იტვირთება

ვახტანგ მეგრელიშვილი: მასწავლებლების არაკომპეტენტურობა (თქვენი აზრით) ეხება 10 000 ბავშვს და გამოდის, რომ ამ ბავშვებს არაკომპეტენტურ მასწავლებლებს ვუტოვებთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: განათლების სამინისტრომ სპეციალურ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ვერ ჩააბარეს, გამოცდების ჩაბარების ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაუწია. სამინისტრომ სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებსაც მისცა, რომელთაც საგნობრივი და პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი გადალახეს და ასევე მათ, ვინც მხოლოდ საგნობრივი გამოცდა ჩააბარეს.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადების საფუძველი - პრაქტიკოს მასწავლებლების (ზემოთ დასახელებული კატეგორიის) განათლების სისტემაში კვლავ დატოვების შესაძლებლობა იყო. მართალია, კონკრეტული განხილვა, სადაც მან აღნიშნული განცხადება გააჟღერა, სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის გადავადებას ეხებოდა, თუმცა განცხადების კონტექსტი, რომ განათლების სამინისტრო თავისსავე თავს ეწინააღმდეგება და მის მიერვე არაკომპეტენტურად აღიარებულ მასწავლებლებს სკოლაში ტოვებს, სიმართლეს შეესაბამება.

2021 წლის მონაცემების მიხედვით, საგნობრივი კომპეტენცია პრაქტიკოსი მასწავლებლების 54%-მა ვერ დაადასტურა, პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი კი 57.2%-მა ვერ გადალახა. შესაბამისად, ამ რაოდენობის მასწავლებლებს სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ.

ერთი მასწავლებელი სულ მცირე ორ ათეულ ბავშვს მაინც ასწავლის, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ თავის - განათლების სამინისტროს მიერვე, „არაკომპეტენტურად“ მიჩნეული მასწავლებლების ხელში ტოვებს.

აქედან გამომდინარე, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში გამარტივებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვით მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ვერ ჩააბარეს, გამოცდების ჩაბარების ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაეწიათ.

საკითხზე მსჯელობისას პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გამოცდების გადავადება გააპროტესტა და აღნიშნა: „მასწავლებლების არაკომპეტენტურობა (თქვენი აზრით) ეხება 10 000 ბავშვს და გამოდის, რომ ამ ბავშვებს არაკომპეტენტურ მასწავლებლებს ვუტოვებთ“. მან ასევე დააფიქსირა, რომ თვითონ გამოცდის საშუალებით მასწავლებლის აყვანის ან გაშვების მომხრე არ არის.

„ზოგადი განათლების“ შესახებ კანონის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით (მუხლი 21).

ცვლილებამდე, აღნიშნული კატეგორიის მასწავლებლებს, რომელნიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, კომპეტენციის დადასტურების მიზნით შესაბამისი გამოცდები 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩაებარებინათ (მუხლი 613). ცვლილების შედეგად სწორედ ამ ვადამ გადაიწია 2025 წლის 1 იანვრამდე და ამ დრომდე დასახელებული კატეგორიის მასწავლებლები სისტემაში დარჩებიან, იმის მიუხედავად, რომ კომპეტენციის დადასტურება ვერ მოახერხეს. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნულს იმით ხსნის, რომ მათი გაშვებით განათლების სისტემას ამ კატეგორიის მასწავლებლების დეფიციტი შეექმნება.

როგორც აღვნიშნეთ, სპეციალური მასწავლებლები სპეციალური საჭიროების მქონე - მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე, ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, მუშაობენ. ასეთი მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურება - მათ მიერ შესასრულებელი მოვალეობიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც საგნის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. ამ კატეგორიის მასწავლებლებს რომ კომპეტენციის დადასტურება 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეხდინათ, განათლების სამინისტროსთვის და თვითონ მასწავლებლებისთვისაც ცნობილი იყო და სიახლეს არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ის რომ გამოცდების გადავადება გახდა საჭირო, იმ საბაბით, რომ სისტემაში ამ კატეგორიის მასწავლებლების დეფიციტი არ წარმოქმნილიყო, განათლების სამინისტროს საქმიანობის გაუმართაობაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად დახარჯულ თანხებს შესაბამისი შედეგი არ მოაქვს (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

გარდა სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის გამოცდების გადავადებისა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით - მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შეაქვს ცვლილება.

ცვლილებების მიხედვით, სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეძლევათ, რომელთაც საგნობრივი და პროფესიული გამოცდა ჩააბარეს და მინიმალური ზღვარი გადალახეს და ასევე მათ, ვისაც მხოლოდ საგნობრივი გამოცდა უმაღლეს, 10 კრედიტ-ქულაზე, აქვს ჩაბარებული.

ცვლილების თანახმად, აღნიშნულ პირებს კვლავ ექნებათ შანსი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

შესაბამისად, განათლების სამინისტრო სკოლაში იმ მასწავლებლებს ტოვებს, რომელთაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს ან მხოლოდ საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს. აღნიშნული ცვლილებები მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებს, რომლის ამოცანა - თავად სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში საუკეთესო კადრების შენარჩუნების და არსებული მასწავლებლების მოტივაციის და სტატუსის ამაღლების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო, მრავალჯერადობის გამო, ერთგვარად აზრს უკარგავს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნული განცხადება სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდების გადავადების განხილვისას გააჟღერა, თუმცა განცხადების საფუძველი - სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლების, რომელთაც მინიმალური ზღვარი გადალახეს ან უნარების გამოცდა ვერ ჩააბარეს, დატოვება იყო. განცხადების კონტექსტი, რომ განათლების სამინისტრო სისტემაში მის მიერვე არაკომპეტენტურად ცნობილ მასწავლებლებს ტოვებს, სიმართლეა.

2021 წლის მონაცემების მიხედვით, საგნობრივი კომპეტენცია პრაქტიკოსი მასწავლებლების 54%-მა ვერ დაადასტურა, პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი კი 57.2%-მა ვერ გადალახა. შესაბამისად, ამ რაოდენობის მასწავლებლებს სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ.

აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მნიშვნელოვან რაოდენობას (ერთი მასწავლებელი ორ ათეულ ბავშვს მაინც ასწავლის) თავად განათლების სისტემის მიერვე „არაკომპეტენტურად“ აღიარებულ მასწავლებლებს ვანდობთ.

აქედან გამომდინარე, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სიმართლეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი