საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების მექანიზმის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე ადამიანი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული სიებში - ყოველი მესამე ადამიანი, განსხვავებული სქესის იყოს. აღსანიშნავია, რომ გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით NDI-ს მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას მხარს უჭერდა.
როგორც ვიცით, ადგილობრივ დონეზე ქალების პოლიტიკაში ჩართულობა ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი წევრები პირველად ჰყავს. ნარგიზ ალიევა და მარინა პეტროვა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ისინი „ფაქტ-მეტრთან“ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების საკუთარ ხედვებზე, გენდერული საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
რატომ გადაწყვიტეთ, მარნეულის საკრებულოს წევრი გამხდარიყავით?
ნარგიზ ალიევა: დიდი ხანია, ვმუშაობ საჯარო სექტორში, დაინტერესებული ვარ ახალგაზრდების პრობლემებით და სხვადასხვა პროექტების განხორციელებით გადავდგი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად. დღეს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რეფორმების ნაკლებობამ, ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემების ადეკვატურად გადაჭრის შეუძლებლობამ, ზოგადად, ქვეყანაში არსებულმა რთულმა ვითარებამ მაიძულა, კენჭი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მეყარა. პარტიის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, რომ მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი. ცოტა ფიქრის შემდეგ, დავთანხმდი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან თანამედროვე ისტორიაში მაჟორიტარობის კანდიდატად აზერბაიჯანელი ქალია წარდგენილი. ასევე, ვიყავი პარტიის პროპორციული სიის მესამე ნომერი. არჩევნების გაყალბებისა და არაერთი დარღვევის შედეგად, „დამამარცხეს“, როგორც მაჟორიტარი, თუმცა საკრებულოს წევრი მაინც გავხდი. ამან მომცა საშუალება, უფრო ფართო მასშტაბით მემუშავა, ყველა სოფელთან და მოქალაქესთან ერთად ვყოფილიყავი და მათი ხმა გადმომეცა.
მარინა პეტროვა: წლების განმავლობაში, აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. საარჩევნო კამპანიის პერიოდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა დროს, ვიყავი კოორდინატორი, საუბნო კომისიის წევრი და წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩემი ჩართულობის მიზეზი გახდა ის, რომ ვხედავ, ჩვენი შვილების მომავალი საფრთხეშია. როგორც დედამ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მებრძოლა ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის და ამ მოტივით შევძელი თანამოაზრე ქალების შემოკრება. შემდეგში თანამოაზრეები გავხდით თანამებრძოლები. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მქონდა შემოთავაზება, მებრძოლა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სიით. საკრებულოს წევრის მანდატით მექნება უფრო მეტი საშუალება, რომ ეს ბრძოლა გავაძლიერო და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქალი ჩავრთო.
რამდენად კარგად იცნობთ მარნეულის პრობლემებს, ამ პრობლემათაგან რომელს (რომლებს) მიიჩნევთ უმნიშვნელოვანესად?
ნარგიზ ალიევა: მარნეულში ძალიან ბევრი პრობლემაა. ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, უმუშევრობა, სპორტი, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხები, სოციალური პრობლემები, სიღარიბე, სარწყავი, სასმელი წყალი, დანგრეული გზები, შიდა გზების არქონა, სპორტული მოედნების და საბავშვო ბაღების არქონა, ზოგიერთი სკოლის საშიში და თუნდაც ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა, მარნეულის დანგრეული ცენტრალური ქუჩები, სერიოზული პრობლემაა ჩვენს სოფლებში.
მარინა პეტროვა: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მათი უუნარობიდან და სამსახურებრივი გულგრილობიდან გამომდინარე, ჩვენს მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემები დაგროვდა, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში, კორუფცია და ბოლო პერიოდში ამას დაემატა გადათხრილი ქუჩები, რაც იწვევს ქუჩების დაბინძურებას, ჰაერში არსებული მტვრის დონე ყველას ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედებს, განსაკუთრებით - ბავშვებზე. ყველა პრობლემა არის მოსაგვარებელი და თანაც - დაჩქარებული ტემპით. პირველ რიგში, გამოვყოფდი უმუშევრობას. ჩვენს თანამოქალაქეებს, გაძვირებული ცხოვრების ფონზე, უჭირთ ოჯახების რჩენა, უწევთ ემიგრაციაში წასვლა და მე როგორც მეუღლეს და როგორც დედას, მესმის იმ ადამიანების, ვისაც იძულებით უწევთ ემიგრაციაში წასვლა. ადგილობრივ დონეზე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გაასმაგებული ძალებით მუშაობა. უნდა დასრულდეს ნეპოტიზმი და კორუფცია, მოგვარდეს სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი, ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მეტი მოსავლის მიღების საშუალება უნდა მიეცეთ ჩვენს გლეხებს და ეს იქნება მეტი ფინანსური სარგებელი მათთვის და ჩვენი ბიუჯეტისთვის. სამუშაო ადგილების შესაქმნელად კი მარნეულში არსებული მთიან სოფლებში საკურორტო ზონები უნდა გაკეთდეს, უნდა განხორციელდეს კულტურული ძეგლების რესტავრაცია და ამით ტურისტების მოზიდვა. განსავითარებელია გასტრონომიული ტურიზმი და ასევე პოლიტიკური თანამდებობების პირების მიერ უნდა მოხერხდეს ინვესტორების მოძიება, პროექტების დაწერა და მათთვის გაცნობა და დაინტერესება ჩვენს რაიონში ბიზნესის წარმოების კუთხით. ამაში უნდა იხარჯებოდეს მთელი ენერგია და ფინანსები და არა ხელფასების მომატებაში, რესტორნებსა და კომფორტში.
თქვენ როგორ აპირებთ აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლას?
ნარგიზ ალიევა: მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, შევეცდები მოსახლეობის პრობლემები სათანადოდ გადმოვცე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრების გამართვა, საჩივრების მიღება, გარკვეული ინიციატივების შეძლებისდაგვარად წამოწევა პარლამენტში. გარდა ამისა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალგაზრდებსა და ქალებს მაქსიმალურად დავუჭირო მხარი.
მარინა პეტროვა: საჭიროა ნება ხელისუფლების მხრიდან, რის მზაობასაც ვერ ვხედავთ. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვაპირებთ სხდომაზე დავაყენოთ საკითხი და მოვითხოვოთ საჯარო სამსახურში გაბერილი შტატების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. დაზოგილი თანხები მოხმარდეს სოციალურად შეჭირვებულ და უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს. დაგეგმილი გვაქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით პროექტების შემუშავება და საკრებულოს სხდომაზე წარდგენა. თუ მმართველი პარტია პროექტებს მხარს დაუჭერს, ეს სასიკეთოდ აისახება მარნეულის განვითარებასა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე.
როგორც ქალი მარნეულის საკრებულოს წევრი, თვლით, თუ - არა, რომ გაქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გენდერულ საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით?
ნარგიზ ალიევა: რა თქმა უნდა. მე წარმოვადგენ აზერბაიჯანელ ქალებს და ვარღვევ იმ სტერეოტიპებს, რომ აზერბაიჯანელი ქალი სამზარეულოში უნდა იყოს. დღეს ჩვენი ქალები ძალიან აქტიურები არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ჩვენ ცოტანი ვართ პოლიტიკურ სამყაროში. ჩემი, როგორც ქალის მთავარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ჩვენს ქალებთან, დავინტერესდე მათი პრობლემებით, მხარი დავუჭირო, რომ ჩვენი ქალები იყვნენ განათლებული, აქტიური და წარმატებული პოლიტიკაში და სხვაგან.
მარინა პეტროვა: როგორც ქალ საკრებულოს წევრს, მაქვს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც, მათ შორის, გენდერულ საკითხებში. აღნიშნულ საკითხზე ფრაქციაში გვქონდა დისკუსია და გადავანაწილეთ ფუნქციები. ამჟამად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმების სწორად განხორციელებაზე, რაშიც ჩართული არიან ჩვენი პარტიის ქალი წევრები და ეს წრე აუცილებლად გაიზრდება. შევხდებით სხვა ქალებს, გავაცნობთ ჩვენს პროექტებს და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ პროცესებში ისინიც ჩავრთოთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციაში ქალთა ორგანიზაციის შექმნას ვაპირებთ.
რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური გენდერული საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტში?
ნარგიზ ალიევა: უპირველეს ყოვლისა, ქალის პასიურობა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენი გოგონების განათლების პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახში ძალადობა, ეკონომიკური თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა, იდეების მხარდაჭერის საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობები, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ნაკლებობა.
მარინა პეტროვა: პირველ რიგში, გამოვყოფდი ნაადრევ ქორწინებას და ოჯახურ ძალადობას. ამას ემატება ქალების ნაკლები ჩართულობა პოლიტიკასა და ბიზნესში. ნაადრევი ქორწინება არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, ამ დროს ქალის ნების საწინააღმდეგოდ იქმნება ოჯახი, ახალგაზრდა გოგოს არ ეძლევა განათლების მიღებისა და საზოგადოებაში დამკვიდრების საშუალება. ასეთი ქალები შემდგომში თავს დაკნინებულად გრძნობენ, მომავალში ხვდებიან, რომ ოჯახში მეუღლეებს შორის სიყვარული და პატივისცემა ქრება, ზოგ შემთხვევაში, ამას ემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა, რაც ხშირად ოჯახური ძალადობის მიზეზიც ხდება. იჩაგრება ქალი, ითმენს ამ ძალადობას და დამცირებას, რომ მეზობლების თვალში ოჯახი „არ შეარცხვინოს“. ამის მონაწილეები ბავშვებიც ხდებიან, რაც მათზე მძიმე კვალს ტოვებს. ქალები მაქსიმალურად ვიქნებით აქტიურები და სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, გავმართავთ შეხვედრებს, ავუხსნით, რომ ქალი სრულუფლებიანი მოქალაქეა და კანონი მას ისევე იცავს, როგორც კაცს.
თქვენი მოსაზრებით და გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე ქალების ადგილობრივ პოლიტიკაში მისასვლელ გზაზე?
ნარგიზ ალიევა: უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში შემორჩენილი სტერეოტიპები, საზოგადოებრივი კრიტიკა, მოსაზრებები და ა.შ. პირადად, როცა ეს გზა ავირჩიე, მე და ჩემი ოჯახი ვყოყმანობდით. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ იღებს და არ სჯერა ქალის, რომელიც არის ძლიერი, უნარიანი, შეუძლია ფეხზე დგომა და ხალხის პრობლემების გადაჭრა. ჩვენთვის პოლიტიკა კაცის ხელოვნებაა, მძიმე, ჭუჭყიანი. ვფიქრობ, ქალები შევძლებთ ამ სტერეოტიპების დანგრევას. დავამტკიცებთ, რომ ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, თუ მოინდომებენ.
მარინა პეტროვა: ამის მიზეზი არის სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემა - ნაადრევი ქორწინება, აღნიშნულის გამო ქალებს თვითშეფასება უქვეითდებათ. ასევე, მეუღლეების უმეტესობას არ სურს, მისი შვილების დედა ჩართული იყოს პოლიტიკაში. მიაჩნიათ, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ შვილების გაზრდა და ოჯახის მოვლაა. ქალებს ოჯახის მოვლაც, კარგი შვილების აღზრდაც, მათთვის განათლების მიცემაც შეგვიძლია და ქვეყნის სამსახურში ღირსეულად შრომაც, მათ შორის არის პოლიტიკაც. ზოგი თვლის, რომ პარლამენტში ან საკრებულოში ქალებს ადგილი დაგვითმეს. მათ მინდა ვუთხრა, რომ ცდებიან. არავის ადგილის დათმობა არ გვჭირდება, ქალები გამოვირჩევით დიდი შრომისუნარიანობითა და პასუხისმგებლობით. ჩვენ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას ხელს შევუწყობთ.
შენიშვნა: ჩვენ ინტერვიუს ჩაწერა მარნეულის საკრებულოს სხვა ქალ წევრებთანაც ვცადეთ, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თანამშრომლობა არ შედგა.