იტვირთება

ბათუმის 2021 წლის მოწვევის საკრებულომ თავისი უფლებამოსილების შესრულება დღემდე ვერ დაიწყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ოცდათხუთმეტი დეპუტატისგან შედგება. თუმცა 2021 წლის 3 დეკემბერს, პირველ სხდომაზე, 34 წევრის უფლებამოსილება ცნეს. 2021 წლის 18 ნოემბერს საკრებულოს ახალარჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩანაწერები გაავრცელა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მის გადაბირებას ცდილობდა. მათი მტკიცებით, დეპუტატმა ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. საქმეს შესაბამისი ორგანო იძიებს.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც საკრებულოში გახარიას გუნდის მხარდაჭერით შევიდა, პარტია დატოვა და დამოუკიდებელი წევრობა არჩია. ამის შემდეგ ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა და დღეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არც „ქართულ ოცნებასა“ და არც ოპოზიციას არ გააჩნია. დღემდე საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე და მოადგილე.

აქედან გამომდინარე, ზემოთ ნახსენები პირველი სხდომის შემდეგ, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო აღარ შეკრებილა. მართალია ოპოზიციამ სხდომა რამდენჯერმე მოიწვია, მაგრამ მას „ქართული ოცნების“ წევრები არ დაესწრნენ. ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომა არ შედგა.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად ახალი მაჟორიტარის ასარჩევად, ქალაქის მეოთხე საარჩევნო ოლქში, შუალედური არჩევნები აპრილში ჩატარდება. მანამდე კი კანონმდებლები, უკვე ორი თვეა, ძირითად უფლებამოსილებას ვერ ახორციელებენ. საკრებულოს FB-გვერდზე მხოლოდ ორიოდე განცხადებასა და მილოცვის ტექსტებს შეხვდებით. ამ ბოლოს საკრებულომ სოციალურ ქსელში ატვირთა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობების წევრთა შეხვედრის შესახებ, რომელიც თბილისში გაიმართა და მას ბათუმის მერი, ასევე, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ბოლო ვიდეო თექვსმეტი კვირის წინ აიტვირთა (23 მარტის მდგომარეობით). რამდენიმე კვირის წინ კი საკრებულოს FB-გვერდზე უკრაინის დროშის ფოტოები და სოლიდარობის განცხადება გამოქვეყნდა. საკრებულომ ასევე გამოაქვეყნა ფოტო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

ბიუჯეტის დამტკიცება, როგორც უკვე ვწერდით, 2017 წლის მოწვევის დეპუტატებმა მოასწრეს. მათ შორის, რამდენიმე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრიცაა. ისინი დღეს გაზრდილ ხელფასებს იღებენ. უკვე მესამე თვეა, რაც საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირებს ხელფასი ერიცხებათ. საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ შესული წევრები აცხადებენ, რომ დეპუტატების ფუნქცია მხოლოდ სხდომებზე დასწრება არაა და ამომრჩევლებთან შეხვედრა, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვა საქმეები აქვთ, თუმცა ბათუმელები სოციალურ ქსელებში ყოველდღე წერენ, რომ ქალაქი ასეთი უპატრონო არასდროს ყოფილა.

2021 წლის მოწვევის საკრებულოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფრაქციაა - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ის 2021 წლის 3 დეკემბერს, პირველ სხდომაზევე დარეგისტრირდა. ფრაქციის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს. ამიტომ ხელფასს ექვსი დეპუტატი იღებს. საკრებულოს თანამდებობის პირებს, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში შრომის ანაზღაურების თანხა დაერიცხათ. ბუნებრივია, საკრებულოს თანამდებობის პირები მარტის ხელფასსაც აიღებენ.

„ფაქტ-მეტრმა“ საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.

ცხრილი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დანართი 1

როგორც ვხედავთ, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, თანამდებობრივი სარგოს სახით, ყოველთვიურად, ჯამში 12 900 ლარი ერიცხებათ. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ხელფასს „არაფრის კეთებაში“ იღებენ. მათივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის შექმნა მათაც შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებას პრინციპულად არ დათანხმდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ოპონენტების ყოველ ასეთ ბრალდებაზე პასუხობენ, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესრულება მხოლოდ სხდომებზე დასწრება არაა. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მათ მუდმივი კავშირი აქვთ აღმასრულებელ რგოლთან, ა(ა)იპ-ებთან და შპს-ებთან, ასევე ეცნობიან „ხალხის სატკივარს“.

შეგახსენებთ, რომ „ფაქტ-მეტრმა“ „ხალხის სატკივარზე“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. მაგალითად: მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩვენ ვახსენეთ, რომ ბათუმის არაერთი ქუჩა ჩაბნელებული იყო. თებერვლის დასაწყისში განათებები ჩაირთო, თუმცა რამდენიმე ქუჩის ზოგიერთი მონაკვეთი, მაგალითად, 9 მარტის ქუჩის ნაწილი ერთ თვეში კვლავ ჩაბნელდა და რამდენიმე დღე ამ მდგომარეობაში რჩებოდა. ასეთივე სიტუაცია დავაფიქსირეთ არაერთ ქუჩაზე. ჩვენ ვწერდით ასევე ავარიული და სახიფათო სახლების შესახებ, რაც ამ ეტაპზე ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუ საკრებულოს დეპუტატებს დავუჯერებთ, ისინი მოქალაქეების პრობლემებს ეცნობიან, თუმცა ოთხთვიანი არსებობის პერიოდში, ახალი მოწვევის წარმომადგენლობითმა ორგანომ ვერ მოახერხა, რომ შეკრებილიყო, ამ პრობლემებზე ემსჯელა და მათ მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაედგა.

ფოტო: IPN


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4015 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი