მიხეილ დუნდუა: [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას] ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1.5-ჯერ უფრო ნაკლებია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრამდე, 7 თვის განმავლობაში, წლიური ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. პოლიტიკოსმა, მოცემული განცხადება ინფლაციის კრიტიკულად რთული დინამიკის ანალიზის შემდგომ, პოლიტიკური კრიტიკის პასუხად გააკეთა. სხვა შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ე.წ „ისრების გადატანა“, რაც კონტექსტის დამახინჯებას წარმოადგენს და მანიპულაციურია.
2003-2022 წლებში, ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი 2006 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ 14.5% შეადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ორნიშნა წლიური ინფლაცია, 105 თვიდან 28 თვის განმავლობაში ფიქსირდებოდა - 2005, 2006, 2007, 2008, 2010 და 2011 წლების სხვადასხვა თვეების განმავლობაში. შესაბამისად, სიმართლეს შეესაბამება პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, ყოველ მეოთხე თვეს ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა (105/28=3.8). ბუნებრივია, ინფლაციის მსგავსი ინტერპრეტაცია უტრირების ელემენტებს შეიცავს, თუმცა, 2004-2012 წლების განმავლობაში, 9 წლიდან 6 წლის მანძილზე, ორნიშნა ინფლაცია წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც დაფიქსირდა, რაც მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული იყო.
მიხეილ დუნდუა, ციტატის ნაწილში, სადაც აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 1.5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში, საშუალო წლიური ინფლაციების გასაშუალოებულ მაჩვენებელს - 2004-2012 და 2013-2021 წლებში, გულისხმობს. 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია საშუალოდ 6.5% იყო, რაც 2013-2021 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს (4.1%) 1.59-ჯერ აღემატება. აღნიშნულ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეა.
ანალიზი:
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა: „[„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას] ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია, საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში“. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსმა, მოცემული განცხადება ინფლაციის კრიტიკულად რთული დინამიკის ანალიზის შემდგომ, პოლიტიკური კრიტიკის პასუხად გააკეთა. სხვა შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ე.წ „ისრების გადატანა“, რაც კონტექსტის დამახინჯებას წარმოადგენს და მანიპულაციურია.
დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება სამომხმარებლო, მწარმოებელთა და ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსები. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრამდე, 7 თვის განმავლობაში, წლიური ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. წლიური ინფლაცია, კონკრეტული თვის შემთხვევაში, აჩვენებს, თუ რამდენად გაძვირდა ფასები კონკრეტული წლის კონკრეტულ თვეს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ხოლო თვიური ინფლაცია ასახავს, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე რამდენად გაიზარდა. 2022 წლის იანვარში, თვიურმა ინფლაციამ, ანუ ფასების ზრდამ 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 1.1% შეადგინა.
2003-2022 წლებში, ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი 2006 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ 14.5% შეადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ორნიშნა წლიური ინფლაცია, 105 თვიდან 28 თვის განმავლობაში, ფიქსირდებოდა. კერძოდ, 2005 წელს 1 თვის განმავლობაში, 2006 წელს 6 თვის განმავლობაში, 2007 წელს 5 თვის განმავლობაში, 2008 წელს 8 თვის განმავლობაში, 2010 წელს ორი თვის განმავლობაში და 2011 წელს 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, სიმართლეს შეესაბამება პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, ყოველ მეოთხე თვეს ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა (105/28=3.8). 2004-2012 წლების განმავლობაში, 9 წლიდან 6 წლის განმავლობაში, ორნიშნა წლიური ინფლაცია მინიმუმ ერთხელ მაინც დაფიქსირდა, რაც მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული იყო.
გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია 2003-2022 წლებში, პროცენტული ცვლილება
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინფლაციას მრავალი სხვადასხვა ხასიათის ფაქტორი განაპირობებს, ფაქტორების მრავალფეროვნება მოიცავს მაგალითად დაკრედიტების ზრდას, ცუდ მოსავალ წლის განმავლობაში, აქციზის ზრდას კონკრეტულ წელს, სუბსიდირების ეფექტს, საერთაშორისო კრიზისებს, ომებს, პანდემიებს და ა.შ. მათ შორის, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდაც, რაც 2004-2012 წლებში ფიქსირდებოდა, ინფლაციის წამახალისებელი ერთ-ერთი მიზეზია. ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პანდემიასთან მოუწია გამკლავება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ომთან და საერთაშორისო ფინანსურ კრიზისთან. ათწლეულების განმავლობაში ინფლაციის მიზეზების ანალიზი ფუნდამენტურ კვლევას მოითხოვს. თუმცა, მიზეზთა მიუხედავად, მაღალი, განსაკუთრებით კი ორნიშნა ინფლაცია მოსახლეობისთვის კრიტიკული პრობლემაა და შედარების თვალსაზრისით, ცხადია რომ 2004-2012 წლებში, ინფლაცია უფრო პრობლემატური იყო, ვიდრე 2013-2021 წლებში.
2004-2012 წლებში, ჯამურმა ინფლაციამ დაახლოებით 68% შეადგინა, ხოლო 2013-2021 წლებში - 51%, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, „ქართული ოცნების“ პერიოდთან შედარებით, ფასები დაახლოებით 1.3-ჯერ მეტად გაიზარდა. 2021 წლის საშუალო ფასების დონე, 2012 წლის საშუალო ფასების დონესთან შედარებით 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2012 წლის საშუალო ფასების დონე, 2003 წლის საშუალო ფასების დონესთან შედარებით - 75.8%-ით. აღნიშნული მონაცემით, „ქართული ოცნების“ პერიოდთან შედარებით, 2003-2012 წლებში, ინფლაცია დაახლოებით 1.8-ჯერ მეტი იყო.
ცხრილი 1: წლიური და საშუალო წლიური ინფლაცია დეკემბრის თვის მონაცემებით, 2004-2021 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიხეილ დუნდუა, ციტატის ნაწილში, სადაც აცხადებს რომ ინფლაციის მაჩვენებელი 1.5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში, გულისხმობს საშუალო წლიური ინფლაციების გასაშუალოებულ მაჩვენებელს 2004-2012 და 2013-2021 წლებში. 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია საშუალოდ იყო 6.5%, რაც 1.59-ჯერ აღემატება 2013-2021 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს (4.1%). აღნიშნულ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეა.