• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: NATO-მ ლიბიაში წყალსადენი მიზანმიმართულად დაბომბა და მწყობრიდან გამოიყვანა

დეზინფორმაცია: NATO-მ ლიბიაში წყალსადენი მიზანმიმართულად დაბომბა და მწყობრიდან გამოიყვანა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდმა „Politicano • პოლიტიკანო“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „2011 წელს ნატომ მიზანმიმართულად დაბომბა ეს წყალსადენი [დიდი ხელოვნური მდინარე] და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მწყობრიდან გამოიყვანა. შედეგად ლიბიის უდაბნოში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე უწყლობით იტანჯება“. „პოლიტიკანო“ წყაროებად truthout.org-სა (ულტრამემარცხენე სარედაქციო პოლიტიკის მქონე ვებგვერდი, რომელსაც მცდარი ფაქტები, დაუსაბუთებელი მტკიცებები, შეთქმულების თეორიების შემცველი სათაურები და ა.შ. ადრეც გაუვრცელებია) და humanrightsinvestigations.org-ს (ვებგვერდი აცხადებს, რომ „მეინსტრიმული“ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციების (Amnesty International, Human Rights Watch) ალტერნატივად შეიქმნა; თუმცა მისი პუბლიკაციები მის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს და პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკაზე მიუთითებს. მაგალითად, ამ უკანასკნელს ეჭვი შეჰქონდა 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ყოფნაში (იხილეთ მისი სტატიები MH17-ის ჩამოგდების, ნავალნის მოწამვლის, ყირიმის ანექსიის საქმეებზე).

 

„პოლიტიკანო“-ს Facebook-პოსტში საუბარია „დიდ ადამიანის მიერ გაკეთებულ მდინარეზე“ (Great Man-Made River, ცნობილი აბრევიატურებით GMR და GMMR), რომელიც მსოფლიოში უდიდეს საირიგაციო პროექტად მიიჩნევა. პროექტი წყლით ამარაგებს ლიბიის მოსახლეობის დიდ ნაწილს, სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიას.

2011 წელს NATO-მ ლიბიის სამოქალაქო ომში დიქტატორი მუამარ კადაფის მიერ მისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისა და თავდასხმის მუქარის აღსაკვეთად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ინტერვენციის ფარგლებში 22 ივლისს NATO-ს საჰაერო ძალებმა ბრეგას საწარმოზე, რომელიც GMR-ის პროექტისთვის მილსადენების დამამზადებელი ორი საწარმოდან ერთ-ერთი იყო, თავდასხმა განახორციელა და არა უშუალოდ მილსადენზე, როგორც ამას „პოლიტიკანო“ ამტკიცებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით NATO-ს ბრიფინგზე ოპერაცია Unified Protector-ის (2011 წელს ლიბიაში NATO-ს ოპერაციის დასახელება) სამხედრო სპიკერმა, პოლკოვნიკმა როლანდ ვალუამ, გააკეთა. მან განმარტა, რომ პროკადაფის ძალები იკავებდნენ სამოქალაქო დანიშნულების შენობებს, როგორებიცაა: საწყობები, საწარმოები და სხვ., და მათ სამხედრო ობიექტებად აქცევდა, საიდანაც თავდასხმებს ახორციელებდა. შედეგად ისინი დაცული სტატუსის მქონე ობიექტებად აღარ განიხილიბოდნენ და სამხედრო ფუნქცია ენიჭებოდათ. 

ბრიფინგზე ვალუამ განაცხადა, რომ ბრეგას რაიონში NATO-მ საჰაერო დარტყმა განახორციელა ყოფილ სამოქალაქო დაწესებულებებზე, რომლებსაც კადაფის მხარდამჭერი სამხედრო ძალები იყენებდნენ. დარტყმის მიზანი კადაფის მხარდამჭერი სამხედროებისგან მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული კორიდორის შენარჩუნება იყო. სპიკერის განცხადებით, სამიზნეები დაზვერვის ინფორმაციის გაანალიზებით წინასწარ შესწავლილი იყო. 

გარდა ამისა, ვალუამ აღნიშნა, რომ რომ NATO-ს ერთ-ერთი სამიზნე გადაკეთებული  (იგულისხმება, რომ სამოქალაქო დანიშნულებიდან ობიექტი სამხედრო დანიშნულების გახდა) ბეტონის ქარხანა იყო, საიდანაც პროკადაფის ძალები მრავალგამშვებიან სარაკეტო სისტემას (multiple rocket launcher) იყენებდნენ, რაც მოსახლეობას არაპირდაპირი (ირიბი) ცეცხლის რისკის ქვეშ აყენებდა. მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დაზვერვის სურათებიც, რომელიც ადასტურებდა, რომ GMR-ის მილსადენების დამამზადებელი ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული იყო bm-21 ტიპის რაკეტის გამშვები. 

ვალუას განცხადებით, ცხადი ინფორმაციით, პროკადაფის ძალები კვირების განმავლობაში სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ მოცემულ ქარხანას, კერძოდ, სამხედრო მასალის დასამალად, მათ შორის, მრავალგამშვებიან სარაკეტო სისტემების (multiple rocket launchers). სპიკერის თანახმად, ეს იარაღი ყოველდღიურად გამოიყენებოდა აღნიშნული ქარხნის ტერიტორიიდან. გამოყენების შემდეგ კი იარაღს გრძელ ბეტონის მილსადენებში მალავდნენ. იხილეთ NATO-ს მიერ გასაჯაროებული დაზვერვის სურათები ბრეგასთან მდებარე ბეტონის ქარხნის ტერიტორიიდან (პირველი სურათი დათარიღებულია 2011 წლის 20 ივლისით, ხოლო მეორე სურათი 23 ივლისით):

 

სწორედ აღნიშნული ბეტონის ქარხნის დაბომბვის საკითხზე საუბრობს სტატიაში humanrightsinvestigations.org, ასევე truthout.org, რომლებიც „პოლიტიკანო“-ს წყაროდ აქვს დასახელებული. გარდა ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციისა, humanrightsinvestigations.org-ის თანახმად, NATO-მ მათ კითხვებზე პასუხად დამატებით განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუცია UNSCR 1973-ის თანახმად, NATO-ს აქვს უფლება გამოიყენოს ყველა საშუალება ლიბიაში სამოქალაქო მოსახლეობის თავდასხმებისა და თავდასხმით მუქარებისგან დასაცავად. ყველა ადგილი/შენობა, რომელსაც პროკადაფის ძალები სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის ან მუქარისთვის იყენებს, NATO-სთვის ლეგიტიმური სამიზნეა. სწორედ ამიტომ, ბრეგასთან მდებარე საწარმოზე დარტყმა 22 ივლისს წარმატებულად განხორციელდა, რის შედეგადაც განადგურდა ერთი სამხედრო საწყობი და ოთხი შეიარაღებული მანქანა. 

თუმცა humanrightsinvestigations.org-ს (truthout.org, თავის მხრივ, წყაროდ humanrightsinvestigations.org-ს იყენებს) NATO-ს საჰაერო დარტყმის საჭიროებაში, მიზნობრიობაში და შედეგში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ NATO-ს კითხვების ნაწილზე პასუხი არ გაუცია. ორგანიზაციას NATO-ს დამატებითი განმარტებებიც არასაკმარისად მიაჩნია და საწარმოს დაბომბვას ომის დანაშაულად აფასებს, რომელსაც შეეძლო GMR-ის ფუნქციონირებისთვის საფრთხე შეექმნა. 

humanrightsinvestigations.org-სა და truthout.org-ის სტატიებში გაკეთებული დასკვნები NATO-ს საჰაერო ძალების მიერ ბრეგასთან მდებარე ბეტონის საწარმოს დაბომბვის ომის დანაშაულად შეფასების შესახებ უკეთეს შემთხვევაში საეჭვოა, რამდენადაც ის კადაფის რეჟიმის პროპაგანდას ემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ს კადაფის ძალების მიერ შენობის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების მტკიცებულება წარმოდგენილი აქვს, აღნიშნული ობიექტს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ აქცევდა. 

„პოლიტიკანო“ უფრო შორსაც მიდის და მის მიერვე დასახელებული წყაროებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის წერს, რომ „NATO-მ მიზანმიმართულად დაბომბა ეს წყალსადენი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი მწყობრიდან გამოიყვანა. შედეგად ლიბიის უდაბნოში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე უწყლობით იტანჯება“. ლიბიაში NATO-ს წყალსადენი არ დაუბომბავს და ამას მის მიერ დასახელებული საეჭვო წყაროებიც კი არ წერენ. 

რეალურად, NATO-მ დაბომბა ბეტონის ქარხანა, რომელიც წყალსადენისთვის მილებს ამზადებდა და რომელიც, როგორც აღინიშნა, სამხედრო იარაღის შენახვისა და დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა. სამხედრო მიზნებით გამოყენებული ადგილის დაბომბვა, საიდანაც კადაფის ძალების მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდნენ, რადიკალურად განსხვავდება წყალსადენის დაბომბვისგან, რომელსაც აპრიორი სამოქალაქო და ჰუმანიტარული დანიშნულება აქვს. 

გარდა ამისა „პოლიტიკანო“-ს გავრცელებულ ინფორმაციაში ყალბ ამბავს წარმოადგენს ის ნაწილიც, სადაც ამტკიცებს, თითქოს NATO-მ წყალსადენის დაბომბვის შედეგად ის მწყობრიდან გამოიყვანა. „პოლიტიკანო“-ს მიერ დასახელებული წყაროები აღნიშნულის რისკზე საუბრობდნენ და არა მილსადენის მწყობრიდან გამოსვლასა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უწყლოდ დატოვებაზე. ბუნებრივია, ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი (ისევე როგორც უშუალოდ ბრეგასთან მდებარე საწარმოს განადგურება) GMR-ის ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა, რაც ჰუმანიტარულ რისკს შეიცავდა და ამაზე ბევრი საუბრობდა. 

თუმცა GMR-მა ფუნქციონირება განაგრძო. მისი მუშაობის შეფერხებები ძირითადად ლიბიის მეორე სამოქალაქო ომის პერიოდის დროს მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება, რომელიც 2014 წელს დაიწყო და მასში NATO აღარ მონაწილეობდა (ასევე არის გადაუმოწმებელი ცნობები, რომ პრობლემების ნაწილი პირველი სამოქალაქო ომის დროს კადაფის ძალებისა და ანტიკადაფისტური ძალების მიერ სამხედრო მოქმედებების მიერ იყო გამოწვეული, თუმცა არა NATO-ს ძალების მიერ). 

Reuters-ი იუწყებოდა, რომ წყლის გაუმარილოების საწარმოების დიდი ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული, ასევე შეინიშნებოდა მოსახლეობის მიერ ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, ინფრასტრუქტურის გაყიდვა და/ან მისი განზრახ დაზიანება ოფიციალური პირების მხრიდან მოქალაქეთა პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით. შედეგად, ტრიპოლის ოფიციალური პირების მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლისთვის 479-დან 101 ჭაბურღილი დაზიანებული იყო და ელექტროენერგიის გათიშვები მიწოდებას საფრთხის ქვეშ აყენებდა.  

ასევე, დასავლეთ ლიბიის მილსადენების სისტემის ცენტრალური მონიტორინგის ოთახი სამხედრო მოქმედებების შედეგად (ცენტრი) 2019 წლის მაისში დაზიანდა და ინჟინრები წყლის წნევისა და ნაკადის გამოსწორებას ვერ ახერხებდნენ. ტუნისურმა კომპანიამ, რომელიც მის შეკეთებაზე მუშაობდა, სამხედრო მოქმედებების გამო ადგილი დატოვა.  ტრიპოლის ოფიციალური პირის განცხადებით, დასავლეთ ლიბიაში ყოველდღიური წყლის მიწოდება დღეში 1.2 მილიონი კუბური მეტრიდან 0.8 კუბურ მეტრამდე იყო შემცირებული საბოტაჟის, დაფინანსებისა და შესაკეთებლად საჭირო რესურსების ნაკლებობის გამო, მაშინ როდესაც მთლიანად ლიბიაში მოთხოვნა 2011 წელს 5.5 მილიონიდან 7 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო გაზრდილი. ასევე გაუარესებული იყო წყლის ხარისხი და GMR-ი მთლიანად გათიშვის საფრთხის წინაშე იდგა. 

Unicef-ის ანგარიში კი მრავალ პრობლემას შორის წყლის სისტემაზე მომუშავე პირების დატყვევებასა და აპარატურის ძარცვის შესახებ იუწყებოდა. ფაქტებზე, რომ 2011 წლის შემდგომ GMR კვლავ მუშაობდა და მწყობრიდან არ გამოსულა, თუმცა 2011 წლის მოვლენების და შემდგომი საბოტაჟების გამო საფრთხე ემუქრებოდა Reuters-სა და ტრიპოლის ოფიციალურ პირებზე ნაკლებად სანდო სხვა წყაროებიც ადასტურებენ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, 2017 წელს GMR ლიბიის მოსახლეობაში დღეში 6 მილიონ კუბურ მეტრ წყალს აწვდიდა. ასევე არის GMR-თან დაკავშირებით ბოლო ორი წლის ცნობები. მაგალითად, რომში მდებარე „საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის“ (Istituto Affari Internazionali) მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, GMR-ი 2020 წელსაც ფუნქციონირებდა, თუმცა გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2020 წლის აპრილში შეიარაღებულმა ჯგუფმა სამხრეთში მდებარე შეურიფის რეგიონში GMR-ი გათიშა, რითაც ტრიპოლის არეალში 2 მილიონი ადამიანი დატოვა წყლის გარეშე (მათ შორის 600 ათასი ბავშვი). თუმცა მალევე შეურიფის მუნიციპალიტეტმა ტრიპლოსკენ წყლის ნაკადის აღდგენის შესახებ განაცხადა. 

„საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის“ შეფასებით, ფინანსური, სამოქალაქო ომიდან გამომდინარე თუ სხვა მიზეზების გარდა, ინციდენტი მიუთითებს, რომ მთავარი პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების არარსებობაა. გაერო-ს ლიბიის ჰუმანიტარულ კოორდინატორზე დაყრდნობით, მსგავსი გათიშვის ინციდენტზე წერდა 2019 წელს reliefweb-იც. ასევე მის თანახმად, საბოტაჟის შედეგად GMR-ის დაზიანებული ჭაბურღილების რაოდენობა მკვეთრად 2018 წლიდან გაიზარდა და 366-დან 96 ჭაბურღილი, რომელიც GMR-ს კვებავდა, არ მოქმედებდა. 2021 წლის აგვისტოში კი Unicef-მა გაავრცელა ინფორმაცია GMR-ის ნაწილზე ვანდალიზმის ფაქტის შესახებ.

ამდენად, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ (1) NATO-ს მილსადენი მწყობრიდან არ გამოუყვანია, მისი დაზიანებები დიდწილად მეორე სამოქალაქო ომის პერიოდს უკავშირდება და (2) 2011 წელს მილსადენი მწყობრიდან არ გამოსულა და მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა. 

ამდენად, „პოლიტიკანოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მცდარია.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა