მოირთვება, თუ - არა ახალქალაქი საახალწლოდ - ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. მუნიციპალიტეტმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე - უშედეგოდ. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 25 დეკემბერს ახალქალაქი საახალწლოდ მორთული და განათებული უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერი სტელმაშოვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში ახსენა კიდეც, რომ წელს გამოცხადებული ტენდერებისთვის გაცილებით მეტი თანხა იყო გამოყოფილი, ვიდრე წინა წლებში.

საუბარია 40 000 ლარზე, რომელიც ახალი განათებების შესყიდვასა და მომსახურებას უნდა მოხმარებოდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა პირველი ტენდერი 18 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - ი/მ ლაშა კვარაცხელიამ მიიღო. დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე, არანაკლებ 20 000 ლარის ღირებულების მსგავსი სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული. სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ ლაშა კვარაცხელიას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო და მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ამის შემდეგ, 2021 წლის 3 დეკემბერს, მუნიციპალიტეტმა, იმავე მიზნითა და უცვლელი სავარაუდო ღირებულებით, კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვით არავინ დაინტერესდა და ტენდერი არ შედგა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს ახალი ტენდერი გამოცხადებული არ აქვს. გამორიცხული არაა, რომ საახალწლო განათებები და მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს კომენტარი, რომელიც „ფაქტ-მეტრთან“ ლაშა კვარაცხელიამ გააკეთა. მისი თქმით, დისკვალიფიკაციის მიზეზი თანამშრომლის მიერ შემთხვევით დაშვებული შეცდომა გახდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო ის მეორედ გამოცხადებულ ტენდერში, გვიპასუხა, რომ დროში შეზღუდული იყო. ლაშა კვარაცხელიამ ასევე გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერია მასთან და კიდევ ორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმავე ღირებულების განათებებისა და მომსახურების მიღებას თვითმმართველობა ახლა პირდაპირი მოლაპარაკებებით ცდილობს.

ინფორმაციისთვის: ახალქალაქში 27 დეკემბერს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, საახალწლო სოფელი, კონცერტი და სხვა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი