გორში, სასამართლო პროცესები დაგვიანებით იწყება, მოსამართლეები ხშირად არ საუბრობენ გასაგებად, ეს არის იმ პრობლემათა მცირედი ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა. დასახელებული ორგანიზაცია 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, რომელმაც სასამართლოების მონიტორინგი გორიდან დაიწყო. ორგანიზაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც გორის რაიონულ სასამართლოში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მოსაზრებები „ფაქტ-მეტრს“ გაუზიარა.

თავდაპირველად გვითხარით, რამ გადაგაწყვეტინათ ამ ორგანიზაციის დაფუძნება, რა იყო ძირითადი საფუძველი?

მიმდინარე წლის ივნისის თვეში იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ამომეწურა. იმ 4 წლის განმავლობაში, რაც ეს პოზიცია მეკავა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მომიწია მუშაობა, ჩართვა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, სხვა ფორმით გამომეყენებინა, ამჟამად უკვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ გადავწყვიტე ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ სასამართლოს თემაზე იმუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი კარგი ორგანიზაციაა, რომელიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობს, ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ განსხვავებული იმით, რომ ის მხოლოდ სასამართლოს თემას ფარავს და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე ეს ორგანიზაციაც ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შეძლებს.

რატომ აირჩიეთ თავდაპირველი მონიტორინგისთვის გორის რაიონული სასამართლო?

თავდაპირველად, როდესაც ეს ორგანიზაცია დაფუძნდა, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით, მხარი USAID-ის ერთ-ერთმა დაფინანსებულმა პროექტმა „პროლოგმა“ დაგვიჭირა , რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებდა ბოლო წლების განმავლობაში. დონორთან საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ შეგვერჩია გორი. გვინდა, რომ ვნახოთ, რა ხდება რეგიონების სასამართლოებში. გადამწყვეტი იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობაც, რომ თბილისთან ახლოს ყოფილიყო. თბილისიდან თუ იქნებოდნენ მოხალისეები, მგზავრობა არ გასჭირვებოდათ. რაც მთავარია, გორი არის ძალიან დატვირთული სასამართლო, სპეციფიკური დავებით და საინტერესო ადგილია ამ თვალსაზრისითაც.

გვითხარით, როგორ მუშაობს გორის რაიონული სასამართლო, რა პრობლემები დააფიქსირეთ მონიტორინგის პერიოდში?

მონიტორინგი ოქტომბერ-ნოემბერში, 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მასშტაბური შეფასების საშუალებას ეს არ გვაძლევს, თუმცა ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით მაინც გამოიკვეთა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს დამკვირვებლებს - საერთო ჯამში, სასამართლო პროცესებიდან დადებითი შეფასება დარჩათ. მონიტორინგის პროცესი არ იძლევა საშუალებას, რომ ჩავიხედოთ ინდივიდუალურ საქმეებში, მაგრამ იმის შედეგად, რაც პროცესებზე დაკვირვებამ მოგვცა, გამოიკვეთა შემდეგი:

• სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესები გამოირჩევა,

რომელთა მხოლოდ 29% დაიწყო დროულად, ხოლო სამოქალაქო პროცესების

შემთხვევაში, დროულად სასამართლო სხდომების 50% დაიწყო;

• რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა, რომ სასამართლო პროცესზე მოსამართლეები

გასაგებად არ საუბრობდნენ, რაც მხარეებს და დამკვირვებლებს ინფორმაციის

აღქმას ურთულებდა;

• სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლეები ზოგჯერ მოკლედ

განმარტავდნენ გადაწყვეტილებებს; იყო მოსამართლის მხრიდან სწრაფად

საუბრის შემთხვევები, შესაბამისად შინაარსი რთულად იყო აღსაქმელი;

• ადმინისტრაციულ საქმეზე დაფიქსირდა, რომ მოსამართლე სხდომის გახსნისას

არ გაეცნო მხარეებს და არც მოსამართლის სახელის და გვარის აღმნიშვნელი

წარწერა იყო სხდომათა დარბაზში;

• ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ ხმამაღალ ტონალობაში და

შენობით მიმართა მხარეებს და მოწმეებს, იყენებდა ფამილიარულ მიმართვებს

(,,ხო, „კაი“; ,,კაცო“; ,,ხალხო“) და შეუსაბამო ჟესტიკულაციებს;

• სხდომათა დარბაზში ვიდეოჩანაწერის ჩვენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა

ტექნიკური პრობლემა.

მედია რამდენად აქტიური იყო გაშუქების კუთხით, რამდენად ეძლეოდათ ჟურნალისტებს სასამართლოში პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, იმ შეზღუდვების ფარგლებში, რაც მათ მიმართ არსებობს?

ჩვენ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ პროცესს ესწრებოდა მედია. საქმეები, რომლის განხილვასაც ჩვენ დავაკვირდით, არ იყო გახმაურებული, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც სხვა დანაშაულის შინაარსით, ეს იყო რიგითი საქმეები. ზოგადად, პრაქტიკიდან გამომდინარე, ჟურნალისტები, როგორც შეხვედრისას ამბობდნენ, გარკვეულ შეზღუდვებს ხვდებიან პროცესების გაშუქებისას. ჩვენი კვლევის საგანი ამ ეტაპზე მედია არ ყოფილა, თუმცა ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვაპირებთ მუშაობას.

თქვენი დაკვირვებით, როგორ შუქდება სასამართლო პროცესები ქართულ მედიასივრცეში და რა რეკომენდაციები შეგიძლიათ გააჟღეროთ მათი მისამართით?

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რასაც ვაკვირდები, მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალური მოსამართლის როლი წარმოჩინდეს. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ობიექტური შეფასება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 300-ზე მეტი მოსამართლეა საქართველოში და ძალიან ბევრი მათგანის შრომა, ხშირ შემთხვევაში, არ არის ხოლმე სათანადოდ დაფასებული. შეიძლება კარგი პრაქტიკაც ჰქონდეს, გამოირჩეოდეს ობიექტურობით, ამიტომ ინდივიდუალური მოსამართლეების წარმოჩენა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. ამას თავად მოსამართლეებიც უნდა უწყობდნენ ხელს. ზოგადად, ეს სასამართლოს ვალდებულებაცაა, ხელი შეეწყოს სასამართლო პროცესების მედიაში გაშუქებას.

სასამართლო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი აქტუალური ქვეყანაში. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ სასამართლოში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის კუთხით და თქვენი ორგანიზაცია როგორ გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა. აქ საუბარია უმეტესად საფუძვლიან რეფორმაზე. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც დაგროვდა წლების განმავლობაში. რა შედეგები იქნა მიღწეული და რა ვერ იქნა მიღწეული, რა ახალი პრობლემები წარმოიშვა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია, რეალური სასამართლო რეფორმის გატარება. დღეს ვხედავთ, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ვხედავთ, რომ შესაძლებლობები დღეს ძალიან მცირეა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არის. ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, არ უნდა გავჩერდეთ, უნდა შევისწავლოთ არსებული სიტუაცია, რაც დღეს სასამართლოშია. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გარკვეული ცვლილებები გამოვიწვიოთ.

დასასრულს, გაგვიზიარეთ, რა გეგმები გაქვთ. როგორ აპირებთ, თქვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, სასამართლოებთან თანამშრომლობას?

ეს რეკომენდაციები ჩვენ უკვე გავუზიარეთ გორის რაიონულ სასამართლოს. ანგარიშის შემდეგ მოსამართლეებსაც შევხვდით. ეს იყო კონსტრუქციული და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მათ დეტალურად იციან ამ ანგარიშის შინაარსი და ვფიქრობ, წინ არაფერი უდგას ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვას. ეს იდეა, როგორც გითხარით, საქართველოში ახალია, გარკვეულ რისკებს შეიცავდა. არ ვიცოდი, რამდენად გამოხატავდნენ ჩართულობის სურვილს და მოხალისეობა რამდენად იქნებოდა ეფექტური. გამოვაცხადეთ მოხალისეების მიღება, დაინტერესებული პირები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მათ შორის, გორელები. 15-დან უმრავლესობა გორიდან იყო. ეს ძალიან კარგია. გვინდოდა, ადგილობრივ დონეზე ხელი შეგვეწყო ამ ახალგაზრდებისთვის, დაინტერესება ყოფილიყო ასეთი ტიპის პროექტისადმი და გვიხარია, რომ ეს შედეგი დადგა.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი