უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმდინარეობის პარალელურად არ წყდება რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ამჯერად სოციალურ ქსელში მორიგი კამპანია გააქტიურდა - „რუსეთი ომებს არ იწყებს, რუსეთი ომებს ამთავრებს“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8).
ანალოგიური განცხადება კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 2022 წლის 20 თებერვალს გააკეთა: "Напоминаем, что Россия на протяжении всей своей истории никогда ни на кого не нападала. И Россия, которая пережила столько войн, - это последняя страна в Европе, которая вообще хочет даже произносить слово "война" [რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი თავს არავის დასხმია - არც კი სურს წარმოთქვას სიტყვა „ომი“].აღნიშნული მტკიცება ყალბია.
სინამდვილეში, ისტორიის მანძილზე რუსეთი სხვა ქვეყანას თავს არაერთხელ დასხმია. 1500-იანი წლებიდან დღემდე ათობით მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, როცა რუსეთი სხვა ქვეყანას თავს დაესხა, მაგრამ არა თავდაცვითი მიზნებისთვის, არამედ აგრესიული იმპერიული პოლიტიკის გასატარებლად.
პოსტ-საბჭოთა პერიოდი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესია განახორციელა, სამხედრო შეჭრა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესს.
ყირიმის ანექსია 2014 წელს
2014 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, უკრაინაში საზოგადოებრივი პროტესტი დაიწო, მოთხოვნით, რომ უკრაინას პროდასავლური კურსისთვის არ გადაეხვია. უკრაინელები ასევე მოითხოვდნენ კორუფციის აღმოფხვრას, პარლამენტის როლის გაზრდასა და სხვა დემოკრატიულ რეფორმებს. გზავნილი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში ნებისმიერი არეულობა ადგილობრივი რეჟიმის დასუსტებაზეა მიმართული, დასავლური გეგმის ნაწილია, რათა ახალი რეგიონის ათვისება მოახდინონ, ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ შესახებ ცნობილი კრემლისტური კონსპირაციაა. მის თანახმად, რუსეთის მხარდამჭერი მედია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სახალხო პროტესტს, რომელიც კრემლის ინტერესებში არ შედის და პროდემოკრატიული ხასიათი აქვს, ხშირად უცხოეთიდან, უმეტესად აშშ-სა და დასავლეთიდან წაქეზებულად წარმოაჩენს.
2014 წელს საზოგადოებრივ პროტესტს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, აღმოსავლეთ უკრაინაში განგრძობადი ომი, ყირიმში არალეგიტიმური რეფერენდუმი და ყირიმის ანექსია მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით დაარღვია 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რითაც არსებულ საზღვრებში (ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ჩათვლით) უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჰქონდა აღარებული.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში - 24/02/2022
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის დილით უკრაინის საზღვრები გადალახეს, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელეს და დიდ ქალაქებთან სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყეს. ომი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამჯერად, მტკიცება, რომ რუსეთი ომებს არასოდეს იწყებს, ტყუილია და აღნიშნულის მთავარი მტკიცებულება სწორედ ის საომარი მოქმედებებია, რომლებსაც მოსკოვი ამჟამადაც უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
საბჭოთა რუსეთის პერიოდი
რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრისა და ასევე, პრეზიდენტ პუტინისა და კრემლის სხვა მაღალჩინოსნების განცხადებების გათვალისნებით, რომლითაც მრავალჯერ ხაზგასმულა, რომ „საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ის სამხედრო ინტერვენციები, რომლითაც საბჭოთა კავშირმა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ომი წარმოიწყო.
საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკაში შეჭრა და მისი სუვერენიტეტის ძალადობრივი გაუქმება
1921 წლის 12 თებერვალს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი ოპერაციები დაიწყო. მე-11 წითელმა არმიამ აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა. 13-24 თებერვლის პერიოდში შეტაკებები სხვადასხვა მიმართულებით გრძელდებოდა. 25 თებერვალს მთავრობამ თბილისი დატოვა და მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დედაქალაქი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკას) შორის დადებული ხელშეკრულებით, მოსკოვმა აღიარა საქართველოს ნეიტრალიტეტი და სუვერენიტეტი და მათ შორის, აიღო პირობა საქართველოს შინაურ საქმეებში ყოველგვარ ჩაურევლობაზე.
პოლონეთში შეჭრა
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა დღეს, რუსეთმა და გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მოაწერეს ხელი, ჰიტლერსა და სტალინს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევდა ორ ძალას გაეყოთ და დაეკავებინათ პოლონეთი. შეთანხმებით გათვალისწინებული პოლონეთის ნაწილის დასაკავებლად, 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრა.
რუსეთ-ფინეთის ომი
1939 წლის ნოემბერში, პოლონეთში შეჭრიდან მალევე, საბჭოთა კავშირი მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცით რამდენიმე ფრონტზე თავს დაესხა ფინეთს. 1940 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირი მასიური საარტილერიო დაბომბვა განახორციელა მანერჰეიმის თავდაცვით ხაზზე. 1940 წლის 12 მარტს ფინეთი იძულებული გახდა დათანხმებულიყო საბჭოთა პირობებით შეთანხმებას, რომლითაც სსრკ-ს დასავლეთ კარელია გადაეცა და ჰანკოს ნახევარკუნძულზე საზღვაო ბაზის აშენების უფლება მიეცა.
საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის დაპყრობა
1940 წელს საბჭოთა კავშირმა ულტიმატუმი წარუდგინა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, რომლითაც მათგან საბჭოთა ჯარების შეუზღუდავი რაოდენობის მიღებასა და პროსაბჭური მთავრობების დაყენებას მოითხოვდა. სამივე ქვეყანამ უარი თქვა, რის საპასუხოდაც საბჭოთა კავშირმა ქვეყნებზე კონტროლის აღება დაიწყო. მარიონეტული მთავრობები საბჭოთა კავშირში შესვლას დათანხმდნენ.
ომი იაპონიის წინააღმდეგ
მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან ნეიტრალიტეტის პაქტი გააუქმა და იაპონიის მიერ დაპყრობილ მანჯურიაში აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეიჭრა, ასევე დაეშვა იაპონიის მიერ დაპყრობილ სახალინის კუნძულზე.
უნგრეთში შეჭრა
1956 წელს საბჭოთა კავშირში მყოფ უნგრეთში, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, აჯანყებები დაიწყო, სადაც 1956 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირი შეიჭრა და განმათავისუფლებელი მოძრაობები ჩაკლა. სიკვდილით დასაჯეს ყოფილი პრემიერი იმრე ნადი.
პრაღის გაზაფხულის დასასრული
1968 წელს ჩეხოსლოვაკიამ განმათავისუფლებელი რეფორმები გაატარა. აგვისტოში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ, მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია და დაიბრუნეს სამთავრობო პოზიციები.
ავღანეთში შეჭრა
1979 წლის დეკემბერში საბჭოთა არმია ავღანეთში შეიჭრა, რათა მხარი დაეჭირა საბჭოთა კავშირის მოკავშირე მთავრობისთვის, რომელიც მუსლიმი პარტიზანების წინააღმდეგობას ებრძოდა. საბჭოთა ჯარები ქვეყანაში 1989 წლამდე დარჩნენ.
გარდა ამისა, რუსეთის ისტორია 1917 წლამდე პერიოდშიც თავდასხმითი ომების ასევე მრავალ მაგალითს იძლევა, მათ შორის ლივონიის, ჩრდილოეთის დიდი ომის, ყირიმის ომების სახით.
----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.