თეონა აქუბარდია: 11 მილიონი იხარჯება პედაგოგთა კვალიფიკაციაზე და მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები არის კატასტროფული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა აქუბარდიას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებაზე 10 მლნ ლარზე მეტი იხარჯება (გამონაკლისი იყო 2020წელი, როცა 9.7 მლნ დაიხარჯა). ამის მიუხედავად, 2021 წლის მონაცემებით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების 54%-მა, ხოლო უნარების გამოცდაზე, მონაწილეების - 57.2%-მა, ვერ შეძლო. დასახელებული მონაცემები იმის დასტურია, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუ აღნიშნულს იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში კიდევ რჩება მასწავლებელთა 7%, რომელთაც 11 წლის განმავლობაში პროფესიული კომპეტენციის დადასტურება ვერ შეძლეს.
აქედან გამომდინარე, თეონა აქუბარდიას განცხადება არის სიმართლე
ანალიზი
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა მიხეილ ჩხენკელს კითხვები დაუსვეს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეულ ხარჯებზე და ამის ფონზე მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „11 მილიონი იხარჯება პედაგოგთა კვალიფიკაციაზე და მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები არის კატასტროფული“,- განაცხადა მან.
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახსრები ბიუჯეტის პროგრამიდან - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 32.02.02.), გამოიყოფა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (მესამე წარდგენა) აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 10.2 მლნ ლარია. მიმდინარე წელს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად 10.3 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო გასულ წელს დასახელებული პროგრამის ხარჯმა 9.7 მლნ ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში პროგრამა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის“ გამოყოფილი თანხები შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი (მლნ ლარი)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
როგორც მონაცემებიდან ჩანს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.
რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, მასწავლებლების ხარისხზე მსჯელობის შესაძლებლობას მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები გვაძლევს. გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. გასული წლის შედეგების მიხედვით, მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა საგნობრივი და პროფესიული გამოცდების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 52 311 მასწავლებელი მუშაობს, მათ შორის მენტორი - 266, წამყვანი - 7645, უფროსი - 33 652 და პრაქტიკოსი - 3 660. შესაბამისად, სტატუსის გარეშე სწორედ პრაქტიკოსი მასწავლებლები არიან დარჩენილნი, რომელნიც მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის 7%-ს შეადგენენ.
საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7 327 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაში მონაწილეობა 5340-მა მასწავლებელმა მიიღო. მათგან, საკუთარ საგანში მინიმალური კომპეტენციის დადასტურება 2 886 მასწავლებელმა - გამოცდაზე გასულების 54%-მა, ვერ მოახერხა.
რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5 912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 4 137 გამოცხადდა, ხოლო მინიმალური ზღვარი 2 365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა, მთლიანი შემადგენლობის 57.2%-მა.
ჩვენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების წინა წლების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ. სამწუხაროდ, მათ მასწავლებელთა მხოლოდ იმ რაოდენობის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია (პდფ), რომელთაც საგნობრივი და ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენცია დაადასტურეს. არსებული მონაცემები შედარების და ტენდენციაზე მსჯელობის შესაძლებლობას არ იძლევა.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები 2010 წლიდან ხორციელდება და გამოცდების მიმდინარეობის 11 წლის თავზე განათლების სისტემაში არის მასწავლებელთა 7%, რომელთაც მინიმალური კომპეტენცია ამ წლების განმავლობაში ვერ დაადასტურეს, მათ პროფესიულ უნარებზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში 2020 წელს შესული ცვლილებით, პრაქტიკოსს მასწავლებლებს, რომელთაც 2020 წლის ზაფხულში მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა (არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო) არ მიეცათ, სკოლაში მოღვაწეობის პერიოდი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაუხანგრძლივდათ. იმ პრაქტიკოსს მასწავლებლებს, რომელთაც გამოცდაზე ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე გაეგრძელებინათ. შესაბამისად, მიმდინარე წლის მეორე სემესტრიდან მათ სკოლა უნდა დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლამდე, კანონის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელნიც 3 წლის განმავლობაში (ამ დროში 6-ჯერ შეეძლო მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა) საგნობრივი კომპეტენციის გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მათთან შრომითი ურთიერთობა უნდა გაეწყვიტა და შესაბამის პოზიციაზე ვაკანსია გამოეცხადებინა.
2017 წლიდან, მაშინდელი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის მასწავლებლებს საშუალება მიეცათ, რომ ნაწილობრივ კრედიტ ქულების და ნაწილობრივ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით სკოლაში დარჩენილიყვნენ. თუმცა ამ წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებლების ნაწილმა ესეც ვერ შეძლო.
აქედან გამომდინარე, თეონა აქუბარდიას განცხადება არის სიმართლე.
შენიშვნა: სტატიაზე მუშაობა დასრულებული გვქონდა, როდესაც განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, პრაქტიკოსს მასწავლებლებს კვლავ ეძლევათ უფლება, უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლაში, როგორც უფროსი მასწავლებლები, დასაქმდნენ.