იტვირთება

გიორგი კირთაძე: 18 მლნ ლარია ბათუმის ბიუჯეტში ამ მიმართულებით [ავარიული სახლების დემონტაჟი, რეაბილიტაცია, მშენებლობა, გამაგრება] გამოყოფილი, თუმცა არსად წერია, რისთვის უნდა დაიხარჯოს, რომელი სახლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, სად უნდა აშენდეს, რა პირობებით და ა. შ. ანუ თანხა გამოყოფილია აქვთ, ოღონდ დახარჯვასაც კი ვერ ახერხებენ.

ვერდიქტი: გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟის პროგრამის დაფინანსების მიზნით, ჯამში 35 901 300 ლარია გამოყოფილი. კონკრეტულად ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის, გამაგრება-რეაბილიტაციისთვის 18 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროგრამული ბიუჯეტის დანართში კი არ არის მითითებული ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებდა გაერკვია, რამდენ და რომელ სახლს მოიცავს ქვეპროგრამა, რამდენი ადამიანის პრობლემა გადაიჭრება, რამდენი დაიხარჯება ერთი შენობის დემონტაჟის, მშენებლობის ან გამაგრება - რეაბილიტაციისთვის, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება სამუშაოები.

„ფაქტ-მეტრმა“ დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად წერილობით გამოითხოვა. ჩვენ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რამდენი შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟი, მშენებლობა და გამაგრება მოხდება 2022 წელს და რამდენი ოჯახი მიიღებს უსაფრთხო საცხოვრებელს. ასევე დავინტერესდით, რა მოცულობის თანხის გახარჯვა იგეგმება თითოეულ შენობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე. მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ ბათუმში ოთხმოცდათხუთმეტი ავარიული სახლია, რომლებშიც, ჯამში, 1 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. თუმცა, რომელი შენობა მოხვდება პროგრამაში, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება თითოეულ მათგანზე და რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება - ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამის შემდეგ მერიას დამატებით კითხვები გავუგზავნეთ. ადრესატმა მოგვწერა, რომ თითოეულ ბინათმესაკუთრეს წერილობით შეთანხმებას გაუგზავნიან. პროგრამაში ჩასართველად, სწორედ მათი თანხმობაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჯერაც გაურკვეველია, რამდენი ბენეფიციარი ეყოლება წელს პროგრამას. მერიამ ასევე მოგვწერა, რომ არსებული თანხა როგორც ოჯახების ქირით უზრუნველყოფისთვის, ისე ავარიული კორპუსების დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებლის მშენებლობისთვის გაიხარჯება.

აქედან გამომდინარე, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: პოლიტიკოსმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა: „18 მლნ ლარია ბათუმის ბიუჯეტში ამ მიმართულებით [ავარიული სახლების დემონტაჟი, რეაბილიტაცია, მშენებლობა, გამაგრება] გამოყოფილი, თუმცა არსად წერია, რისთვის უნდა დაიხარჯოს, რომელი სახლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, სად უნდა აშენდეს, რა პირობებით და ა. შ. ანუ თანხა გამოყოფილი აქვთ, ოღონდ დახარჯვასაც ვერ ახერხებენ.“

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია -დემონტაჟის პროგრამა ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნით ჯამში 35 901 300 ლარია გამოყოფილი. აქედან 18 მლნ ლარით კონკრეტულად ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია უნდა დაფინანსდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ბიუჯეტის დანართში (დანართი 1), თუმცა ინდიკატორები მითითებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ უცნობია, რამდენ სახლს მოიცავს ქვეპროგრამა, რამდენი ადამიანის პრობლემა გადაიჭრება, რამდენი დაიხარჯება ერთი შენობის დემონტაჟის, მშენებლობის ან გამაგრება- რეაბილიტაციისთვის.

თუმცა „ფაქტ-მეტრმა“ პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევა სცადა. ჩვენ ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. გვაინტერესებდა, კონკრეტულად რამდენი შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟი, მშენებლობა და გამაგრება იგეგმება 2022 წელს და რამდენი ოჯახი მიიღებს უსაფრთხო საცხოვრებელს. ასევე დავინტერესდით, რა მოცულობის თანხა გაიხარჯება თითოეულ შენობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე. მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ ბათუმში ოთხმოცდათხუთმეტი ავარიული სახლია, რომლებშიც, ჯამში, 1 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობებიდან, რომელი მოხვდება პროგრამაში, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება თითოეულ მათგანზე და რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება, ჯერ გარკვეული არაა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო. ოპოზიცია აცხადებდა, რომ როგორც მერი, ისე დეპუტატები ჩქარობდნენ, რათა მთავარი ფინანსური დოკუმენტი მანამდე დაემტკიცებინათ, სანამ ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბებოდა. ამისთვის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებაც კი განახორციელეს, იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მერიამ აღნიშნული პროგრამის დეტალურად, ინდიკატორების მითითებით დამუშავება ვერ მოასწრო. ამიტომ ახლა ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გახდა აუცილებელი, რასაც ვერ აკეთებენ, რადგან ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არც ერთ მხარეს არ აქვს. საკანონმდებლო ორგანო ვერ იკრიბება და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მერიამ კი ცვლილებების პროექტი სწორედ საკრებულოს უნდა წარუდგინოს.

მერიამ მოგვწერა, რომ ავარიული სახლების პროგრამის განხორციელება ამ ეტაპზე საბიუჯეტო ცვლილებებს არ საჭიროებს, - ასე უპასუხა ჩვენს დამატებით კითხვებს მერიამ. აღმასრულებელმა ორგანომ ასევე მოგვწერა, რომ პროგრამის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ბინის მესაკუთრეს წერილობითი შეთანხმების ფორმა გაეგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისინი პროგრამაში ჩაერთვებიან. მერიის ინფორმაციით, კონკრეტული სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება მოხდება არსებული ფინანსური რესურსისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება პროგრამის მთლიან ბიუჯეტს, ის გაიხარჯება როგორც სახიფათო საცხოვრებლიდან გაყვანილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფაზე, ისე ავარიული კორპუსების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე (პროექტის შესაბამისად).

ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ 18-მილიონიანი პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა და პროგრამის სხვა ინდიკატორები მერიამ შემდგომში უნდა განსაზღვროს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი