სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც კორონავირუსის შესახებ მრავალ დეზინფორმაციას შეიცავს.
მტკიცება 1: დღემდე არ არსებობს კოვიდ-19-ის ტესტი
ვერდიქტი: ტყუილი
COVID-19 ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-2-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი.
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება. ორგანიზმში ანტისხეულები სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ ჩნდება, შესაბამისად, ინფექციის საწყის ფაზაში ანტისხეულების დადგენა არ ხდება.
დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისთვის ხდება. მედიცინაში PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო.
მტკიცება 2: არის მტკიცებულება რომ „სასიკვდილო აცრა“ ანადგურებს იმუნურ სისტემას
ვერდიქტი: ტყუილი
პირველ რიგში, საჭიროა, განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადება. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმის დამცავი ბარიერია ნებისმიერი, გენეტიკურად უცხო აგენტისაგან, იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, თუ ორგანიზმში გარედან მოხვედრილი სხვა ნებისმიერი მიკროორგანიზმი. ბუნებრივია, იმუნური სისტემა, ადამიანის სხვა ორგანოების მსგავსად, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს და ვეღარ შეძლოს ორგანიზმის დაცვა და შესაბამისად, იმუნოდეფიციტი (იმუნური სისტემის დაქვეითება) განვითარდეს.
მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა ხშირად „საკუთრისა“ და „უცხოს“ გარჩევის უნარს კარგავს და თავისივე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს ებრძვის, რის შედეგადაც აუტოიმუნური დაავადებები (ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ცელიაკია და სხვა მრავალი) ყალიბდება. აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ აუტოიმუნური პროცესები ადამიანის ორგანიზმში მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ადამიანის ორგანიზმი „საკუთარ“ უჯრედებს ვეღარ ცნობს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დღემდე ვაქცინით გამოწვეული აუტოიმუნური დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაგალითად, მკვლევრებმა შეისწავლეს არის, თუ - არა ვაქცინები დაკავშირებული სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების განვითარების უფრო მაღალ ალბათობასთან. ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინის საგანმანათლებლო ცენტრმა განაცხადა, რომ „ბევრმა კვლევამ შეისწავლა მრავალი განსხვავებული ვაქცინა. დღემდე, არცერთი არ არის გამოვლენილი, როგორც აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი მიზეზი".
ასევე, შეისწავლეს ვაქცინაციასა და პირველი ტიპის დიაბეტის განვითარებას შორის კავშირი, რაც არ დადასტურდება. ასევე, კვლევები ჩატარდა HPV ვაქცინასა და სხვადასხვა აუტოიმუნურ დაავადებებს შორის კავშირის გამოსავლენად, მათ შორის გაფანტული სკლეროზისა და ლუპუსის შესახებ. ამ შემთხვევაშიც, კავშირი არ დადასტურდა. ამდენად, სამეცნიერო მტკიცებულებები აღნიშნულის მხარდასაჭერად არ არსებობს.
მტკიცება 3: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გენეტიკურ სისტემას ცვლის.
ვერდიქტი: ტყუილი
მტკიცება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გენეტიკის დამანგრეველია, ტყუილია.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.
სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა გულისხმობს ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.
იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; ბმული 2) ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე.
მტკიცება 4: კოვიდ ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსის პრინციპებს არღვევს
ვერდიქტი: ტყუილი
ნიურნბერგის კოდექსი 1947 წელს ნიურნბერგში - გერმანიაში, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს დაიწერა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში 7 ათასზე მეტ ადამიანზე სამედიცინო ექსპერიმენტები ჩაატარეს. აღნიშნული ექსპერიმენტები ისეთი მეთოდების და გზების ძიებას ემსახურებოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარისკაცების გადარჩენის შანსებს გაზრდიდა. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებზე სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა და წამალი იტესტებოდა. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის, მხარდასაჭერად ტარდებოდა. ყველა აღნიშნული ექსპერიმენტი საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი პატიმრების თანხმობის გარეშე ხორციელდებოდა. სწორედ ამ საკითხს ეხება ნიურნბერგის კოდექსი - სამედიცინო ექსპერიმენტებში ადამიანთა მოპყრობის წესს.
კოდექსის პირველი პრინციპი ამბობს, რომ კვლევებში მონაწილეობისას - ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობა, აუცილებელია. კოდექსის სხვა პრინციპების თანახმად, ექსპერიმენტი უნდა იყოს მიმართული საზოგადოების საკეთილდღეოდ, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი ზედმეტი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა ან დაზიანება და არ უნდა ჩატარდეს არანაირი ექსპერიმენტი, თუ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი ან ადამიანის სერიოზული დაზიანება. ამასთან ერთად, პრინციპების თანახმად, ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოეთიშოს ექსპერიმენტს, თუ ტანჯვას განიცდის. კვლევაზე პასუხისმგებელი მეცნიერი უნდა იყოს მზად, დაასრულოს ექსპერიმენტი, თუ მათ საფუძვლიანად მიაჩნიათ ის, რომ კვლევის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნულმა შეიძლება ადამიანის დაზიანება, დაინვალიდება ან სიკვდილი გამოიწვიოს.
Ვიდეომიმართვაში გაჟღერებულია მოსაზრება, თითქოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არღვევს ნიურნბერგის პრინციპებს. აღნიშნული მტკიცების მიუხედავად, კავშირი ნიურნბერგის კოდექსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის, სინამდვილეში არ არსებობს:
ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Full Fact - ის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების კვლევის ეტაპზე იქნებოდა რელევანტური და არა მაშინ, როცა ვაქცინა უკვე ფართო საზოგადოებას მიეწოდება. თუმცა ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უშუალოდ კვლევების ეტაპზე ვსაუბრობთ, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრეთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მკაფიოდ იმის გამოკვეთას ემსახურებოდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზირებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.
მტკიცება 5: დოქტორი ანდრეას ნოაკი აცრით გარდაიცვალა
ვერდიქტი: ტყუილი
გერმანელი ქიმიკოსს, ანდრეას ნოაკის სიკვდილთან დაკავშირებით, მრავალი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. სოციალური ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კი საუბარია ნოაკის სიკვდილთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შეთქმულების თეორიაზე, რომ ნოაკი აცრით გარდაიცვალა.
სინამდვილეში, ანდრეას ნოაკის პარტნიორის თქმით, ნოაკი გულის შეტევით გარდაიცვალა. ავსტრიის პოლიციის თანახმად, ნაოკი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ანდრეას ნოაკმა გარდაცვალებამდე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ Pfizer-ის ვაქცინა შეიცავდა პოტენციურად საშიშ მასალას, სახელწოდებით გრაფენს. თუმცა, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ Pfizer-ის ვაქცინა არ შეიცავს გრაფენის რაიმე ფორმას.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე