სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „1937 წელს ჩელსი-ჩარლტონის მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა და ხილვადობა მინიმუმამდე დავიდა. ამიტომ, მსაჯმა 70-ე წუთზე გადაწყვიტა თამაში შეეჩერებინა, რაც ჩარლტონის მეკარემ სემ ბარტრემმა ვერ გაიგო და მატჩისთვის განკუთვნილი 20 წუთი მარტომ გაატარა მოედანზე“ (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5; ბმული 6). აღნიშნულ ისტორიას თან სურათიც ერთვის, რომელიც, თითქოს, მომხდარს ასახავს.
იხ. ფოტოსურათი
აღსანიშნავია, რომ იდენტური ტიპის ინფორმაცია ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ადრეც გავრცელებულა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes-ი უკვე გამოეხმაურა. Snopes-ის მიხედვით, სიმართლეა, რომ 1937 წელს, ძლიერი ნისლის გამო საფეხბურთო მატჩის შეწყვეტიდან 15 წუთის განმავლობაში მეკარე სემ ბარტრემი მოედანზე მარტო იმყოფებოდა და მას მატჩის გადადების შესახებ ინფორმაცია პოლიციელმა მიაწოდა. აღნიშნულ კურიოზს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავად ბარტრემიც იხსენებს, რაც ცნობილი სპორტული გამოცემის, ESPN-ის ამ სტატიაში მოხვდა. გამოცემის მიხედვით, 1937 წლის შობა დღეს, ლონდონში, Stamford Bridge-ზე ჩელსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩი, ძლიერი ნისლის გამო, 61-ე წუთზე შეწყდა, თუმცა ამის შესახებ ბარტრემისთვის ცნობილი ყველაზე ბოლოს გახდა. კერძოდ, მეკარე ბარტრემი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ფიქრობდა, რომ თანაგუნდელები მოწინააღმდეგის მეორე ნახევარზე თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ ნისლში მათ ვერ ამჩნევდა. თუმცა, ბოლოს ბარტრემთან პოლიციელი მივიდა, რომელმაც ფეხბურთელს აცნობა, რომ მატჩი ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო. Snopes-ის მიხედვით, 1937 წელს მომხდარ ამ კურიოზზე სხვადასხვა მედია წერდა, რაც ინფორმაციის სიზუსტეზე მეტყველებს.
რაც შეეხება სემ ბარტრემის ამ ისტორიასთან ერთად გავრცელებულ ფოტოსურათს, რომელიც, თითქოს, მომხდარ კურიოზს ასახავს, უნდა აღინიშნოს, რომ ის არა 1937 წელს, არამედ 1954 წელსაა გადაღებული. სინამდვილეში, ფოტოსურათზე არსენალის მეკარე ჯეკ კელსია გამოსახული და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ როგორც 1937 წელს, აღნიშნული მატჩიც ცუდი ხილვადობის გამო შეჩერდა, ამ შემთხვევაში, მეკარე კელსი მსგავსი გაუგებრობის გამო, მოედანზე მარტო არ დარჩენილა.
----------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.