მამუკა მდინარაძე: „2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ჩამოვიდა 19%-მდე“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯამში შემცირებულია. თუმცა მამუკა მდინარაძე მოსახლეობის ცხოვრების დონეზე საუბრისას, სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და რიგი ფაქტების უგულებელყოფით ცდილობს რეალობა პოზიტიურად წარმოაჩინოს.

რეალურად, კი სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევა იყო პანდემიამდეც და მოსახლეობის თითქმის მეხუთედი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. მამუკა მდინარაძე გრძელვადიანი პერიოდის ჯამურ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც იმ რეალობას ფარავს, რომ მიღწეული შედეგი ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე მოდის, შემდგომ წლებში კი აღნიშნული დადებითი ტენდენცია არ შენარჩუნებულა. მეტიც, 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა, შემდგომ პერიოდში კი ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტემპი არსებითად შენელდა. 2020 წელს კი აბსოლუტური სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით, 21.3%-მდე გაიზარდა, რაც როგორც პანდემიასთან, ასევე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან და მკაცრ შეზღუდვებთან არის პირდაპირ კავშირში.

ანალიზი

„მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარძე ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის მხრივ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს და აცხადებს, რომ „2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში იყო 30%, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ჩამოვიდა 19%-მდე“.

მამუკა მდინარაძე განცხადებისას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებზე და პანდემიამდე პერიოდზე საუბრობს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაცემული სოციალური ტრანსფერებისა, რომელმაც გარკვეულწილად სიღარიბის ზრდის ტემპი შეანელა, ერთ წელიწადში სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას.

მამუკა მდინარაძე განცხადებისას უგულებელყოფს პანდემიის პერიოდში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილის მნიშვნელოვნად ზრდას, რაც გარკვეულწილად სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული. ამასთან, ის მოსახლეობის ცხოვრების დონის მხრივ არსებულ ტენდენციასაც უგულებელყოფს. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2015 წლებში კი 8.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წელი შესაძლოა, შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელს შემცირება 2016 წლამდე პერიოდთან შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, მამუკა მდინარაძე მხოლოდ საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა და Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს, რომელიც 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ასევე უგულებელყოფს. აღნიშნული კვლევის შედეგები ოფიციალური ვერსიით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.

Unicef-ის ბოლო კვლევის თანახმად, სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, განსაკუთრებით კი - ბავშვთა სიღარიბე. 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი [1] სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს [2] სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 3: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: Unicef; მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

[1]ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება.

[2] უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი