დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას აუწყა, რომ თბილისში 1 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე ულიმიტო სააბონენტო გადასახადი შემოდის.

5 იანვრიდან თბილისის მოსახლეობას აბონემენტების შეძენა მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ.

ულიმიტო ბარათების ტარიფები მათი გამოყენების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და რამდენიმე ტიპისაა:

ულიმიტო 90-წუთიანი - 1 ლარი;

ულიმიტო 1-დღიანი - 3 ლარი;

ულიმიტო 1-კვირიანი - 20 ლარი;

ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;

ულიმიტო 3-თვიანი - 100 ლარი;

ულიმიტო 6-თვიანი - 150 ლარი;

ულიმიტო 1-წლიანი - 250 ლარი

სააბონენტო ტარიფებმა გააჩინა ლეგიტიმური კითხვა, ძვირდება, თუ - არა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი. აღნიშნულ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა ვერ მოხერხდება. იმის მიხედვით, დღიურად რამდენჯერ იყენებს მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რა ტიპის ტრანსპორტს იყენებს და რომელი ხანგრძლივობის აბონემენტს შეიძენს, სატრანსპორტო ხარჯი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

უფრო მეტი სიცხადისთვის თითოეული სააბონენტო ტარიფი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

ულიმიტო 90-წუთიანი აბონემენტის შემთხვევაში

თუ მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი ან ავტობუსით, დღეში მხოლოდ ორჯერ მგზავრობდა, მისი დღიური სატრანსპორტო ხარჯი 1 ლარი იყო. 90-წუთიანი ულიმიტო აბონემენტის შეძენისას, მოქალაქეს სამსახურში წასვლა-წამოსვლა 2 ლარი დაუჯდება. შესაბამისად, მისთვის მგზავრობა ძვირდება და ერთი ლარის ნაცვლად 1 თებერვლიდან, დღიურად 2 ლარს გადაიხდის.

თუ მოქალაქე გადასაადგილებლად ყვითელ მიკროავტობუსს იყენებდა, მისი დღიური ხარჯი 1.6 ლარი იყო ( ტარიფი - 0.8 ლარი) ახალი ტარიფით, დღეში 2 ლარის გადახდა მოუწევს, მისთვისაც მგზავრობა 0.4 ლარით გაძვირდება.

თუ განვიხილავთ შემთხვევას, როდესაც მოქალაქე ავტობუსის ან მეტროს გარდა მიკროავტობუსითაც (ყვითელი) მგზავრობს, ანუ ყვითელ მიკროავტობუსს გადასაჯდომად იყენებს, მისი დღიური სატრანსპორტო ხარჯი 2.6 ლარია. მას მგზავრობა 0.6 ლარით გაუიაფდება.

ულიმიტო 1-თვიანი აბონემენტის შემთხვევაში

თუ მხოლოდ სამუშაო დღეებს ავიღებთ და თვეში საშუალოდ 22 სამუშაო დღეა, იმ მოქალაქეს, რომელიც სამსახურში წასასვლელად მხოლოდ მეტროს ან ავტობუსს იყენებს, მას თვეში სამგზავროდ 22 ლარი ჭირდებოდა, ერთთვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში 40 ლარის გადახდა მოუწევს. ასეთ მოქალაქეებს მგზავრობა 18 ლარით გაუძვირდებათ.

თუ მოქალაქე სამსახურში ყვითელი მიკროავტობუსით მიდიოდა, მისი თვიური ხარჯი 35.2 ლარი იყო. მასაც თვიური მგზავრობა 4.8 ლარით გაუძვირდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ავტობუსის და მეტროს გარდა ყვითელ მიკროავტობუსსაც იყენებს, მისი თვიური ხარჯი 57.2 ლარს შეადგენდა, მას მგზავრობა 17.2 ლარით გაუიაფდება.

ულიმიტო 3-თვიანი აბონემენტის შემთხვევაში

თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ სამსახურში მისასვლელად და წამოსასვლელად იყენებს, მისი სამი თვის სატრანსპორტო ხარჯი 66 ლარს შეადგენს. სამთვიანი 100-ლარიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მოქალაქეს მგზავრობა 34 ლარით უძვირდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სამსახურში ყვითელი მიკროავტობუსით მიდის და მოდის, მისი სამი თვის სატრანსპორტო ხარჯი 105.6 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მას მგზავრობა უმნიშვნელოდ - 5.6 ლარით უიაფდება.

თუ მოქალაქე დღიურად მეტროს ან ავტობუსის გარდა ყვითელ მიკროავტობუსსაც მოიხმარს, მისი სამი თვის ხარჯი 171.6 ლარია, მას სამთვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მგზავრობა მნიშვნელოვნად - 71.6 ლარით უიაფდება.

ულიმიტო 6-თვიანი აბონემენტის შემთხვევაში

თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტით (მეტროთი ან ავტობუსით) მხოლოდ სამსახურში მიდის და მოდის, მისი 6 თვის სატრანსპორტო ხარჯი 132 ლარია. 6-თვიანი 150-ლარიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მას ხარჯი 18 ლარით ეზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სამსახურში მისასვლელად და წამოსასვლელად მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებს, 6 თვის განმავლობაში მისი ხარჯი 211.2 ლარია. 6-თვიანი 150-ლარიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მისი ხარჯი 61.2 ლარით მცირდება.

თუ მოქალაქე მეტროს ან ავტობუსის გარდა ყვითელ მიკროავტობუსსაც მოიხმარს, მისი 6 თვის სატრანსპორტო ხარჯი 343.2 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მისი დანაზოგი უფრო სოლიდურია და 193.2 ლარია.

ულიმიტო 1-წლიანი აბონემენტის შემთხვევაში

თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტით (მეტროთი ან ავტობუსით) მხოლოდ სამსახურში მიდის და მოდის, მისი წლიური ხარჯი (საშუალოდ თვეში 22 სამუშაო დღე და შესაბამისად თვიური ხარჯი - 22 ლარი) დღეისთვის მოქმედი ტარიფით 264 ლარია. 250-ლარიანი წლიური აბონემენტის შეძენის შემთხვევაში ის წლიურად 14 ლარს დაზოგავს.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სამსახურში წასვლა-მოსვლისთვის მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებს, მისი წლიური ხარჯი (0.8 ლარიანი ტარიფით) 422.4 ლარია. ასეთ შემთხვევაში, მისი წლიური დანაზოგი 172.4 ლარი იქნება.

თუ მოქალაქე დღიურად ავტობუსის ან მეტროს გარდა ყვითელ მიკროავტობუსსაც იყენებს, ასეთ შემთხვევაში, მისი წლიური ხარჯი 686.4 ლარია. შესაბამისად, 250-ლარიანი წლიური აბონემენტის შეძენის შემთხვევაში მას ხარჯი საკმაოდ სოლიდურად - 436.4 ლარით უმცირდება.

განხილულიდან გამომდინარე, იმის ცალსახად თქმა, რომ ახალი სააბონენტო სისტემის შემოღებით, დედაქალაქში მგზავრობა ყველა შემთხვევაში ძვირდება, გადაჭარბებულია. როგორც მაგალითები ცხადყოფს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის იშვიათად მოსარგებლეებისთვის (დღეში ორჯერ) ტრანსპორტი ყველა აბონემენტის შეძენის შემთხვევაში ძვირდება, გარდა წლიური აბონემენტის შეძენის შემთხვევისა. ხოლო მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღეში რამდენჯერმე მგზავრობს, გარდა დღიური და თვიური აბონემენტისა, მგზავრობა ყველა შემთხვევაში უიაფდება.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 250-ლარიანი ვაუჩერის შეძენა, მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუძნელდება. კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედში“ აღნიშნა, რომ ბანკებთან მოლაპარაკებით, გადანაწილებით გადახდა იქნება შესაძლებელი.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება. უფასო მგზავრობით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, სკოლის მოსწავლეები, შსს-ს უბნის ინსპექტორები.

10-თეთრიანი ტარიფი უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული.

20 თეთრს გადაიხდიან - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლისა და ბაღების თანამშრომლები, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, პენსიონერები, საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები, სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, შეღავათიანი ტარიფით დედაქალაქში მგზავრების 53% სარგებლობს.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი