BMG-მ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 98% რუსეთიდან შემოვიდა. უშუალოდ სტატიაში კი ვკითხულობთ: „2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 8.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი - 98%, საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რამაც 8.27 მილიონი კილოვატი შეადგინა. ელექტროენერგიის დარჩენილი 2% საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
მთლიანობაში, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და მან 1.72 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.
იმპორტის უდიდესი წილი მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რაც 1.06 მილიარდ კილოვატს შეადგენს. აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი 506 მილიონი კილოვატ საათი, თურქული ელექტროენერგიის იმპორტი კი 161 მილიონი კილოვატ საათი იყო“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული მტკიცებების სიზუსტით დაინტერესდა.
სტატიის მიზნებისთვის შეგვიძლია [1] ესკოს მონაცემებით ვისარგებლოთ და სხვადასხვა მაჩვენებელი გამოვიყენოთ. ვინაიდან, BMG-ს პოსტის კონტექსტი რუსეთზე ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში საქართველოს დამოკიდებულებას ეხება, მნიშვნელოვანია გავიგოთ, მომხმარებელს სულ რა ოდენობის ელექტროენერგია მიეწოდა. ოქტომბერში, საქართველოში მომხმარებელს ჯამში 1 148 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა. აქედან იმპორტი მხოლოდ 8.413. იყო. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის 1%-ზე ნაკლების (დაახლოებით 0.7%) იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 98% მართლაც რუსეთზე მოდის. შესაბამისად, BMG მონაცემს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე არასწორი კონტექსტით აქვეყნებს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.
უშუალოდ სტატიაში, თავად სააგენტოს მიერ მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ მთლიანად 2021 წელს განხორციელებული იმპორტის (1724 მლნ კვტსთ) მხოლოდ დაახლოებით 61% (1057 მლნ კვტსთ) მოდის რუსეთზე, რაც უკვე უფრო ნაკლები რიცხვია, ვიდრე ცალკე აღებული ოქტომბრის მონაცემი. თუმცა ამ ნაწილშიც, BMG ყურადღების მიღმა ტოვებს, იმპორტირებული ელექტროენერგიის რა წილი მიემართა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონზე. სინამდვილეში, 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული 1057 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან 923.8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია აფხაზეთში მიემართა (მთლიანად რუსეთიდან იმპორტირებული ოდენობის 87%-ზე მეტი და მთლიანი იმპორტის დაახლოებით 54%).
აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის თებერვალ-აპრილის მონაკვეთში ენგურჰესი გეგმური სარემონტო სამუშაოებისათვის იყო გაჩერებული და 3 თვის მანძილზე მხოლოდ 23.7 მლნ კვტსთ ენერგია გამოიმუშავა, მაშინ, როცა 2020 წლის ამავე პერიოდში გამომუშავებამ 391.6 მლნ კვტსთ შეადგინა. შესაბამისად, ადგილობრივი გენერაციის მნიშვნელოვანი ობიექტის გაჩერება, როგორც იმპორტის ზრდის განმაპირობებელი ერთჯერადი გავლენის მქონე ფაქტორი - იმპორტდამოკიდებულების ანალიზისას აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა.
ამგვარად, ზემოაღნიშნული მონაცემების იმგვარი კონტექსტით გავრცელება, რომ თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთზეა დამოკიდებული, მანიპულირებას წარმოადგენს და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.
[1] ცხრილში მოცემული მონაცემების ერთეული: მლნ კვტსთ. გაანგარიშება ეყრდნობა ესკოს მიერ გამოქვეყნებულ ენერგობალანსის მონაცემებს.