1-ელ თებერვალს ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემაში კოვიდვაქცინების მოწინააღმდეგეები მიიწვია. მოგვიანებით გადაცემის ცალკეული ეპიზოდები სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
თოქ-შოუს „რეაქცია“ ერთ-ერთმა სტუმარმა ხათუნა საგინაშვილმა COVID-19-ის ვაქცინების შესახებ არაერთი ყალბი და დაუსაბუთებელი მტკიცება გააჟღერა. კერძოდ, მისი მტკიცებით „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არის ფეიქ-ვაქცინები.. ვაქცინების სარგებლიანობა არ არის მეცნიერულად დასაბუთებული, ვართ ექსპერიმენტის დონეზე, ყოველშემთხვევაში 2023 წლამდე, სანამ ვაქცინები კვლევის ყველა ფაზას არ გაივლის, არ შეგვიძლია მის ეფექტურობაზე და სარგებლიანობაზე ვიმსჯელოთ“. თოქ-შოუში ასევე გაჟღერდა მტკიცებები, თითქოს კოვიდვაქცინა არ გვიცავს და ბუსტერის შემდეგ COVID-19 -ით ინფიცირებულ ადამიანებს უფრო მძიმედ გადააქვთ დაავადება.
მტკიცება, თითქოს COVID-19-ის ვაქცინების სარგებლიანობა და ეფექტურობა არ არის მეცნიერულად დასაბუთებული და ეს არის „ფეიქ-ვაქცინები“ არის ტყუილი. პანდემიის პერიოდში მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებები, არის ერთგვარი მოწოდება, რომ არ აიცრან, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).
კოვიდვაქცინებმა კლინიკური და პრეკლინიკური კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერები ხშირად მანიპულირებენ Clinicaltrial.gov-ზე გამოქვეყნებული კვლევით, რომლის თანახმადაც, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კვლევები ახლაც მიმდინარეობს. აღნიშნული კვლევა მთლიან პოპულაციაში ვაქცინის ეფექტიანობის მონიტორინგის გულისხმობს და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვაქცინა გამოუცდელია. Pfizer-ის ვაქცინამ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე კლინიკური კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარა. მეტიც, Pfizer არის პირველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც 2021 წლის 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16 წლის ზემოთ პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიენიჭა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი (NCDC) „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, რომ „Pfizer/BioNTech ვაქცინის აღნიშნული კვლევა ეხება ახალ შტამებთან და ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ვაქცინის ეფექტურობის შეფასებას. მსგავსი სტატუსი ფაიზერზე სხვა შემთხვევებშიც შეიძლება დაიდოს. მაგალითად, ბავშვებში ქვედა ასაკობრივ ჯგუფში ან ახალ შტამთან დაკავშირებით დამატებითი კვლევისას“.
არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამჟამად დამტკიცებული და ავტორიზებული COVID-19-ის ვაქცინები ძალზედ ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ, ყველა შტამის, მათ შორის „ომიკრონის“ შემთხვევაში. ამასთან, სრულად ვაქცინირებულ პირებს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე აუცრელებს. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინა, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის - 60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. კვლევის ავტორებმა ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე გამოთვალეს 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. აღნიშნული გამოთვლებით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, COVID-19 ვაქცინაციის შედეგად მხოლოდ ევროპის რეგი ონში (33 ქვეყანაში) 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ვაქცინაციის შედეგად ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილთა რაოდენობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაციის სარგებელი კიდევ უფრო მაღალია.
იმუნიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი, უმეტეს შემთხვევაში, მსუბუქად გადააქვთ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ Pfizer-ის და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის [ბუსტერი] ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 90%-ია, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის ვარიანტების წინააღმდეგ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს ვაქცინაციის შედეგების ანალიზს. ბოლო ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყების დღიდან) 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული იყო 1 151 070 პირი, მათგან SARS-CoV-2 ლაბორატორიულად დაუდასტურდა 74 804 პირს. ამავე პერიოდში ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 661 696 შემთხვევა. 15 მარტი-31 დეკემბრის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების 7.7-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ვაქცინირებულებთან შედარებით. ამავე პერიოდში, ვაქცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 90.5%-ია, დაავადების მძიმე გართულებისგან, ანუ ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან დაცვის მაჩვენებელი კი 94.1%. 15 მარტი-31 დეკემბრის პერიოდში ვაქცინირებულ პოპულაციაში COVID-19-ით სიკვდილის 385 შემთხვევა დაფიქსირდა, იგივე პერიოდში ქვეყანაში COVID-19-ით 10 532 ადამიანი გარდაიცვალა. სრულად ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ით ლეტალობა 0.52% იყო, მაშინ როდესაც ვირუსით გამოწვეული ზოგადი ლეტალობის კოეფიციენტი 1.59%-ია. აქვე აღსანიშნავია, რომ ბუსტერ დოზის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობა იზრდება.
---------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.