ზამთრის სეზონს ხშირად ახასიათებს გრიპით დაინფიცირების გაზრდილი შემთხვევები. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს, თუმცა მიმდინარე წლის სეზონური გრიპთან დაკავშირებით ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა და ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. „ღორის გრიპის“ 200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. არასახარბიელო ვითარებით მანიპულირება დაუყოვნებლივ დაიწყეს ანტიდასავლური დეზინფორმაციის ცნობილმა წყაროებმა. ახალი ამბების რამდენიმე სააგენტომ და ულტრანაციონალისტური ჯგუფების ბევრმა მხარდამჭერმა, რომელთა სახელი ხშირად უკავშირდება ყალბი ამბების გავრცელებას, სეზონური ვირუსის არსებობა საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან დააკავშირეს. გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის შემდეგ, „ქართული მარშის“ ყოფილმა ლიდერმა, ლადო სადღობელაშვილმა, ლაბორატორიის მუშაობის შეჩერება მოითხოვა იქამდე, სანამ ლაბორატორიის მუშაობა საზოგადოებისთვის ღია და გამჭვირვალე არ გახდებოდა. ახალი ამბების ონლაინ სააგენტომ news.net.ge გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლუგარის ლაბორატორიაში გრიპზე კვლევების ჩატარების ფაქტი დაკავშირებულია შეთქმულების თეორიასთან, რომ ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსის გავრცელება ლაბორატორიის კვლევითი საქმიანობის ბრალია.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მანიპულაციები ახალი არ არის. ლაბორატორიის შესახებ მითების გავრცელება მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ ხდება და ახლო წარსულში აღნიშნულს ადგილი ჰქონდა რუსი მაღალჩინოსნების მხრიდანაც. საკითხი დაუსრულებლად განიხილება ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა არხის მიერ, რომელთა საბოლოო მიზანსაც წარმოადგენს დეზინფორმაციის უწყვეტი განმეორების გზით, საზოგადოების ყალბ ამბავში დარწმუნება. ცენტრის შექმნის დღიდან, რუსული პროპაგანდა საქართველოში სისტემატურად ეწევა დეზინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ ან ამბობს, რომ ცენტრში ქმნიან ხელოვნურ ვირუსებს, რომ დააინფიცირონ და მოსპონ მოსახლეობა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. რუსული პროპაგანდა იქამდეც მიდის, რომ ცენტრს ადანაშაულებს H1N1 ვირუსის გავრცელებაში, ზიკას ვირუსით კოღოების დაინფიცირებაში და აზიური ფაროსანას აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე შეყვანაში. დეზინფორმაციის ერთ-ერთ კამპანიაში, აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ხშირად ხდება დეზინფორმაციის თავდასხმების სამიზნე, გასულ წელს კრემლის პროპაგანდას აღარ გამოუყენებია რუსული ან ქართული მედიასაშუალებების საფარი და წლების მანძილზე კულტივირებული ფარული ნარატივი სახელმწიფო კამპანიის დონემდე აიყვანა, რომელსაც თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ახმოვანებდნენ. 2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებით იყენებს ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად. გენერალმა კირილოვმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები“, რომელთა გამოყენებითაც, იგი ამტკიცებდა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს უკიდურესად მომწამვლელი და სასიკვდილო ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტის კვლევა“. შემთხვევითი არ არის, რომ კირილოვის განცხადებებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორია წარმოადგენდა რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში აშშ-ის მიერ სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტების შექმნის მაგალითს, სადაც სამხედრო პერსონალი სამედიცინო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, ექსპერიმენტებს ატარებს საქართველოს მოქალაქეებზე. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემდეგ, „ვალდაის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პუტინმაც განაცხადა, რომ „აღნიშნული კვლევები უკავშირდება გენეტიკის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს და ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ისეთი პრეპარატების შემუშავება, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“.

წარმოდგენილ ბრალდებებს დაუყოვნებლივ უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა ერიკ პაჰონმა და რუსეთის მცდელობებს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წამოწყებული უკანასკნელი კამპანია რუსეთის მავნებლური ქცევის კიდევ ერთი მაგალითია, საქართველოს მთავრობას არ უსარგებლია შემთხვევით, რომ საერთაშორისო მასშტაბით გამოემჟღავნებინა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ამბავი BBC-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. კერძოდ, მსოფლიოს წამყვანმა ახალი ამბების სააგენტომ დაადგინა, რომ რუსულმა მედიამ და რუსმა თანამდებობის პირებმა საქართველოში, აშშ-ის დაფინანსებული ლაბორატორიების შესახებ მცდარი განცხადებები გააკეთეს.

რეალურად, ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კვლევის ცენტრი 2013 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მოქმედებს. ყალბი ბრალდებების გამო, ქართულმა მედია სააგენტოებმა, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და ლაბორატორიის თანამშრომლებმა მედია რეპორტაჟებისა და ლაბორატორიაში ვიზიტების მეშვეობით ამხილეს ყალბი ამბები და კონსპირაციული თეორიები. მიუხედავად ამისა, ანტიდასავლურ არხები განაგრძობენ ცენტრის დისკრედიტაციას. კერძოდ, ცენტრს წარმოაჩენენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ამერიკულ იარაღად და შესაბამისად ცდილობენ, ევროატლანტიკური გაერთიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას.

2016 წლიდან ახალი ამბების სათაურებში დომინირებს ამბები, სადაც მხილებულია რუსეთის მავნე ზეგავლენა ვაშინგტონზე და ევროპულ დედაქალაქებზე. თუმცა, იშვიათად ჩნდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ახდენს კრემლი საქართველოში არაკონვენციური იარაღების ინსტრუმენტალიზაციას, მაშინ როდესაც რეალურად, ლუგარის ცენტრის შესახებ გაჟღერებული ყალბი ბრალდებები მხოლოდ დიდი კამპანიის ნაწილია. საქართველო ათწლეულების მანძილზე წარმოადგენს რუსეთის საინფორმაციო ომის სამიზნეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სწორედ საქართველო იყო კრემლის კიბერ-შეტევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი და კვლავაც რჩება დეზინფორმაციული თავდასხმების სამიზნედ, რომელთა მიზანსაც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეჩერება წარმოადგენს.

საქართველოში რუსეთის მავნე ქცევა ინსტრუმენტთა ფართო წყებას მოიცავს, დაწყებული კიბერ-თავდასხმებით, დეზინფორმაციის სააგენტოების მთელ არმიამდე, რომლებიც თავს ეროვნულ ძალებად წარმოჩენას ცდილობენ, სინამდვილეში კი, რუსულ მსოფლმხედველობას ავრცელებენ. რუსეთის მავნე ზეგავლენის ანატომია ფართოა და საქართველოზე ზეწოლის ბერკეტებიც საკმაოდ შემაშფოთებელია. ამ ფონზე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მზა რეცეპტი არის ყალბ ამბებში მოყვანილი ფაქტების გადამოწმება და მოსახლეობის დარწმუნება, რომ არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლი.

ინფორმაციის ხანაში, კონვენციური იარაღი აღარაა გავლენის მოპოვების ერთადერთი საშუალება. ძალა აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით თუ ვისი ჯარი მოერევა და მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვისი „ამბავი“ იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აღიარებული აქვს რუსული მხარიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, საჭიროა, რომ ეს გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულად იქნეს გააზრებული. აუცილებელია, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხოდ, საქართველომ შეიმუშავოს ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელიც, ერთი მხრივ, გაზრდის მოსახლეობის მედეგობას ყალბი ამბების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო მასშტაბით რუსეთის მავნებლური და აგრესიული ქმედებების ლუსტრაციას კიდევ უფრო აშკარად მოახდენს.

თეგები: