Facebook-მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა რუსული დეზინფორმაციული გზავნილი, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთს ნებდებიან:

„უკრაინის ბანდერული შეიარაღებული ძალები, ფრონტის სხვადასხვა პოზიციებზე იარაღს ყრიან და რუსებს გასაქცევ გზას - ჰუმანიტარული კორიდორის მიცემას სთხოვენ!..“

უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების უკანონო შეჭრის პარალელურად რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომიც გააძლიერა. მაგალითად, რუსული მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინის სამხედრო პერსონალი კრემლის საოკუპაციო ძალებს წინააღმდეგობას არ უწევენ. აღნიშნული მტკიცება უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა StopFake-მა გადაამოწმა, რომელსაც „ფაქტ-მეტრი“ მოცემული სტატიაში ეყრდნობა (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე იხილეთ Stopfake-ის მეორე სტატია).

რეალურად, უკრაინა იყენებს გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას და წინააღმდეგობას უწევს რუსულ არმიას. უკრაინის შეიარაღებული ძალები პუტინის მიერ ომის გამოცხადების მომენტიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და რუსული თავდასხმის მოგერიებას ცდილობენ. უკრაინის ჯარებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს ხუთი რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, ააფეთქეს ორი რუსული ტანკი და რამდენიმე სამხედრო მანქანა (განახლებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე მეექვსე რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებაც იუწყება). არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის უკრაინული მხარე სიტუაციას აკონტროლებს.

უკრაინული მხარის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიუთითებს პრეზიდენტი ზელენსკის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოწოდება და ასევე სხვა განცხადებები. ამასთან, ზელენსკიმ გასცა ბრძანება, რომ თავდამსხმელებს „მაქსიმალური დანაკარგები მიაყენონ“. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ პრეზიდენტისგან (და უმაღლესი მთავარსარდლისგან) მიიღეს განკარგულება, რომ რუსული შემოჭრა შეაჩერონ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, „პირველი თავდასხმა წარუმატებელი იყო“, „არის დანაკარგები, თუმცა ამას მათი ძალების სამხედრო მზადყოფნა არ დაუზიანებია“.

ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციისა და სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და მტრის 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა“.

მოცემული ცნობები მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ დანებებულან და რუსულ ძალებისთვის წინააღმდეგობას გაწევას აგრძელებენ. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის ბანდერული შეიარაღებული ძალები, ფრონტის სხვადასხვა პოზიციებზე იარაღს ყრიან და რუსებს გასაქცევ გზას - ჰუმანიტარული კორიდორის მიცემას სთხოვენ!..“, ყალბი ამბავია. აღნიშნული რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ნარატივია.

უკრაინის თავდაცვის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამაც და განაცხადა, რომ თავდაცვას განაგრძობენ.

შენიშვნა: ინფორმაცია მოცემულია დეზინფორმაციის გავრცელებისა და სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის. ის შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს/განახლდეს.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი