მიშა ბოლქვაძე: საშიშია აქ [ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღში] ბავშვების სწავლა-განათლება. ამიტომ მიკეტილია, უკვე ერთი თვეა. ამიტომ მინდა მივმართო ახალარჩეულ მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თქვენ თუ გინდოდათ ეს თანამდებობები, ახლა სრული პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. მოახერხეთ ის, რომ ან ალტერნატიული ფართი გამოუძებნეთ ამ აღსაზრდელებს, ან მოახდინეთ აღდგენა ამ დაზიანებებისა, რომელიც აქვს ამ შენობას.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ (იმ დროს - გამგეობამ) სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღის სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2013 წელს შპს „კომპანია სოფმშენისგან“ შეისყიდა. სამშენებლო სამუშაოები კი 2015 წლის მარტში დაიწყო. პროექტი შპს „ამაგმა“ განახორციელა. არც პროექტირებისა და არც მშენებლობის ეტაპზე არ გამოვლენილა, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია. პრობლემა 2021 წლის ოქტომბრის თვეში, ძლიერი წვიმების შემდეგ, დააფიქსირეს. აღსაზრდელები ბაღიდან გაიყვანეს, თუმცა ერთ თვეზე მეტია, სხვა საბავშვო ბაღებში ვერ დაამატეს, რადგან ყველა უახლოეს დაწესებულებაში ჯგუფები შევსებულია.

მშობლები ღელავენ, ადგილობრივი თვითმმართველობა კი ალტერნატიულ ფართს ეძებს და ვერ პოულობს. როგორც „ფაქტ-მეტრს“ ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორმა უთხრა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერც მოიძიონ. ეს ნიშნავს, რომ აღსაზრდელებს საბავშვო ბაღის გარეშე ხანგრძლივი პერიოდის გატარება მოუწევთ. ხელვაჩაურში კი, ოფიციალური მონაცემებით, 350-ზე მეტი ბავშვი ისედაც საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა. საუბარია მხოლოდ რეგისტრირებულ და რიგის მომლოდინე ბავშვებზე.

ანალიზი
პოლიტიკოსმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „საშიშია აქ [ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღში] ბავშვების სწავლა-განათლება. ამიტომ მიკეტილია, უკვე ერთი თვეა. მინდა მივმართო ახალარჩეულ მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თქვენ თუ გინდოდათ ეს თანამდებობები, ახლა სრული პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. მოახერხეთ ის, რომ ან ალტერნატიული ფართი გამოუძებნეთ ამ აღსაზრდელებს, ან მოახდინეთ აღდგენა ამ დაზიანებებისა, რომელიც აქვს ამ შენობას.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ (იმ დროს - გამგეობამ) სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღის სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2013 წელს შპს „კომპანია სოფმშენისგან“ შეისყიდა (SPA130018898). მიმწოდებელმა 12 ათას ლარად, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, დოკუმენტაცია რამდენიმე ობიექტისთვის მოამზადა, მათ შორის, ჭარნალის თემის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღისთვისაც.

2015 წლის იანვარში მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ახალსოფელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 877 530 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა (SPA150001175). ტენდერში ექვსი პრეტენდენტი მონაწილეობდა. შპს „ამაგმა“ ფასი 20%-ზე მეტად გააიაფა და შემსყიდველს პროექტის განხორციელება 693 965 ლარად შესთავაზა. 2015 წლის 2 მარტს მასთან ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ცხრა თვეში უნდა დასრულებულიყო.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა განხორციელებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა თვითონ რამდენჯერმე შეამოწმა, ფარული სამუშაოების არსებულ აქტებსაც დაეყრდნო და მიიჩნია, რომ ყველაფერი პროექტთან შესაბამისად გაკეთდა. წლის ბოლოს შემსყიდველმა პროექტი ჩაიბარა. კომპანიისთვის გადახდილია, ჯამში, 692 777 ლარი.

საინტერესოა, რომ არც პროექტირებისა და არც მშენებლობის პერიოდში არ გამოთქმულა შენიშვნა, რომ ტერიტორია, შესაძლოა, მეწყერსაშიში ყოფილიყო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საბავშვო ბაღის მშენებლობას მეწყერსაშიშ ზონაში ახორციელებს. ჩვენს არქივში არის სტატია, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღს ეხება. ბაღის მშენებლობის შესყიდვაზე მერიამ პირველი ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში სამშენებლო ნაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, პროექტი შეწყდა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა, თუმცა - უშედეგოდ. შეიცვალა პროექტიც და სამშენებლო ტერიტორიაც. ბოლოს პროექტის განხორციელება 2020 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეული მოცულობის თანხა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა, რომლებიც ხარვეზებით განხორციელდა. მიუხედავად დახარჯული რესურსისა, მოსახლეობამ ადეკვატური სიკეთე ვერ მიიღო. მსგავსი გარემოებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის არაერთ ანგარიშში საუბრობს. მაგალითად, 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიაღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის მექანიზმში არსებული სისუსტეების შედეგად, მთელი რიგი სამუშაოები არასრულყოფილად განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და მომხდარს „გამჩენის ნებას“ მიაწერს. სწორედ ასე განაცხადა თავის კომენტარში მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა კახა ფუტკარაძემ. მან თქვა, რომ შენობა მეწყრული პროცესის განვითარების შედეგად დაზიანდა, ხოლო თავად მეწყრული პროცესი სად მოხდება, „გამჩენის ნებაა“. მისივე განცხადებით, სპეციალისტები შენობასა და ტერიტორიას იკვლევენ და როგორც კი ინჟინერ-კონსტრუქტორული დასკვნა დაიდება, მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გამორიცხული არაა, იმ ადგილას ბაღმა ფუნქციონირება აღარ განაგრძოს.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალსოფლის საბავშვო ბაღი 2016 წელს გაიხსნა. ტექსტში აღნიშნულია, რომ შენობა და ინვენტარი სრულად შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმავე ინფორმაციით, ბაღში 218 აღსაზრდელი ირიცხება. ანუ 180 აღსაზრდელზე გათვლილ დაწესებულებაში გაცილებით მეტი ბავშვი სწავლობდა, რადგან საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტია. აღნიშნულ თემაზე „ფაქტ-მეტრმა“ სტატია მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს 351 ბავშვმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ უადგილობის გამო, საბავშვო ბაღში ვერ ჩაირიცხა. ახალსოფლის საბავშვო ბაღშიც აღსაზრდელები რამდენიმე სოფლიდან დაჰყავდათ და მათ ტრანსპორტირებას ბაღების გაერთიანება უზრუნველყოფდა.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პრობლემა, დაახლოებით, ოქტომბერში, ძლიერი წვიმების შემდეგ შეამჩნიეს. სპეციალისტებმა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ იმ შენობაში აღსაზრდელების ყოფნა სახიფათო იყო. ბავშვები სხვა ბაღებში ჯერაც ვერ გადაანაწილეს, რადგან ყველაზე ახლომდებარე ბაღში ადგილები არ არის და ამ ეტაპზე ალტერნატიულ ფართს ეძებენ. სავარაუდოდ, ეს ამ წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, პრობლემა დაფიქსირდა ზედა ახალშენის სკოლის შენობაშიც, სადაც საბავშვო ბაღიცაა განთავსებული. საუბარია ბზარზე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სწორედ ოქტომბერში განვითარებული მეწყრული პროცესების დროს გაჩნდა. ამ ეტაპზე პრობლემა მასშტაბური არ არის, თუმცა მას სპეციალისტები სწავლობენ და მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, არის, თუ - არა სახიფათო შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი