ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია მოხდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც „კლანისა“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, ვერ აღმოფხვრა.

რაც შეეხება უშუალოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 2013 წლიდან დღემდე, როგორც არაერთი ანგარიში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და ბოლო წლებში სასამართლოში განვითარებული მოვლენები მოწმობს, მისი დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

წლების განმავლობაში საბჭოს გაუმჭვირვალედ, ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის პირობებში მოქმედებამ, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტიანობასა და არასრულფასოვნებას არაერთხელ გაუსვა ხაზი. ეს აღნიშნულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციების დასკვნებში.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციასთან დაკავშირებით, არის ტყუილი.

ანალიზი

გასული წლის 31 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს. აღნიშნულ ფაქტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი პარტნიორებისგან, მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათ პროცესს ნაჩქარევი, არაკონკურენტული და არაგამჭვირვალე უწოდეს.

უცხოელი პარტნიორების კრიტიკას მმართველი გუნდიდან ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ასევე, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია მოხდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების შესახებ ანრი ოხანაშვილის განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობა სასამართლო სისტემის კოორდინირება და ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა. მიუხედავად 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც სასამართლო სისტემას და, უშუალოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც ეხებოდა, ხარისხიანი, პოლიტიკური ზეგავლენებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში მაინც ვერ ხერხდება. ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა კლანის არსებობა და პოლიტიკური ზეგავლენები სასამართლოზე, გადაუჭრელი რჩება, რაც მის დამოუკიდებლობას გამორიცხავს.

სასამართლო რეფორმის „პირველი ტალღის“ ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეხო მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მიზნად მის რეორგანიზაციას ისახავდა. მაგ: საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის უფლება მოსამართლეთა კონფერენციის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად იქცა; საბჭოში წევრთა არჩევისთვის დადგინდა ფარული კენჭისყრა; დადგინდა შეზღუდვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განწესებული მოსამართლეების საბჭოში არჩევაზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩებოდა პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხი. გამოწვევას წარმოადგენდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ბუნდოვანება და საჯაროობის დაბალი ხარისხი, საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, დაბალი ინკლუზიურობა, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის გაყოფილი აზრები და ა.შ.

2013 წელს ჩატარებული რეფორმის შემდეგ, საბჭოს დეპოლიტიზაციის მოტივით, მის შემადგენლობაში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობა შეიზღუდა. მიუხედავად ამისა, არამოსამართლე წევრთა არჩევის უფლება, პრაქტიკულად, შეუნარჩუნდა საპარლამენტო უმრავლესობას. „საბჭოში პირდაპირი პოლიტიკური წარმომადგენლობა აიკრძალა, კანონმდებლობით შენარჩუნდა წესი, რომელმაც, რეალურად, ერთ პოლიტიკურ ძალას - მმართველ უმრავლესობას - მისცა საშუალება, პოლიტიკური კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე, მისთვის მისაღები კანდიდატი წარედგინა საბჭოში. პროცედურის სიმარტივემ, რომელიც ერთპარტიულ დანიშვნაში მდგომარეობდა, ცხადი გახადა, რომ პარტიული/პოლიტიკური წარმომადგენლობის გაუქმება სასამართლო რეფორმის პირველი ტალღით ვერ მოხერხდა“ - ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში, რომელიც 2013-2021 წლების მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას ეხება.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ხარვეზიანი წესით საბჭოს ორი შემადგენლობა განახლდა, რამაც იმოქმედა კიდეც საბჭოს მუშაობის ხარისხსა და მართლმსაჯულების ზოგად მდგომარეობაზე. ტენდენციად იქცა პარლამენტის მიერ (უმეტეს შემთხვევაში) საბჭოში არამოსამართლე წევრებად ისეთი პირების წარდგენა, რომელთა ღირებულებები და წარსული საქმიანობა, ასევე, ხედვები მართლმსაჯულების გამოწვევების შესახებ, ან ცნობილი საერთოდ არ იყო, ან არ ქმნიდა სისტემური რეფორმის მოლოდინს.

რეფორმის „მეორე ტალღა“ 2014 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა. კონსტიტუციურმა ცვლილებებმა მოსამართლის უვადო დანიშვნის პრინციპი შემოიღო და, ამასთანავე, განსაზღვრა უვადოდ განმწესებამდე მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა გარკვეული ვადით (მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა). ამ ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებები, ძირითადად, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის სისტემის შემოღების გამო, ქვეყნის შიგნით მოქმედმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, კერძოდ კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

„მესამე ტალღას“, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ცალკეულ პოზიტიურ სიახლეებთან [1] ერთად უარყოფითი ცვლილებებიც მოჰყვა. ამ ცვლილებებმა კონკრეტული ჯგუფის - სასამართლოს მენეჯმენტში ჩართული მოსამართლეების - ძალაუფლება სისტემაში გააძლიერა. მაგალითად: საბჭოში წევრობის უფლება დაიბრუნეს სასამართლოების თავმჯდომარეებმა; 3-წლიანი გამოსაცდელი ვადისგან მხოლოდ კონკრეტული, გავლენიან მოსამართლეებად მოაზრებული ჯგუფი გათავისუფლდა; საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევა შესაძლებელი გახდა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მაშინ, როცა ძალაში შევიდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღა“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა თითქმის მთლიანად განახლდა, თუმცა შემადგენლობის განახლებას საბჭოს საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ მოჰყოლია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის 2018 წლის ანგარიშის თანახმად (რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „საიას“ მიერაა მომზადებული), 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდებოდა განსხვავებული აზრის დევნა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი გავლენების დემონსტრირება, რომელიც კანონმდებლობის ხარვეზებს, საკუთარი ძალაუფლების მთელ სასამართლო სისტემაზე გასავრცელებლად იყენებდა. „2017 წლის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობა კვლავ გაუმჭვირვალედ, ძალაუფლების კონცენტრაციისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობის პირობებში მოქმედებდა, რაც, თავის მხრივ, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტიანობასა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის სრულფასოვანი რეფორმირების შესახებ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიუთითებს“, - წერია ანგარიშში ანგარიშში.

იქვე ვკითხულობთ, რომ საბჭოს საქმიანობაში მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა საკანონმდებლო რეფორმის მიღმა დარჩენილი სხვა საკითხებიც: სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის/ გათავისუფლების გაუმჭვირვალე და თვითნებური პრაქტიკა, საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულების არარსებობა და ა.შ. დოკუმენტის თანახმად, 141 მოსამართლე თანამდებობაზე დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებების საფუძველზე დაინიშნა (მათ შორის 67 - უვადოდ).

რეფორმის კიდევ ერთი, მეოთხე ტალღის კანონპროექტები პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში მიიღო. ცვლილებები შეეხო საბჭოს შემადგენლობას, მისი საქმიანობის ზოგიერთ წესს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და საქმიანობის გამჭვირვალობას: გაფართოვდა ინტერესთა კონფლიქტისა და საბჭოს წევრის აცილების მარეგულირებელი ნორმები; საბჭოს დაუდგინდა მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება; განისაზღვრა საბჭოს ანგარიშვალდებულება მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ და ა.შ. თუმცა. „საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესი და შიდა დემოკრატიის გაძლიერება სასამართლოში, კანონპროექტს გარდამტეხი მოდიფიცირება არ შემოუთავაზებია. იგივე დარჩა ძალაუფლების განაწილების ლოგიკა და, ამდენად, თვისებრივი გაუმჯობესების მოლოდინი რეფორმის მეოთხე ეტაპს არ შეუქმნია“,- ვკითხულობთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ საიას ანგარიშში.

2020 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა გარკვეულწილად შეიცვალა. თანამდებობა დატოვეს მოსამართლე წევრებმა, რომლებიც „კლანის“ წევრებად მოიაზრებოდნენ. ვაკანტურ ადგილებზე კი ისეთი პირები დაინიშნნენ/არჩეულ იქნენ, რომლებიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან არიან აფილირებულნი. ამასთან, თანამდებობა დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ღიად უპირისპირდებოდა.

გასულ წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის 4-წლიანი ვადა ამოეწურა არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც „კლანის“ მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და ნაცნობ-მეგობრობით დანიშნულ მოსამართლეებზე მუდმივად საუბრობდა.

საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რომ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, არამედ ქვეყნის უცხოელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები მიუთითებენ. ბოლო წლებში, სხვადასხვა ანგარიშებსა თუ განცხადებებში, ისინი სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენებსა და ე.წ. „სასამართლო კლანზე“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეები მოწყვლადები არიან სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე და მიუთითებენ იმ მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომლებიც ძირითადად შეადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ახშობენ კრიტიკულ აზრს სისტემაში.

კრიტიკას ვერ უძლებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც, რომელიც სასამართლოში არსებულ კრიზისულ სიტუაციასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკაფიოდ წარმოაჩენს. განსაკუთრებულად მწვავე შეფასებები საერთაშორისო პარტნიორებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოვისმინეთ გასულ წელს, როცა მათი არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დანიშვნები, პროცესი მაინც გაგრძელდა და 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის „19 აპრილის შეთანხმების“ მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებამდე უნდა შეჩერებულიყო. მიუხედავად მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ აღნიშნული პირობა ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, სინამდვილეში, არ მომხდარა. კერძოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კონკურსის ჩატარება იყო.

აღნიშნულ ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. მათი განცხადებები პირდაპირ მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა „19 აპრილის შეთანხმების“ დარღვევა იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ახლიდან დაწყებაზე მიუთითებდა ვენეციის კომისიაც, გასული წლის 28 აპრილის ანგარიშში. ამავე ანგარიშში კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების საჭიროებაზეც საუბრობდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საბჭოს შემადგენლობა არ არის მიკერძოებისგან/პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი.

„19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული სასამართლოსთან დაკავშირებული პირობები მანამდე ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2020 წელს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში იყო ასახული. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ოდენობით სესხი უნდა მიეღო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია აღნიშნულ თემაზე).

საბოლოოდ, ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს განცხადების გაკეთება დაასწრო და სიტუაცია წარმოაჩინა ისე, თითქოს თავად განაცხადა უარი იმ დახმარების მიღებაზე, რომლის გამოყოფასაც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, არც არავინ აპირებდა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომლებმაც გარკვეული დადებითი სიახლეები მოიტანა. მიუხედავად ამისა, ცვლილებებს ისეთ მთავარ გამოწვევებზე, როგორიც „კლანი“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, განხორციელებულმა არასრულფასოვანმა რეფორმებმა სისტემაში გავლენიანი ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერა, რაც დღეისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

სასამართლოების სისტემაში არსებულ კრიზისსა და ძირეული რეფორმის საჭიროებაზე აქტიურად საუბრობენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა, როგორც მმართველი გუნდი, ისე მოსამართლეთა დიდი ნაწილი, მათი მოწოდებებს კრიტიკით პასუხობს ან საერთოდაც აიგნორებს.

რაც შეეხება უშუალოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წლების განმავლობაში მისმა გაუმჭვირვალედ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობის პირობებში მოქმედებამ და განსხვავებული აზრის აქტიურად დევნამ, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტიანობას გაუსვა ხაზი და ცხადყო, რომ საბჭოს დეპოლიტიზაცია არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ანრი ოხანაშვილის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციასთან დაკავშირებით, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი