაც 6 თვის განმავლობაში 1000 ლარი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი 6 თვე, სხვადასხვა მიზეზის გამო ხელფასი არ ერიცხებოდათ, საშუალო-თვიური ხელფასი 500 ლარი უფიქსირდებათ.
ხელფასების განაწილების „უთანასწორობის“ ანალიზისთვის, ხელფასების დინამიკის განხილვა თვიურ ჭრილში უნდა მოხდეს. შესაბამისი სტატისტიკა, წარმოდგენილია ცხრილ 2-ში. აღნიშნული მონაცემებით ჩანს, რომ 0-500 ლარამდე ხელფასს მოსახლეობის მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი იღებს, საშუალოდ, წლის განმავლობაში დასაქმებულთა დაახლოებით 23%. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ბუნებრივია 40%-ს მკვეთრად ჩამოუვარდება. დასაქმებულთა 35% ს 1000-2400 ლარამდე ხელფასი აქვს.
ცხრილი 2: დასაბეგრი ხელფასის თვიური განაწილება 2021 წელს
წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური
რადგან წარმოდგენილ სტატისტიკაში დასაბეგრი შემოსავალია მოცემული, გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობა ხელზე კიდევ უფრო ნაკლებ თანხას იღებს. ასევე, ბუნებრივია, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულ, ან ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად არ გვევლინებიან. შესაბამისად, მთლიანი სტატისტიკა ქვეყანაში განსხვავებულია.