თეა ნოზაძე[თელმიკო]: 2021 წლის ივლისიდან ტარიფების ცვლილება არ მომხდარა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თელმიკოს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და ცვლილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ზრდა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებია.
სხვა სიტყვებით ტარიფი არა მიმდინარე პერიოდში, არამედ 1 წლის წინ გაიზარდა. თუმცა 1 წლის განმავლობაში სხვაობას ძველ და ახალ ტარიფს შორის ბიუჯეტი ფარავდა. შესაბამისად, 1 წლის წინ გაზრდილი ტარიფის გავლენა მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე, ერთწლიანი დაყოვნებით, სუბსიდიის გაუქმების შემდეგ იგრძნო.
აქედან გამომდინარე, თელმიკოს წარმომადგენლის განცხადება, რომ უშუალოდ „თელმიკოს“ ბაზარზე ყოფნის პერიოდში ტარიფი არ გაზრდილა და მსგავს აღქმას სუბსიდიის გაუქმება იწვევს, სწორია. თუმცა განცხადებაში ცხადად არ გვხვდება მითითება 2021 წელს ტარიფის ზრდის შესახებ. შესაბამისად, თეა ნოზაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
კომპანია „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობას ტარიფის ზრდის განცდა აქვს.
„ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან. აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის შთაბეჭდილებას[ტარიფის ზრდის]“,- ამბობს ის.
ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო აბონენტებსაც შეეხო. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც განხორციელდა.
„თელმიკოს“ შემთხვევაში (თბილისში), იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში 101 კვტ.სთ-ს ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ მომხმარებლისთვის - 18.556 თეთრიდან 22.053-თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტარიფი 23.040 თეთრიდან 26.537 თეთრამდე გაიზარდა. ზრდამ თითოეულ შემთხვევაში 3.5 თეთრი შეადგინა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში (რეგიონებში), 101 კვტ.სთ-მდე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ-ს შემთხვევაში - 18.213 თეთრიდან 21.707 თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 22.733 თეთრიდან 26.227 თეთრამდე გაიზარდა. „ენერგო-პროს“ შემთხვევაში, თითოეული ტიპის აბონენტისთვის ზრდამ 3.494 თეთრი შეადგინა. ამასთან, კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი 1კვტ.სთ-ზე 10.8 თეთრიდან 14.6 თეთრამდე გაეზარდათ.
ცხრილი 1: „ტელმიკოს“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს ჩათვლით)
წყარო: სემეკი
როგორც აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის ტარიფი წინა წელს, 2021 წლის 1 იანვარს გაიზარდა. თუმცა მთავრობამ მაშინ გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა - 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტებისთვის, თავად დაფარა. შესაბამისად, გასულ წელს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ შეხებია.
გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა, გასულ წელს მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% იმ ადგილობრივ კომპანიებსაც დაუსუბსიდირა, რომლებიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებდნენ.
მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა აღარ გრძელდება. შესაბამისად, თბილისში და რეგიონებშიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობა (301 კვტ.სთ-მდე მომხმარებლები) 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაში 3.5 თეთრით მეტს გადაიხდის. რაც შეეხება 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებს, მათ ელექტროენერგიის გადასახადი - ამავე ოდენობით, შარშანვე გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გადასახადი რეალურად, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის წინა წელს გაძვირდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შარშან მთავრობამ ტარიფის ნამატი დაასუბსიდირა, ელექტროენერგიის მომატებული ტარიფის გადახდა მოსახლეობას უკვე მიმდინარე წლის იანვრიდან მოუწია. შესაბამისად, მოსახლეობას ტარიფის ზრდის განცდა კი არ აქვს, ფაქტობრივად მათთვის ელექტროენერგიის გადასახადი მიმდინარე წლის იანვრიდან გაძვირდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე, კომუნალური ხარჯები (წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა გადასახადები) 44.8%-ით არის გაზრდილი.