არჩილ თალაკვაძე: როდესაც არსებობს რისკები, ან დასაბუთებული გარემოებები, სახელმწიფოს და პენიტენციურ სამსახურს აქვს უფლება, რომ მას [სააკაშვილს] შესთავაზოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა დისტანციურად, რაზეც მან განაცხადა უარია, ანუ მან თქვა უარი სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა ამ უფლების აკრძალვა, ან ამის შეზღუდვა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: პენიტენციური სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ ბრალდებულის ტრანსპორტირება საფრთხის შემცველია, უკვე მეორედ მიუთითებს და მასზე აპელირებით მიხეილ სააკაშვილს პროცესში პირდაპირი მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის ეს არგუმენტაცია ბუნდოვანი და არათანმიმდევრულია. იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ერთხელ უკვე უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის #12 დაწესებულებიდან გლდანის #8 სამკურნალო დაწესებულებაში, გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს იმავეს ბრალდებულის სასამართლოში წარსადგენად. ასევე, საყურადღებოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგადი ხასიათის განცხადების გარდა, ამ დრომდე, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება/ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულის სხდომაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურობას დაადასტურებდა, არ გასაჯაროებულა.
პენიტენციური სამსახური მის მიერ დასახელებული პრობლემის მოგვარების და ბრალდებულისთვის უფლების რეალიზების ხელშეწყობის ნაცვლად, მუდმივად ბრალდებულის პროცესში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობაზე აპელირებს. ეს, ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდეს ბრალდებულის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას, კიდევ უფრო აღრმავებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, იმაზე აპელირება, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სასამართლოში დისტანციურ მონაწილეობაზე და საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს უკანასკნელი ზოგადად საქმის განხილვაში მონაწილეობაზე ამბობს უარს, არის პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მცდელობა.
იმ ფონზე, როცა ბრალდებულს სურს გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მსვლელობაში უშუალოდ ჩაერთოს, სახელმწიფო ან ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების რეალიზაციას ან მიზანმიმართულად უზღუდავს მას. მეტიც, ნაცვლად სახელმწიფო უწყების მიერ დასახელებული პრობლემის დროული აღმოფხვრისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებულს მოუწოდებენ, რომ თავად თქვას ამ უფლებით სარგებლობაზე უარია და სხვა ალტერნატიული საშუალება გამიყენოს.
ანალიზი:
2021 წლის 15 ნოემბერს სასამართლოში ე.წ. „პიჯაკების საქმესთან“ დაკავშირებით სხდომა გაიმართა. აღნიშნულ საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას აქვს წაყენებული. ბრალდების მხარე მათ საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის, ასევე საჯაროდ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სასამართლო სხდომის დარბაზში სააკაშვილის წარმოდგენა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს“. ასევე, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება მისი ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს.
ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი თქვა და დასძინა, რომ „შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“. საყურადღებოა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა იგივე მიზეზებით სააკაშვილი სასამართლოში მიყვანაზე უარი 10 ნოემბერს ჩანიშნული სხდომის დროსაც თქვა.
მოგვიანებით, მიხელ სააკაშვილის სასამართლოში არ გადაყვანას „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „არავითარი შერჩევითი სამართალი არ არსებობს სასამართლო სხდომებთან მიმართებაში. დისტანციურად დასწრება სხდომებზე, ეს არის კანონით დაშვებული, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაშინ, როდესაც არსებობს რისკები, ან დასაბუთებული გარემოებები, სახელმწიფოს და პენიტენციურ სამსახურს აქვს უფლება, რომ მას შესთავაზოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა დისტანციურად, რაზეც მან განაცხადა უარი, ანუ მან თქვა უარი სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა ამ უფლების აკრძალვა, ან ამის შეზღუდვა“.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის პროცესში ბრალდებულის მონაწილეობის შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული უფლებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვისას სასამართლოში მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა. ასევე, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც მხარეებს წინასწარ ეცნობება.
ზემოხსენებული კანონის დანაწესებიდან ჩანს, საქმის განხილვაში დისტანციური მონაწილეობის შესახებ შუამდგომლობა იმ მხარემ უნდა დააყენოს, რომელსაც სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. ამასთან, მსგავსი სახის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვება ის მხარე, რომელიც ასეთ შუამდგომლობას დააყენებს და ეს მეორე მხარეზე არ გავრცელდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და პირადი ექიმი აცხადებენ, ბრალდებულს (მიხეილ სააკაშვილის) სურვილი აქვს საქმის განხილვაში პირადად ჩაერთოს და სასამართლო სხდომებს ფიზიკურად დაესწროს.
რაც შეეხება ბრალდებულის სასამართლოში ტრანსპორტირების საკითხს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მიხედვით, თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი სასამართლოს აცნობოს.
სისხლის სამართლის 189-ე მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, ბრალდებულის სასამართლოში ტრანსპორტირების შეუძლებლობა, სასამართლო სხდომის დროებით გადადების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტული მიზეზით შეიძლება ბრალდებულის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა მოხდეს, თუმცა ამას არ შეიძლება, მუდმივი ხასიათი ჰქონდეს.
მოცემულ შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური უკვე მეორედ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ ბრალდებულის ტრანსპორტირება საფრთხის შემცველია და ამ განცხადებაზე აპელირებით, მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის პირდაპირ შესაძლებლობას არ აძლევს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის ეს არგუმენტაცია ბუნდოვანი და არათანმიმდევრულია. იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ერთხელ უკვე უზრუნველყო მიხელ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის #12 დაწესებულებიდან გლდანის #8 სამკურნალო დაწესებულებაში, გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს იმავეს ბრალდებულის სასამართლოში წარსადგენად. ასევე, საყურადღებოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგადი ხასიათის განცხადების გარდა, ამ დრომდე, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულის სხდომაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის მართლზომიერებას დაადასტურებდა, არ გასაჯაროებულა.
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ პენიტენციური სამსახური მის მიერ დასახელებული პრობლემის მოგვარების და ბრალდებულისთვის უფლების რეალიზების ხელშეწყობის ნაცვლად, ბრალდებულის პროცესში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობაზე, მუდმივად აპელირებს. აღნიშნული, ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ადგილი ჰქონდეს ბრალდებულის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას, კიდევ უფრო აღრმავებს.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად თქვა უარი სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა ამ უფლების აკრძალვა, ან ამის შეზღუდვა, არის ტყუილი. მიუხედავად იმისა, რომ მიხელ სააკაშვილს სურს სასამართლო პროცესში პირდაპირი მონაწილეობა, პენიტენციურმა სამსახურმა უკვე მეორედ ვერ უზრუნველყო მისი, როგორც ბრალდებულის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძის განცხადებიდანაც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ბრალდებულის უფლებების დაცვას, სასამართლო პროცესში არ მონაწილეობის გამო, თავად სააკაშვილს ადანაშაულებენ.