13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ესწრებოდა. მან სასამართლოს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს ვითარება გახდა მისი სამშობლოში დაბრუნების მიზეზი. „ფაქტ-მეტრმა“ გამოსვლიდან ძირითადი განცხადებები გადაამოწმა. ქვემოთ სამი სხვადასხვა მტკიცების ანალიზს გთავაზობთ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში გაჟღერებული სხვა ფაქტების შესახებ სტატიებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.
მტკიცება N1: 2021 წლის ბოლოს ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები, დენი რომელიც ჩემს დროს ღირდა ყველაზე მეტი 11 თეთრი და განახევრებას ჰპირდებოდნენ, გახდა 26.5 თეთრი (24:00 წთ)
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
როგორც გვახსოვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდებოდა. 2006 წელს ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოხდა და ის 10 თეთრიდან საშუალოდ 15 თეთრამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება გაიზარდა, მოსახლეობამ კი ელექტროენერგიის უფრო ეკონომიკურად მოხმარება დაიწყო, რამაც განაპირობა ის, რომ საქართველომ 24-საათიან ენერგომომარაგებას მიაღწია. 2007 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 300%-ით გაიზარდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების მიხედვით, 2010 წლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის (როგორც თელასის ასევე ენერგოპროს) 11-14.9 თეთრს შორის მერყეობდა.
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება „დაევალათ“. 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2013 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2015 წლის სექტემბერში ტარიფი მცირედით კვლავ გაიზარდა (გარდა 100 კვტ/სთ-მდე მომხმარებლისა).
2016 წლის დეკემბრიდან ენერგოპროს მომხმარებლებს ტარიფი დაახლოებით 3.3 თეთრით გაეზარდათ. ტარიფის შემდგომი ზრდა უკვე 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა და აღნიშნული როგორც ენერგოპროს, ასევე თელასის აბონენტებსაც შეეხოთ.
ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ზრდა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებიათ. რეალურად, ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მოსახლეობის უმეტესობა მიმდინარე წლის იანვრიდან გადაიხდის (დაწვრილებით იხილეთ სტატია).
ცხრილი1: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2010-2021 წლებში (თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე)
წყარო:საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ელექტროენერგიის გადასახადი 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა და დღგ-ს ჩათვლით 26.5 თეთრი შეადგინა (ცხრილში ტარიფები დღგ-ის გარეშეა). თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს ტარიფი საშუალოდ 15 თეთრამდე გაიზარდა (დღგ-ს გარეშე). შესაბამისად, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფი 11 თეთრს აღემატებოდა. თუმცა შემდეგდროინდელი ზრდა მაინც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ტარიფს ბუნებრივ აირზე, განსხვავებულია ბუნებრივი აირის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფები, სამი უმსხვილესი პროვაიდერის შემთხვევაში. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი 2012-2017 წლებში არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან 5 თეთრით ტარიფის შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა, რაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. აირის ფასი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა. კორპორაციამ სადისტრიბუციო კომპანიებს ბუნებრივი აირის მისაწოდებელი ფასი შეუმცირა. 2017 წლის ივლისში გაუქმდა სუბსიდირების მემორანდუმები და აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა.
დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივი აირის გადასახადი 2021 წლის ივნისიდან გაძვირდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი შეადგინა.
ცხრილი 2: ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს გარეშე 2012-2021 წლებში
წყარო: სემეკი
რაც შეეხება წყლის გადასახადს, 2018 წლის 1 იანვრიდან, თბილისელებს, რუსთაველებსა და მცხეთელებს წყლის გადასახადი გაუძვირდათ. სემეკმა დედაქალაქში იმ აბონენტებს, ვისაც მრიცხველი უყენიათ, 1 მ3 მოხმარებულ წყალზე გადასახადი 6.3 თეთრით - 3,29 ლარამდე გაუზარდა. მათთვის კი ვინც გადასახადს სულადობით იხდის, ტარიფმა 1 სულზე - 75 თეთრით მოიმატა და 3.888 ლარს მიაღწია. კომერციული სექტორისთვის ახალი ტარიფი - 4.40 ლარს შეადგენს. მრიცხველის მქონე მცხეთელებს წყალი 12 თეთრით გაუძვირდათ, ხოლო მრიცხველის გარეშე აბონენტებს, ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული გადასახადი 1 ლარითა და 48 თეთრით გაეზარდათ (სულზე 3.888 ლარამდე).
წყლის ტარიფის შემდგომი ცვლილება 2020 წელს განხორციელდა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.171 ლარით - 0.329 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.626 ლარით - 3.892 ლარიდან 4.518 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 2.103 თეთრით - 4.400 ლარიდან 6.503 ლარამდე გაიზარდა.
ტარიფი გაიზარდა კომპანია „რუსთავის წყლის“ მომხმარებლებისთვისაც. კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.095 ლარით - 0.405 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.723 ლარით - 2.281 ლარიდან 3.004 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 0.059 ლარით - 3.644 ლარიდან 3.703 ლარამდე გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან (ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან) 2021 წლის ოქტომბრამდე, კომუნალური ხარჯები (წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა გადასახადები) 22.5%-ით არის გაზრდილი.
განხილულიდან გამომდინარე, 2020 წლის ბოლოს მოსახლეობას ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაუძვირდათ, ბუნებრივი აირის გადასახადი დედაქალაქის მოსახლეობას 2021 წლის ივნისიდან გაუძვირდა. რაც შეეხება მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, მათ ელექტროენერგიის ტარიფი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეამცირეს, 2013 წლის აპრილიდან კი კომუნალური გადასახადების ტარიფები მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირება იყო. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფი ყველაზე მეტი არა 11, არამედ 17,7 თეთრი იყო, ზრდა ამ მაჩვენებელში დრამატულად მაღალია. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
მტკიცება N2: 73 ათასზე მეტ სტუდენტს შეჩერებული აქვს სტატუსი, ეს არის 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩემს დროს. 73 ათასი სტუდენტი ვერ სწავლობს უფულობის გამო (38:20 წთ)
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
განათლების სამინისტროს ინფორმაციით (იხილეთ სტატია), 2020 წლის ბოლოსთვის, სტატუსი 73 020 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათგან 29 306 სტუდენტს - დავალიანების გამო, რაც საერთო რაოდენობის 40.1%-ია. რაც შეეხება გასულ წლებს, ნოემბრის თვის მონაცემით, 2019 წელს სტატუსი 70 239 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, ხოლო 2018 წელს - 64 898 სტუდენტს. 2013 წლიდან სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა და მათ შორის ფინანსური დავალიანების გამო სწავლაშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირია:
ცხრილი 1: სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 2013-2020 წლებში
წყარო: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
როგორც ცხრილიდან ჩანს, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, ბოლო წლების განმავლობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა დრამატული ზრდა 2018 წელს მოხდა, როცა წინა წელთან შედარებით, სატატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 19 717-ით გაიზარდა. ამავე წელს, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც გაორმაგდა. ზოგადად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც მზარდია. ეს რაოდენობა რიცხობრივად ყველაზე მეტი 2019 წელს იყო და მათმა წილმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში 42% შეადგინა, ხოლო სტატუსშეჩერებული სტუდენტების წილი ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო - 45%. როგორ აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 73 020-ია და ეს მონაცემი, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, 2013 წლის მონაცემს არა 10-ჯერ, არამედ 3.3-ჯერ აღემატება. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 29 306 სტუდენტს აქვს შეჩერებული, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო რაოდენობის 40%-ს. აღნიშნული მონაცემი კი, 2013 წლის ანალოგიურ სიდიდეს 9-ჯერ აღემატება.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
მტკიცება N3: წელს ინფლაციამ შეადგინა ისტორიული მაქსიმუმი 14%, თუმცა ეს არის დადაბლებული ფასები [გაძვირებულია საკვები პროდუქტები და მედიკამენტები] (25:00 წთ)
ვერდიქტი: მეტწილად მცდარი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩევა.
2003-2021 წლის განმავლობაში დეკემბრის წლიურმა ინფლაციამ მართლაც მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. ზოგადად, 2013 წლის დეკემბრის წლიურ ინფლაციაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1995 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია დაახლოებით 57%-ს შეადგენდა. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დეკემბერში დაფიქსირებული წლიური ინფლაცია, სხვა თვეებთან შედარებით, სტატისტიკურად უფრო ფართო ასახვას პოვებს, რადგან კონკრეტული წლის საბოლოო დინამიკას ასახავს, მხოლოდ 1 თვის ინფლაციაზე დაყრდნობით, ისტორიულ კონტექსტში, წარსული ინფლაციის დონეზე მსჯელობა მანიპულაციურია. ბუნებრივია, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია, როგორც დეკემბერში, ისევე სხვა თვეებში. 2003-2021 წლებში, 2021 წლის დეკემბერზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა 2011 წლის მაისში (14.33%) და 2006 წლის ივლისში (14.52%). შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფლაცია დღევანდელზე მძიმე იყო.
მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს რომ ზოგიერთი საქონლის ჯგუფის ან კონკრეტული საქონლის შემთხვევაში, ფასების გაძვირება ინფლაციის ზოგად მაჩვენებელზე უფრო მაღალია. მართალია რომ 2021 წლის ბოლო თვეებში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ფასების მატება ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება. 2021 წლის განმავლობაში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, მაქსიმალურმა წლიურმა ინფლაციამ, 18.4% შეადგინა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, როდესაც მიმდინარე პერიოდთან შედარებით, უფრო მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. მაგალითად, 2011 წლის მაისში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ინფლაცია 30.7% იყო, რაც 2021 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 12.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. გრაფიკზე წარმოდგენილია ზოგადი ინფლაცია და ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში.
გრაფიკი 1: წლიური ზოგადი ინფლაცია და წლიური ინფლაცია სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ინფლაციისა და იმ მძიმე ეფექტის შესახებ, რომელიც ინფლაციას რიგით მოქალაქეებზე აქვს, სიმართლის ელემენტები არის. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ ზოგადად, კრიზისულ და პოსტკრიზისულ ვითარებებს მაჩვენებლებზე თავისი დროებითი გავლენა აქვს. შესაბამისად, პანდემიის ფაქტორის იგნორირების პირობებში, ეკონომიკაში არსებული ვითარების სრულად დანახვა შეუძლებელია. მოცემული განცხადების გადამოწმებისას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის შემთხვევების გახსენებაც სწორედ ამ - კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკის საჩვენებლად გახდა საჭირო. აქედან გამომდინარე, კონტექსტის იგნორირების, ფაქტების არაზუსტი ინტერპრეტირების და მათი მხოლოდ ნაწილობრივ სიზუსტიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.