რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით tvm.ge-მ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„მოდით პოლოტიკას თავი დავანებოთ, რელიგიურად თუ ვაზროვნებთ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს უნდა ვიყოთ. ვინც უკრაინის მხარესაა საქართველოს მტერია და მართლმადიდებლობის. ესენი არიან ნაციონალები, ლიბერასტები და შხამით აცრილი ხალხი. ნეიტრალიტეტიო რომ ამბობენ ყველამ საქართველოს 70 პროცენტმა იცის რომ რუსეთისკენ უნდა ვიყო, ასეა მართებული მაგრამ ეშინიათ ლიბერასტებმა მოღალატეები არ დაუძახონ. კარგით რა მართლა მოღალატე ლიბერასტმა რაც უნდა თქვას, უკრაინის დროშის ფრიალი ღალატია. სხვის დროშას ეთაყვანებიან, თითქოს საქართველოს დროშა არ აქვს. რუსეთი ერთმორწმუნე მართლმადიდებელია. რუსები ღორებს რომ ეძახიან სულიერად უფრო ახლო ნაციაა. ვიღაციტყვის უკრაინაც მართლმადიდებელია. არაა მასე უკრაინას ავტოკეფალია არ აქვს და რუსეთის ეკლესიაზეა დაქვემდებარებული. ვინც უკრაინის ავტოკეფალია აღიარა არის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. ბართლომე კი შეჩვენებული და სატანის მსახურია. ქრისტიანმა ქართველმა რუსეთს უნდა უბალეშიკოს. ეხლა იტყვიან რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავსო. არაა მასე ამას სხვა ძალები, ნეონაცისტები აკეთებენ და ჩვენი პრასტიტუტკა მედიები გვატყუებენ რუსები ხოცავენო. რუსები ეწინააღმდეგება რეგიონში ნატოს შემოსვლას, ეს ხომ ყველამ იცის. საქართველოში 70 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა და ნუ შეგიცვლიან ორიენტაციას ჩვენი პრასტიტუტკა მედიები.“

დეზინფორმაცია: საქართველოს მოქალაქეების 70% რუსეთის მომხრეა

Tvm.ge ამტკიცებს, რომ საქართველოს 70-მა პროცენტმა იცის, რომ რუსეთისკენ უნდა იყოს. თუმცა აღნიშნულ მტკიცებას არც ერთი ფაქტი არ ამყარებს. საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. საქართველოში უკრაინის კონფლიქტის შესახებ საზოგადოების განწყობა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მ გაზომა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ უკრაინის გამარჯვება მოსახლეობის 88%-ს, ხოლო რუსეთის გამარჯვება მხოლოდ 1%-ს სურს (და არა 70%-ს, როგორც ამას tvm.ge ამტკიცებს). ამასთან, 84% რუსეთს მტრად მიიჩნევს, ხოლო მხოლოდ 11% - არა. ასევე, კვლევის თანახმად, მოსახლეობის 87%-ის აზრით, „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.

რუსეთთან დაკავშირებით საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ გამოკითხვები ხშირად ტარდება. საქართველოში რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, 2019 წელს 46%-მდე შემცირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 66% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობით. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის პრორუსულ ორიენტაციას, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას ან სამხედრო ორგანიზაციებში წევრობაზე უარის გაცხადებას საჭიროდ ჯამში მხოლოდ 12% მიიჩნევს. აგრეთვე მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია ყველაზე მეტად დაეხმაროს საქართველოს (43% - ევროკავშირი და 27% - აშშ). რუსეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად წასვლის სურვილს მხოლოდ 5%, სასწავლებლად წასვლის სურვილს თითქმის არავინ (პირველ ადგილებს ევროკავშირის სახელმწიფოები და აშშ იკავებენ) გამოთქვამს.

დეზინფორმაცია: უკრაინაში მოსახლეობას უკრაინელი რადიკალები ხოცავენ და არა რუსეთი

tvm.ge-ის მეორე მტკიცების თანახმად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ხოცავს და ამას სხვა ძალები, კერძოდ ნეონაცისტები, აკეთებენ, ხოლო ქართული მედია იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთი ხოცავს. გაერო-ს 2022 წლის 13 მარტის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 596 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის - 43 ბავშვი, დაიღუპა, ხოლო დამატებით 1067, მათ შორის - 57 ბავშვი, დაიჭრა. თუმცა ეს გაერო-ს მიერ უკვე დანამდვილებით გადამოწმებულ რიცხვებს წარმოადგენს და გაერო-ში მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა „გაცილებით დიდია“. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 კი, დაიჭრა.

შესაბამისად, tvm.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

გარდა აღნიშნული ორი მცდარი მტკიცებისა, tvm.ge პრორუსულ და კრემლის ომის მხარდამჭერ პროპაგანდას ავრცელებს. გამოცემა რუსეთის მხარდაჭერას რუსეთის „ერთმორწმუნეობის“ არგუმენტით ხსნის. ცნობისთვის, გარდა ადამიანური მსხვერპლისა, რუსეთის სამხედრო თავდასხმამ რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარიც დააზიანა.

ამასთან, რუსეთის სამხედრო აგრესიას სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ პუტინს ომის შეწყვეტისკენ უკრაინაში თავად მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურმაც კი მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მოსალოდნელ სისხლისღვრას გაუსვა ხაზი და უკრაინის მოსახლეობისათვის მშვიდობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება ორჯერ გაეგზავნა. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ კი უკრაინის მოსახლეობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ხოლო პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ პუტინს უწოდა „ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება და თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს“, თუმცა „ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს“.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი