სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდვაქცინებსა და მასში შემავალ გრაფენის ოქსიდზე საუბრობს. პოსტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში კოვიდვაქცინები ადამიანების გენეტიკური კოდის შესაცვლელად და მათზე კონტროლის დასამყარებლად გამოიყენება. რეალურად, პოსტში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.
მტკიცება: ვაქცინის დანიშნულება გენეტიკური კოდის შეცვლაა, რის შემდეგაც ადამიანებზე კონტროლის დამყარება იქნება შესაძლებელი
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ვაქცინა ადამიანის დნმ-ს არ ცვლის. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.
COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვირუსული ვექტორის ვაქცინაც გამოიყენება. ასეთია AstraZeneca-ს ვაქცინა. ამ შემთხვევაში, სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. კერძოდ, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან), მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება. იმუნური სისტემა COVID-19 ის წინააღმდეგ აქტიურდება და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია, ის ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაც გამოიყენეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები ტრადიციული ტექნოლოგიებით შეიქმნა (ცილოვანი ვაქცინები, ვირუსის ფრაგმენტების შემცველი ვაქცინები).
Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არცერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებს.
შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინაციის შედეგად შეცვლილი გენეტიკური კოდის მეშვეობით, ადამიანებზე მასობრივი კონტროლის დამყარებაა შესაძლებელი, ასევე ყალბი მტკიცებაა და კონსპირაციული თეორიების ნაწილს წარმოადგენს.
მტკიცება: ვაქცინაში გრაფენის ოქსიდი გენის რედაქტირებისთვის გამოიყენება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არსებული კოვიდვაქცინების შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ ფიგურირებს. გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან ელექტრონული მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს. შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ყალბი ამბავია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.