2021 წლის 9 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი გარემოება, რომელზეც აღნიშნულ დოკუმენტშია საუბარი, წალკის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს ეხება.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზანია ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან უნდა გამომდინარეობდეს, პროპორციული და არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას უწყობდეს ხელს.

2017 წელს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფ. კიზილ-კილისაში, კოხტაში, არწივანსა და ავრანლოში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და ორი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ოთხი ტენდერი (1. SPA170005991 2. SPA170005997 3. SPA170006000 4. SPA170006141) გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერების საერთო ჯამური ღირებულება 1 022 300 ლარი შეადგენდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციაში შემსყიდველი მოითხოვდა მინიმუმ, 500,000 – 1,000,000 ლარის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილებას, კლასიფიკატორის კოდით: სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, CPV- 45200000. ზემოაღნიშნულ ოთხივე ტენდერში 5-6 კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა უმცირესი ფასის მქონე 4-5 კომპანიას, რადგან მათი გამოცდილების ნაწილი ეკუთვნოდა სხვა კლასიფიკატორის სამუშაოებს. კერძოდ, დისკვალიფიცირებულმა კომპანიებმა გამოცდილება CPV-45400000 კოდით (შენობის დასრულების სამუშაოები) წარმოადგინეს, რაც ნიშნავს, რომ მათ შესყიდვის ობიექტის ანალოგიური სამუშაოები ჰქონდათ განხორციელებული. მიუხედავად აღნიშნულისა, ოთხივე ტენდერში მაღალი ფასის წარმომდგენმა შპს „კ და გ“-მ გაიმარჯვა.

ცხრილი 1: ინფორმაცია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ (ათასი ლარი)

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ოთხივე ტენდერში შპს „კ და გ“ ერთ-ერთი მაღალი ფასის წარმდგენი კომპანია იყო. თუმცა სატენდერო კომისიამ დაბალი ფასით წარმოდგენილ დანარჩენ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც აუდიტორი მიუთითებს, კომპანიების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა 126,800 ლარის ოდენობით ეკონომიის მიღების საშუალება დაკარგა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სატენდერო კომისიის მიერ დაწესებული სატენდერო მოთხოვნები აუცილებლობიდან არ გამომდინარეობდა და მათი დაწესებით, პრეტენდენტებს შორის კონკურენცია იზღუდებოდა.

ინფორმაციისთვის: შპს „კ და გ“-ს მფლობელები გურამ და კობა გოგატიშვილები არიან. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანია 2014 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაშია რეგისტრირებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი