რუსულ საინფორმაციო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უკრაინის მხარის მიერ ნასროლი საზენიტო რაკეტით დაზიანდა (ბმული).

26 თებერვალს, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი დაეცა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა - მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს (17-18 სართულიანი), რომელიც მდებარეობს ლებანოვსკის გამზირ 6 „ა“-ზე, ჭურვი დაეცა. უკრაინა ამ და სხვა ფაქტების გამო რუსეთს სამოქალაქო პირებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

უკრაინის ოფიციალური პოზიციის საპასუხოდ, კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიამ, „პირველმა არხმა“, 26 თებერვალს გაავრცელა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინა იტყუება, როცა საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაში ბრალს რუსეთს სდებს. თავის მხრივ, არხი ამტკიცებს, რომ საცხოვრებელ კორპუსს ზიანი არა რუსეთის, არამედ უკრაინის მხარის ბრალეულობით მიადგა. ჟურნალისტის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ამსახველ კადრებზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის, Buk-M1-ის რაკეტის შენობასთან შეჯახება ჩანს - თუმცა, სინამდვილეში, აღნიშნულის მტკიცებულება არ არსებობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორპუსს უკრაინული საზენიტო რაკეტა დაეცა, ყალბია. საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმა StopFake-მაც გადაამოწმა, რომელიც ანალოგიურ დასკვნამდე მიდის.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა ჯგუფმა - Conflict Intelligence Team - რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებს იკვლევს, დაადგინა, რომ გასროლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან განხორციელდა. სავარაუდო სამიზნე, შესაძლოა, ჟულიანში მდებარე სიკორსკის აეროპორტი ყოფილიყო, რომელიც კორპუსიდან 2 კილომეტრზე ნაკლებ მანძილში მდებარეობს.

წყარო: Twitter.com

გარდა ამისა, მტკიცება, რომ კორპუსს უკრაინული საშუალო რადიუსზე მოქმედი საჰაერო თავდაცვითი სისტემა Buk-M1-ის რაკეტა დაეცა, აბსურდულია. უკრაინელმა სამხედრო პირმა StopFake-თან კომენტარში განაცხადა, რომ ამ ტიპის რაკეტები სახმელეთო სამიზნეებზე შეტევისთვის შექმნილი არაა, და ისინი მხოლოდ საჰაერო სამიზნეებისთვის გამოიყენება. თითოეული რაკეტა ისეა დაპროგრამებული, რომ თუ ის სამიზნეს ვერ მიაღწევს, თვითონვე ჰაერში ნადგურდება. ასევე რეკეტებს ხმელეთზე დაცემის დაცვის სისტემაც აქვს. ამრიგად, მიწაზე არცერთი საზენიტო რაკეტა არ ვარდება. ყველა მათგანი გარკვეულ სიმაღლეზე თავისთავად ნადგურდება, რათა ხმელეთზე არსებული ობიექტების დაზიანება არ გამოიწვიოს. შესაბამისად, კორპუსს შეჯახებული ობიექტი Buk-M1-ის რაკეტა ვერ იქნებოდა.

ამას ადასტურებს სხვადასხვა კუთხით გადაღებული ვიდოებიც. მათში კარგად ჩანს, რომ კორპუსს ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა ეცემა და არა მიწა-ჰაერი ტიპის (მაგ.: Buk-M1). სამხედრო ექსპერტის თქმით, თუ ბოლო ათწლეულების ომების ისტორიას გავაანალიზებთ, ვერ ვიპოვით ვერცერთ მაგალითს, როცა სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ Buk-ის ტიპის საშუალო რადიუსზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენეს. ამის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, კრემლი მუდმივად ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. 25 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მათი შეიარაღებული ძალები არ ისვრიან და არავინ აპირებს, თავს დაესხას უკრაინელ ხალხს. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც. მისი თქმით, საცხოვრებელ და საზოგადოებრივი გამოყენების შენობებს თავს არ ესხმიან.

მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, ფაქტია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო დაბომბილია. დაბომბვის შედეგად კი გარდაცვლილი არიან სამოქალაქო პირები, მათ შორის, ბავშვები. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის, 26 თებერვალს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორასამდე სამოქალაქო პირი მოკლა, მათგან 3 ბავშვია. ამასთან, მათი მოქმედებების შედეგად 33 ბავშვი დაშავებულია.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა 25 თებერვალს გამოქვეყნებულ პრესრელიზში რუსეთს „სამოქალაქო ტერიტორიებსა და დაცულ ობიექტებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, განურჩეველ თავდასხმებზე“ დასდო ბრალი. განცხადებაში მოყვანილია სამი მაგალითი, მათ შორისაა, 24 თებერვლის თავდასხმა საავადმყოფოს შენობის მახლობლად. აღნიშნულ შეტევის შედეგად 4 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, ათზე მეტი კი დაშავდა. Amnesty International-ის თანახმად, რუსეთის თავდასხმები შესაძლო „ომის დანაშაულებს“ მოიცავს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების, ფოტოებისა და სატელიტური სურათების გაანალიზების შედეგად, CNN-მა გამოაქვეყნა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც რუსეთი ხალხით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს დაესხა თავს:

ამრიგად, მტკიცება, რომ კიევში საცხოვრებელი კორპუსი თავად უკრაინელებმა დაბომბეს, ხოლო რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს თავს საერთოდ არ ესხმის, ყალბია.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.