სალომე სამადაშვილი: იქნებ მოვისმინოთ ახსნა, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად არის გაზრდილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში 62% იყო. იგივე მონაცემი 2014 წელს 77%-ს შეადგენდა. 2014 წელთან შედარებით რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის რაოდენობა ნომინალში მართლაც გაორმაგებულია და როგორც აღვნიშნეთ, მთლიანი იმპორტის 62%-ს შეადგენს. ამ ნაწილში განცხადებაში დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება. თუმცა სალომე სამადაშვილს ყურადღების მიღმა აქვს დატოვებული ის ფაქტი, რომ რუსული ელექტროენერგიის იმპორტში აფხაზეთში გატანილი ელექტროენერგიაც შედის, რამაც 2021 წელს მთლიანი რუსული იმპორტის 80% შეადგინა და აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში გაზრდილი რუსული ელექტროენერგიის იმპორტი, სწორედ აღნიშნული ფაქტით არის განპირობებული. თანაც რუსეთზე დამოკიდებულების შესაფასებლად, უფრო მართებულია, ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში რუსული იმპორტის წილის განსაზღვრა, რამაც 2021 წელს 8% შეადგინა. 2014 წელს აღნიშნული სიდიდე 5.7% იყო. საანგარიშო პერიოდში მცირედი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. თუმცა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთჯერადი ხასიათისაა. კერძოდ, 2021 წლის 20 იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით, ენგურჰესი გეგმური რემონტისათვის სრულად იყო გაჩერებული. ვინაიდან აფხაზეთს ალტერნატიული ენერგია არ გააჩნია, ამ პერიოდის სრული მოხმარების იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ელექტროსისტემის გავლით განხორციელდა, რამაც ტექნიკურად რუსეთიდან იმპორტის სიდიდის გაზვიადება გამოიწვია.
უმნიშვნელოა ასევე რუსულ გაზზე დამოკიდებულებაც, 2020 წელს მთლიანი იმპორტის მხოლოდ 7% იყო რუსული გაზი, თუმცა აქაც ბოლო წლებში მცირედი ზრდის ტენდენცია იკვეთება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ენერგეტიკის სფეროს რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზარდა, არასწორია. დაფიქსირებული ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები ზემოთ უკვე განვიხილეთ. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას კითხვით მიმართა: „ ჩემი შეკითხვა ეხება ქვეყნის მთავარ გამოწვევას - ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ გასული წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე ენერგეტიკის სფეროში არის მკვეთრად გაზრდილი. ელექტროენერგიის იმპორტი 2014 წლის შემდეგ გაორმაგებულია და 60%-ს ვიღებთ რუსეთიდან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე 12%-ით გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ენერგომატარებელი ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში“.
ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები წარმოადგენს. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მთლიან გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 80.5% იყო, თბოელექტროსადგურების - 18.8%, ქარის ენერგიის მოცულობა კი უმნიშვნელოა და 0.66%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ( 2014-2021 წლებში) მთლიანი გამომუშავება 10.4 მლრდ კვტსთ-დან 12.6 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 21.2%-იან ზრდას შეადგენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 33.2% (2021 წლის მონაცემით, წინა წლების საშუალო მონაცემით 38.3%) ენგურისა და ვარდნილის ჰესების კასკადზე მოდის. მოცემული ჰესების გამომუშავების 40% სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება. ეს რესურსი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ბოლო წლებში გაზრდილი მოხმარების გამო, 40% საკმარისი არ არის და ფაქტობრივად, ოკუპირებულ ტერიტორიას აღნიშნული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შედარებით მაღალი წილი მიეწოდება, წლიურად საშუალოდ 44.8%.
ელექტროენერგიის მოხმარებას სეზონურობა ახასიათებს. კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარება ცივ სეზონებზე იზრდება. უფრო კონკრეტულად, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება, ზაფხულის პერიოდში მოხმარებას, მნიშვნელოვნად აღემატება. ამავდროულად, რადგან ელექტროენერგიის გამომუშავების 80% ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გამომუშავება ზამთარში მცირდება და თბილ პერიოდში, წყლის რესურსის მატების პარალელურად, იზრდება. შესაბამისად, წლის ცივ პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი, ხოლო ზაფხულში სიჭარბე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლებელია, თბილ პერიოდში ქვეყანა ელექტროენერგიას ყიდის (ძირითადად თურქეთში), ცივ პერიოდში კი, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.
რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე, ამის გასარკვევად სტატისტიკური მონაცემები განვიხილოთ.
ცხრილი 1: ელექტროენერგიის ბალანსი (მლნ/კვტსთ)
წყარო: ესკო
ცხრილი 1-ის მიხედვით, 2014 წლის შემდეგ გასული წლის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ნომინალურ მაჩვენებელში მართლაც გაორმაგებულია და მთლიან იმპორტში წილიც 62% შეადგენს, თუმცა წილობრივი მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 15 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, 2014 წელს რუსეთიდან იმპორტის წილი მთლიან ელექტროენერგიის იმპორტში 77% იყო. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპორტის წილში იმ ენერგიის რაოდენობაც შედის, რომელიც აფხაზეთში გადის. ესკომ აღნიშნული სტატისტიკის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო და აღნიშნული წლების მონაცემები შემდეგნაირია:
ცხრილი 2: აფხაზეთში გასული ელექტროენერგიის წილი რუსულ იმპორტში (მლნ/კვტსთ)
წყარო: ესკო
მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში გატანილი ელექტროენერგიის წილი რუსულ იმპორტში ბოლო წლების განმავლობაში მზარდია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რუსული ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული. აქედან გამომდინარე, თუ 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიის რაოდენობას აფხაზეთში გატანილ მონაცემს გამოვაკლებთ, მაშინ რუსული იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდება და 62%-ის ნაცვლად 20% იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სტატისტიკის წარმოება ესკომ 2019 წლიდან დაიწყო, 2014 წლის მონაცემს აღნიშნულს ვერ შევადარებთ. რადგან სალომე სამადაშვილი განცხადებაში ელექტროენერგიის სფეროს რუსეთზე დამოკიდებულების მკვეთრ ზრდაზე აპელირებს, მართებულია, განვსაზღვროთ რამდენად არის გაზრდილი რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის საერთო მოხმარებაში. 2014 წელს აღნიშნული მონაცემი 5.7% იყო. 2021 წლისთვის იგივე სიდიდე 8.1%-მდე, შესაბამისად - 2.4 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. თუმცა აღნიშნული ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთჯერადი ხასიათისაა. კერძოდ 2021 წლის 20 იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით ენგურჰესი გეგმური რემონტისათვის სრულად იყო გაჩერებული. ვინაიდან აფხაზეთს ალტერნატიული ენერგია არ გააჩნია ამ პერიოდის სრული მოხმარების იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ელექტროსისტემის გავლით განხორციელდა, რამაც ტექნიკურად რუსეთიდან იმპორტის სიდიდის გაზვიადება გამოიწვია.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსული კომპანიები საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიულ ობიექტებში საკმაოდ დიდ წილს ფლობენ. მაგალითად, თელასის - რომელიც თბილისის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს, 75%-იანი წილის მფლობელი რუსული კომპანია სს Inter Rao UES-ი არის.
ასევე „საქენერგოს“- რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან 500, 330, 220-კილოვატიან გადამცემ ხაზებს ფლობს, 50%-იანი წილი რუსეთის გაერთიანებულ ენერგოსისტემას ეკუთვნის.
რაც შეეხება გაზმომარაგებას, საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ქვეყანა სოციალური სექტორისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილ გაზს შეღავათიან ფასად იღებს, თუმცა საქართველო პარალელურად რუსული გაზის შესყიდვასაც ახორციელებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია. 2017 წლამდე საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა, 2018 წლიდან ტრანზიტის საფასურს რუსული „გაზპრომ ექსპორტი“ საქართველოს ფულადი სახით უხდის, ანაზღაურების თანხა კი კომერციული საიდუმლოებაა.
საქართველოში ბუნებრივ აირზე არსებული მოთხოვნა ბოლო წლებში საშუალოდ 2.2 მლრდ კუბ.მ-ის ფარგლებშია, ცალკეულ წლებში კლიმატური პირობებითა თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული გადახრით საშუალოდან.
რაც შეეხება ბაზრის მიწოდების მხარეს, ბუნებრივი აირის ადგილობრივი მოპოვება მიზერულია და მთლიან მიწოდებაში მისი წილი 0.3-0.4%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. ბუნებრივი აირის მიწოდებას მომწოდებელი ქვეყნების მიხედვით ცხრილი 3 ასახავს.
ცხრილი 3: ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოში (მლნ. კუბ.მეტრი)
წყარო: სემეკი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსული გაზის წილი მთლიან იმპორტში უმნიშვნელოა და წლების განმავლობაში 11.7%-დან 7.9%-მდე არის შემცირებული. თუმცა 2018 წელთან შედარებით, როდესაც რუსული გაზის წილი იმპორტში 1.7%-მდე შემცირდა, 2019, 2020 წლებში კვლავ ზრდა დაფიქსირდა და როგორც აღვნიშნეთ 7.9% შეადგინა. სალომე სამადაშვილი 12%-იან ზრდაში რას გულისხმობს, ბუნდოვანია. თუ 2020 წლის მონაცემს 2019 წლისას ადარებს, ამ შემთხვევაში რუსული გაზის იმპორტის არა 12%-იანი, არამედ 26%-იანი ზრდა ფიქსირდება.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რუსეთზე დამოკიდებულება საგანგაშო არ არის. თუმცა ბოლო წლებში მცირედი ზრდის ტენდენციები შეინიშნება, რაც სასურველი ნამდვილად არ არის და პირიქით, მუშაობა უნდა გაძლიერდეს ამ დამოკიდებულების შესამცირებლად.
ელექტროენერგიის იმპორტში ზრდა ბოლო წლებში აფხაზეთში გასული ენერგიის რაოდენობის ზრდით არის განპირობებული, რასაც განცხადების ავტორი უგულებელყოფს. რუსეთზე დამოკიდებულების შესაფასებლად მთლიან მოხმარებაში რუსული იმპორტის წილის განსაზღვრა უფრო მართებულია, ვიდრე მთლიან იმპორტში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2014 წელს ეს მონაცემი 5.7% იყო. 2021 წლისთვის იგივე სიდიდე 8.1%-მდე, შესაბამისად - 2.4 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთში გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობის გაზრდით და მეტწილად ენგურჰესის გეგმური რემონტისთვის გაჩერებით არის განპირობებული. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ენერგოსექტორის რუსეთზე დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პირობებში მკვეთრად გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სალომე სამადაშვილის განცხადება არის მცდარი.