ანა გოგოლაძე: „ქართული ოცნება“ მოდიოდა ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური გადასახადების შემცირების დაპირებით, მაგრამ მივიღეთ სამჯერ გაძვირებული კომუნალური გადასახადები“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ტარიფის შემცირება მართლაც იყო. 2012 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა, თუმცა 2013 წლის აპრილში კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2015 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი რამდენჯერმე გაიზარდა და დღეის მდგომარეობით, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელთან შედარებით, დაახლოებით 1.5-ჯერ არის გაზრდილი და არა 3-ჯერ, როგორც განცხადების ავტორი აღნიშნავს. თუმცა განცხადების კონტექსტი, რომ „ქართული ოცნება“ კომუნალურების შემცირების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში და სანაცვლოდ, კომუნალურების ზრდა მივიღეთ, სიმართლეა.
რაც შეეხება გაზის გადასახადს, 2012 წლის ბუნებრივი აირის ტარიფი მხოლოდ „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაშია ცნობილი და 31.6-42.8 თეთრს შორის მერყეობდა. შესაბამისად, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი 2012 წლის შემდეგ 0.67-1.4 -ჯერ არის გაზრდილი.
წყლის გადასახადის შემთხვევაშიც, საანგარიშო პერიოდში, ზრდა ფიქსირდება, თუმცა 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ გაიზარდა აღნიშნული გადასახადი, არასრული მონაცემების გამო, ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ზრდის ტენდენცია სახეზეა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან („ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან) 2021 წლის ოქტომბრამდე, საქსტატის მონაცემებით, კომუნალური ხარჯები (წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა გადასახადები) 22.5%-ით არის გაზრდილი.
აქედან გამომდინარე, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „დღის სტუმარში“, თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ანა გოგოლაძემ, კომუნალური გადასახადების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ქართული ოცნება“ ის სახელისუფლებო გუნდია, რომელიც მოდიოდა ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური გადასახადების შემცირების დაპირებით, მაგრამ ცხრა წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ სამჯერ გაძვირებული კომუნალური გადასახადები“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ტარიფის შემცირება მართლაც იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება „დაევალათ“. 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2013 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2015 წლის სექტემბერში ტარიფი მცირედით კვლავ გაიზარდა (გარდა 100 კვტ/სთ-მდე მომხმარებლისა).
2016 წლის დეკემბრიდან ენერგოპროს მომხმარებლებს ტარიფი დაახლოებით 3.3 თეთრით გაეზარდათ. ტარიფის შემდგომი ზრდა უკვე 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა და აღნიშნული როგორც ენერგოპროს, ასევე თელასის აბონენტებსაც შეეხოთ.
ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ზრდა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებიათ. რეალურად, ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მოსახლეობის უმეტესობა მიმდინარე წლის იანვრიდან იხდის (დაწვრილებით იხილეთ სტატია).
ცხრილი1: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2010-2021 წლებში (თეთრი/ კვტსთ დღგ-ს ჩათვლით)
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
როგორც ცხრილიდან ჩანს, სამომხმარებლო ტარიფი სამ კატეგორიად იყოფა. ასევე ტარიფი განსხვავებულია დედაქალაქის და რეგიონების მომხმარებლისთვის. მონაცემების მიხედვით, 2010 წელთან შედარებით („ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს არსებული ტარიფი), 2021 წლის იანვარში ტარიფი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაზრდილია. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შესაბამისად - 1.34-ჯერ, 1.38-ჯერ და 1.49-ჯერ არის გაზრდილი. იგივე მონაცემები „ენერგოპროს“ მომხმარებლისთვის 1.36, 1.31, 1.5-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ელექტროენერგიის ტარიფი - 2012 წელთან შედარებით, მაქსიმუმ 1.5-ჯერ არის გაზრდილი და არა 3-ჯერ, როგორც განცხადებაში არის აღნიშნული.
რაც შეეხება ტარიფს ბუნებრივ აირზე, ბუნებრივი აირის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფები, სამი უმსხვილესი პროვაიდერის შემთხვევაში, განსხვავებულია. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი 2012-2017 წლებში არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან 5 თეთრით ტარიფის შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა, რაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. აირის ფასი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა. კორპორაციამ სადისტრიბუციო კომპანიებს ბუნებრივი აირის მისაწოდებელი ფასი შეუმცირა. 2017 წლის ივლისში სუბსიდირების მემორანდუმები გაუქმდა და აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა.
დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივი აირის გადასახადი 2021 წლის ივნისიდან გაძვირდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი შეადგინა.
2012 წლის ბუნებრივი აირის ტარიფი მხოლოდ „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაშია ცნობილი და 31.6-42.8 თეთრს შორის მერყეობდა. როგორც აღვნიშნეთ, 2021 წლის ზაფხულში დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი გახდა.
„სოკარის“ და „საქორგაზის“ მომხმარებლებისთვის 2017 წლიდან მოყოლებული ტარიფი არ შეცვლილა და შესაბამისად 48.254 და 48.314 თეთრს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ტარიფი დედაქალაქის შემთხვევაში 2012 წლის შემდეგ 0.67-1.4 -ჯერ არის გაზრდილი.
რაც შეეხება წყლის გადასახადს, 2018 წლის 1 იანვრიდან, თბილისელებს, რუსთაველებსა და მცხეთელებს წყლის გადასახადი გაუძვირდათ. სემეკმა დედაქალაქში იმ აბონენტებს, ვისაც მრიცხველი უყენიათ, 1 მ3 მოხმარებულ წყალზე გადასახადი 6.3 თეთრით - 3,29 ლარამდე გაუზარდა. მათთვის კი ვინც გადასახადს სულადობით იხდის, ტარიფმა 1 სულზე - 75 თეთრით მოიმატა და 3.888 ლარს მიაღწია. კომერციული სექტორისთვის ახალი ტარიფი - 4.40 ლარს შეადგენს. მრიცხველის მქონე მცხეთელებს წყალი 12 თეთრით გაუძვირდათ, ხოლო მრიცხველის გარეშე აბონენტებს, ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული გადასახადი 1 ლარითა და 48 თეთრით გაეზარდათ (სულზე 3.888 ლარამდე).
წყლის ტარიფის შემდგომი ცვლილება 2020 წელს განხორციელდა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.171 ლარით - 0.329 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.626 ლარით - 3.892 ლარიდან 4.518 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 2.103 თეთრით - 4.400 ლარიდან 6.503 ლარამდე გაიზარდა.
ტარიფი გაიზარდა კომპანია „რუსთავის წყლის“ მომხმარებლებისთვისაც. კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.095 ლარით - 0.405 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.723 ლარით - 2.281 ლარიდან 3.004 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 0.059 ლარით - 3.644 ლარიდან 3.703 ლარამდე გაიზარდა.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო წლებში წყლის გადასახადის ზრდა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რამდენჯერ გაიზარდა წყლის გადასახადი, არასრული მონაცემების გამო, ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან („ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან) 2021 წლის ოქტომბრამდე, კომუნალური ხარჯები (წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა გადასახადები) 22.5%-ით არის გაზრდილი (რატომ იზრდება ინფლაცია ტარიფებზე მეტად, დაწვრილებით იხილეთ: სტატია).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.