მიმდინარე წლის 9 ნოემბერს ქალაქ ბათუმის საკრებულომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომელიც „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების 64-ე მუხლს შეეხო. აღნიშნულ მუხლში საუბარია პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის ვადებზე.
ცვლილებამდე რეგლამენტით განსაზღვრული იყო კონკრეტული თარიღები. მაგალითად: პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები საკრებულოს აპარატს წერილობით ბარდებოდა არა უგვიანეს 21 ნოემბრისა, რის შემდეგაც, იმავე დღეს, გადაეცემოდა შესაბამის დარგობრივ კომისიებს. ისინი საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას დასკვნას, საკუთარ შენიშვნებთან, წინადადებებთან და რეკომენდაციებთან ერთად, წარუდგენდნენ არა უგვიანეს 23 ნოემბრისა.
საკრებულოს ფრაქციები და საკრებულოს წევრები პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ და შესაბამის დასკვნებს მიაწვდიდნენ საფინანსო კომისიას, ასევე არა უგვიანეს 23 ნოემბრისა. აღნიშნული კომისია, არა უგვიანეს 24 ნოემბრისა, გაფართოებულ სხდომას ატარებდა. დოკუმენტისა და პროექტისთვის შესაბამისი წესით კენჭისყრის შემდეგ, შემაჯამებელი დასკვნა საკრებულოს თავმჯდომარეს წარედგინებოდა არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებდა მერს, რომელიც ვალდებული იყო, იგივე ან შესწორებული ვარიანტი საკრებულოსთვის წარედგინა არა უგვიანეს 10 დეკემბრისა.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, განხილვის ვადები აღარ არის დამოკიდებული თვის კონკრეტულ რიცხვებზე. უკვე შესაძლებელია, განხილვის პროცედურები საკრებულოში პროექტის შესვლისთანავე დაიწყოს. ვადები ზოგად კონტექსტშია მოცემული.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადები მიბმული იყო კალენდარული თვის კონკრეტულ რიცხვებთან. საკრებულო მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებით, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურა უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება. ასევე საგულისხმოა განმარტებითი ბარათის ერთი ნაწილი, რომელიც გვეუბნება, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ განსაზღვრავს პროექტის განხილვისა და დამტკიცების მაქსიმალურ ვადას, ანუ აწესებს ზედა ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვადის შიგნით შესაძლებელია ნებისმიერი პროცედურის განხორციელება.
უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას ოპოზიციონერი წევრები არ ესწრებოდნენ, ისინი თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ. ამიტომ ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება ოპონენტების წინააღმდეგობის გარეშე მიიღო. სიახლემ ოპოზიციის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ მერია და 2017 წლის მოწვევის საკრებულო ცდილობენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მანამდე დაამტკიცონ, სანამ ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგება. ამ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემაში „მთავარი აჭარაში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიტიკოსმა მირდატ ქამადაძემ ისაუბრა.
მირდატ ქამადაძე: „როცა ვიმყოფებოდით სრულად ოპოზიციის წარმომადგენლობა თბილისში, ჩატარდა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც შეიტანეს რეგლამენტში ცვლილებები და ბიუჯეტის მიღების წესი გაამარტივეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში, ორ-სამ დღეში, სანამ ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბება, ბათუმის მერია აპირებს, რომ წარუდგინოს ამ ძველი მოწვევის საკრებულოს ბიუჯეტი [პროექტი] და დაამტკიცებინოს ისე, რომ ის პროცედურები, რომლებიც იყო გათვალისწინებული: საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, დაინტერესებული პირების ჩართულობა, ფრაქციების და ა. შ., არა... ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს იმიტომ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში ბათუმის [ახალი მოწვევის] საკრებულოში და შესაძლებელია, მათ როგორც სურთ, იმ კორუფციული ხასიათის ბიუჯეტი (რომელზეც ხელს ითბობენ ხოლმე) ვეღარ მიიღოს, რადგან ოპოზიცია იღებს უკვე გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი. ისინი ცდილობენ, რომ სულიკო თებიძეს და ძველი მოწვევის საკრებულოს წევრებს დაამტკიცებინონ და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები საერთოდ ამ სფეროში არ იყვნენ ჩართული.“
„ფაქტ-მეტრი“ მირდატ ქამადაძეს დაუკავშირდა. ის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ვთხოვეთ, განემარტა, რას გულისხმობდა ის „კორუფციულში“ და რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა ცდილობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულოს დამტკიცებული დატოვოს.
მირდატ ქამადაძე: „სიტყვა „კორუფციულში“ ვგულისხმობ, რომ ბიუჯეტი, არ არის მორგებული ქალაქის ინტერესზე. როგორც აქამდე ხდებოდა: საკრებულოს არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და ისე, ნოტარიულად ამოწმებინებდა. ახალი საკრებულო რატომ არ იკრიბება დღემდე? იმიტომ რომ ოპოზიცია უმრავლესობაშია. გახარიას პარტიიდან ერთის ყიდვა შეძლეს. ახლა დადიან ჩვენებთან [ენმ-ის წევრებთან], 150 ათასი ლარიდან იწყებენ საუბარს, რომ გადაიბირონ. სანამ ამ საკითხს არ მოაგვარებენ, მანამდე ვერ ნიშნავენ სხდომას, იმიტომ რომ ბიუჯეტი შემოდის და განსახილველია. უმრავლესობას რომ ვერ ქმნიან, ამიტომ შეიტანეს რეგლამენტში ცვლილება. ძველ საკრებულოს უნდა დაამტკიცებინონ მომავალი წლის ბიუჯეტი. სულიკო თებიძეს [საკრებულოს თავმჯდომარე. ის ახალი მოწვევის საკრებულოში არ იქნება] უნდა ააწევინონ ხელი და ახალი მოწვევის საკრებულომ მნიშვნელოვან პროცესში საერთოდ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მიზეზი ისაა, რომ თუ ახალი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, სამი თვის თავზე ახალი არჩევნები ინიშნება. ამის ეშინიათ.“
ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს მართლაც ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. ამის შესახებ საუბარია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლში. იქვე განმარტებულია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა, არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედის ოდენობით.
რატომ გაუჩნდა ოპოზიციას ეჭვი, რომ ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების მოსწრება უნდა და რამდენად საფუძვლიანია მათი ეჭვი, ამ კითხვებით ფაქტ-მეტრმა ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა. ჩვენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით მახარაძესა და ამავე კომისიის წევრს, ნატალია ზოიძეს ვესაუბრეთ.
დავით მახარაძე: „ამ ცვლილებებს რაც შეეხება, მხოლოდ და მხოლოდ ციფრებზეა საუბარი, 13 და 23 ნოემბერი. პირობითად, 13 რიცხვი შეიძლება დაემთხვეს უქმეს და 23 ვიცით, რომ არის გიორგობა, ბრწყინვალე დღესასწაული და გამომდინარე აქედან, ეს დისკომფორტი რომ არ იყოს, ჩართულობისთვისაც, ფრაქციები იქნება, კომისიები თუ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორები, ზუსტად ამიტომ ამოვიღეთ. როგორც ვიცი, სხვა ქალაქებში ეს კონკრეტული თარიღებიც არ არსებობს. არის მხოლოდ მითითება - ორი ან სამი დღის განმავლობაში. შემოტანა არ იცვლება, 15 ნოემბრამდე შემოიტანენ და 25 რიცხვამდე უნდა მივაწოდოთ მერს.
არსებული სამართლებრივი ბაზიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია [ბიუჯეტი ჯერ კიდევ მოქმედმა საკრებულომ დაამტკიცოს, სანამ ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგება]. ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტზე გვაქვს ნამუშევარი. რამდენჯერმე მასში ცვლილება შევიდა და წლის განმავლობაში ხდება ეს ცვლილებები. 2022 წლის ბიუჯეტში არის როგორც მიმდინარე, ისე - გარდამავალი პროექტები. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება რაღაც პროცესები ჩიხში შევიდეს, ქალაქის კეთილდღეობისა და მის შეუფერხებლად განვითარებისთვის, გარდამავალი პროექტების გაგრძელებისთვის, შესაძლებელია მოესწროს ბიუჯეტის დამტკიცება.“
ნატალია ზოიძე: „ბიუჯეტზე მუშაობა გულისხმობს მთელ რიგ პროცესებს, პრიორიტეტების დოკუმენტს, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე განხილული გვაქვს მთელი რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც ქალაქის კეთილდღეობას პირდაპირ უკავშირდება. უკვე რეკომენდაციებიც გაგზავნილი გვაქვს. ამ ცვლილებით, კონკრეტული რიცხვები არ არის შემზღუდავი.
ბიუჯეტის დამტკიცებაზე წინასწარ ლაპარაკი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ბიუჯეტს მხარდაჭერა სჭირდება. იქნება შენიშვნები ჩვენი მხრიდან. საბოლოოდ ბიუჯეტი 10 დეკემბერს დამტკიცებული უნდა იყოს. არსებული რეგლამენტით, ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულომდე ვასწრებთ დამტკიცებას.
ახალი მოწვევის საკრებულოს შეუძლია, ცვლილებები შეიტანოს ამ ბიუჯეტში. ჯერ 2022 წლის ბიუჯეტი გამოტანილიც არ არის. არ ვიცით, იქნება ის მხარდაჭერილი, თუ არ იქნება. თუმცა, თუ ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტი იქნება მიუღებელი ახალი მოწვევის საკრებულოსთვის, ყოველთვის შეუძლია ცვლილებების შეტანა.
ვფიქრობ, ოპოზიციის განცხადება არის პოპულისტური. ასეც რომ იყოს [ძველი მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი რომ დაამტკიცოს], არაფერი კანონდარღვევა ამაში არ არის. ვფიქრობ, უფრო კომფორტულია ქალაქისთვის, თუ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება მანამდე, სანამ გაირკვევა ის პერიპეტიები, რომლებიც ახლავს ახალი მოწვევის საკრებულოს. პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც ამ ბიუჯეტშია ასახული, მთლიანად ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მიმართული. იზრდება როგორც შემოსულობები, ისე ხარჯვითი ნაწილიც. გარკვეულ პროგრამებში იზრდება ბენეფიციარების რაოდენობა. აქ ვერაფერს „კორუფციულს“ ვერ ნახავთ.
რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება, ჩვენს გვერდზე ნახონ ინფორმაცია სხდომების შესახებ. იქვე დევს კომისიების სხდომების შესახებ, ბიუროების შესახებ ინფორმაცია. მათ შეუძლიათ დასწრება კომისიის, ბიუროს ფორმატშიც და საკრებულოს სხდომაზეც. მათ შესაძლებლობა აქვთ, შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინონ, კითხვები დასვან.“
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გვერდზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე გამოქვეყნებულია. მას თან ახლავს სტანდარტული დადგენილების პროექტი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც ხელს, სავარაუდოდ, სულიკო თებიძე მოაწერს, რადგან დოკუმენტის პროექტზე სწორედ მისი სახელი და გვარია მითითებული.
საინტერესოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სწორედ ახალი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ბიუჯეტზე 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის ხელმოწერაა.