როგორ მიმდინარეობს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარაში, რატომ შენელდა ტემპი და რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ ეტაპზე - „ფაქტ-მეტრის“ კითხვებს აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი პასუხობს.

-როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და რამდენი ვაქცინირებულია ორივე დოზით, ერთი დოზით?

აჭარაში 354 905 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლე 270 000-ზე მეტია. თავიდან, როცა პირველად შტამები შემოვიდა, სამიზნე იყო ამ მოსახლეობის 60%-ის აცრა. არსებული მდგომარეობით, ერთი დოზით აცრილია სამიზნე ჯგუფის 70,5%, ხოლო ორი დოზით - 63,4%. ვინაიდან თვითონ დაავადებამ განიცადა ტრანსფორმაცია, მოხდა შტამების მუტაცია, კლინიკური მიმდინარეობების ხასიათი შეიცვალა, მისი ლეტალობა, დამძიმების ხარისხი, ამიტომ ამ მაჩვენებელზე ვერ გავჩერდებით და უნდა გავზარდოთ. მოხარული ვარ, რომ პროცენტული მაჩვენებლებით, ჩვენ თბილისს მივყვებით. აცრილთა რაოდენობის მიხედვით, ჩვენ პირველ სამეულში ვართ: თბილისი, აჭარა და რაჭა. 15 მარტს დავიწყეთ თანდათანობით ადმინისტრირება. ჯერ იყო ასტრა ზენეკა, შემდეგ - ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი. 1 ნოემბრიდან დავრჩით სამ ვაქცინაში, ესენია: ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი. ასტრა ზენეკას ადმინისტრირება უკვე დასრულდა.

- ბათუმის გარდა, როგორია სხვა მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა?

ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არის ყველასთვის. არ არის დარჩენილი ადგილი, რომ მოქალაქეს თავისი სურვილის მიხედვით არ შეეძლოს მისვლა და ვაქცინის გაკეთება. ვაქცინაციის კაბინეტები არ ისვენებს არც შაბათ-კვირას და არც - სადღესასწაულო დღეებში.

ქედაში, შუახევსა და ხულოში არის ევექსის კლინიკები. ამ დაწესებულებებში განთავსებული იყო ვაქცინაციის ცენტრები, სადაც შეიძლებოდა ვაქცინის გაკეთება, თუმცა ბევრმა ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა. სამოცი ამცრელი ბრიგადა გვყავს. სოფლებზე გასვლა ოქტომბრის თვიდან დავიწყეთ. მანამდე უკვე მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა აცრილი იყო. აჭარაში სოფლის სამედიცინო მომსახურება ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი, რაც სხვა რეგიონებს არ აქვთ. საუბარია თემის სამედიცინო პუნქტებზე, რომლებსაც ჰყავთ ექთნები. ისინი იქ მუდმივად არიან და თავიანთი კონტინგენტის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ. პირველად ჯანდაცვასა და სოფლის რწმუნებულებს მიკროგეგმების გაკეთება ვთხოვეთ. მათ თავიანთ სამოქმედო არეალში მთლიანი მოსახლეობიდან გამოყვეს 18 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც აცრას არ ექვემდებარებიან. დანარჩენები გამოკითხეს, ვინ იყო აცრილი, ეს გადაამოწმეს ბაზაში და ასაცრელებისთვის გააკეთეს გრაფიკი, ვინ როდის უნდა აცრილიყო. ჩვენი სამსახურის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ვართ სუპერვაიზერები, დავდივართ მუნიციპალიტეტებში ყოველდღე და ჩართული ვართ ვაქცინაციის პროცესში. ამავე პერიოდში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კოვიდმარათონი. საქსტატმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამოარჩია მრავალათასიანი სოფლები. მათ შორის - აჭარის ხუთი სოფელი: დიოკნისი, სხალთა, ზამლეთი, ოჩხამური და დაბა ჩაქვი, თავისი სოფლებით. ამ სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში უნდა შევსულიყავით და ვაქცინაცია ჩაგვეტარებინა. თუმცა ჩვენ ამ ხუთი სოფლით არ შემოვიფარგლეთ და ყველა სოფელში შევედით. ფაქტობრივად, სხვა რეგიონებს გავასწარით.

- მესამე ანუ ბუსტერდოზით აცრილები თუ გვყავს აჭარაში?

რა თქმა უნდა, გვყავს. მას შემდეგ, რაც გახმოვანდა, რომ ბუსტერდოზა გაკეთდებოდა, ეს იყო ოქტომბრის შუა რიცხვები. ბუსტერი კეთდება მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ. სინოვაკის, სინოფარმის და ფაიზერის შემდეგ, ნებისმიერი სახის ვაქცინის მერე, ბუსტერი ფაიზერით კეთდება. ასტრა ზენეკათი ბუსტერი არ კეთდება. განსაკუთრებით ბუსტერი უკეთდებათ ისეთ პირებს, რომლებიც სინოფარმით ან სინოვაკით არიან აცრილი და ის ქვეყანა, რომელშიც ისინი სწავლის, მუშაობის ან სხვა მიზნით მიდიან, არ აღიარებს ამ ვაქცინებს. ასევე ბუსტერს იკეთებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები, რისკჯგუფები. ამ ეტაპზე აჭარაში 97 ბუსტერდოზაა გაკეთებული.

-რამდენი ვაქცინაციის კაბინეტი ფუნქციონირებს აჭარის მასშტაბით?

-კოვიდის 60 პუნქტია და გაშლილია აჭარის 25-ზე მეტ დაწესებულებაში. სეზონური გრიპის ვაქცინაცია კი, ძირითადად, პოლიკლინიკებში ტარდება.

-რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა თქვენი აქტივობები და ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, რომ მოსახლეობის დასარწმუნებლად კამპანია ცოტა ადრე დაგეწყოთ?

-ამ პროცესის ლოჯისტიკა მარტივად დასალაგებელი არ გახლავთ. ქვეყანა იმუნიზაციას რამდენიმე ათეული წელია, რაც აწარმოებს, მაგრამ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ცივი ჯაჭვიდან გამომდინარე, თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ ძალიან სერიოზული, მრავალეტაპიანი პროცესი გავიარეთ, გადავამზადეთ პერსონალი, მოვამზადეთ ამცრელი კაბინეტები. გარდა ამისა, აცრის შემდეგ აუცილებლად უნდა აისახოს ეს პორტალზე, ე. წ., ვაქცინაციის მოდულში. ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული. ამას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანიები, სესიები, შეხვედრები... ეს კომპლექსური პროცესია. ამაზე უნდა საუბრობდნენ ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მოქალაქეების მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობენ.

-და მაინც, რას უკავშირდება ვაქცინაციის პროცესის შენელება?

-უკვე თითქმის არც ერთი მშობელი აღარ სვამს კითხვას, რატომ უნდა მიიყვანოს შვილი წითელას აცრაზე, რატომ უნდა აცრას ბავშვი ცოფზე, თუ მას ცხოველი გაკაწრავს, დადორბლავს, ან უკბენს, ან რატომ უნდა გაუკეთოს ყივანახველის, პოლიომიელიტის აცრა. უკვე ამ ვაქცინებს ენდობა და იცის, რომ ისინი მისი შვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მაგრამ სანამ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები დაიმკვიდრებს თავის თავს, მანამდე ვატარებთ ამ კამპანიებს. ამ დროს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას. გრიპის ვაქცინაციის მიმართაც ასე იყო. ათი წლის წინ 3-4 ათასი ვაქცინა გვქონდა და ძლივს აკეთებდნენ. ახლა საქართველოში 200 ათასია შემოტანილი და მოქალაქეები ლამის ზაფხულიდან იწყებენ რეკვას, არკვევენ, იქნება, თუ - არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აცრას, პირველ რიგში, ის ადამიანები იკეთებენ, როლებიც დარწმუნებული არიან, რომ აუცილებელია. ეს არ არის მრავალრიცხოვანი ჯგუფი. მერე ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვინც პირველ ჯგუფს აკვირდება, აინტერესებს, როგორ წავა აცრა და იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი. ისინი ამ პროცესს გონივრულად უდგებიან, ხედავენ, რომ კოვიდდადებითობის სტატისტიკა მზარდია, ლეტალობა მზარდია, დაავადება უკან არ იხევს, კლინიკური სექტორი დატვირთულია, კოვიდსასტუმროები გადავსებულია და ხვდებიან, რომ ერთადერთი ბრძოლის საშუალება ვაქცინაა.

რჩება მყარად ანტივაქსერთა ჯგუფი, რომელზეც არანაირი არგუმენტი არ ჭრის, ვერაფრით აქეთ ბანაკში ვერ გადმოიყვან. მათ გარდა, აუცრელი რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ზერელედ უყურებენ ამ ვირუსს და ფიქრობენ, იქნებ „გავძვრე“ ამ სიტუაციაში. მათ დაინახეს, რომ სტატისტიკამ კლება დაიწყო, რეგულაციები შესუსტდა, სკოლები გაიხსნა, რაღაც აქტივობები დაიწყო და იფიქრეს, თუ ცოტას კიდევ მოიცდიან, სხვა შეაჩერებს დაავადების გავრცელებას. აი ეს კონტინგენტია ჩვენი მობილიზაციის სამიზნე. ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენს სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ჯგუფები და გავდივართ ველზე სამუშაოდ, პირისპირ ვხვდებით ადამიანებს. ჩვენ მივდივართ მათთან, არ ველოდებით, როდის მოვლენ თვითონ. ათი ადამიანი რომ დაგვხვდეს, რომლებსაც აქვთ კითხვები და ეს ასეც უნდა იყოს, ვპასუხობთ, ვუხსნით. უკეთესია, როცა კითხვები აქვთ. ე. ი., აქვს მზაობა, რომ მოგისმინოს. თქვენ გახსოვთ, ამ სესიების ფარგლებში, იუნისეფი აჭარაში არაერთხელ ჩამოვიდა. საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელთან, ხასან ხალილთან იყო გაერთიანებული კლინიკური ჯგუფი. ამ ჯგუფში ძალიან მაღალი ავტორიტეტის სპეციალისტები შედიოდნენ. შევხვდით პირველ რიგში, სკოლების თანამშრომლებს, მასწავლებლებს. როგორც კი სკოლებთან შეხვედრა დასრულდა და ვთქვით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი სივრცის სანახავად მივდიოდით, ყველა წამოგვყვა და აცრა გაიკეთა. სკოლის დირექტორმა რომ აცრა გაიკეთა და მეორე დღეს სკოლაში უვნებელი მივიდა, პედაგოგებმაც მიბაძეს. პირადი მაგალითები მუშაობს. ასევე რელიგიურ ჯგუფებთან გვქონდა შეხვედრები, კარგად ვითანამშრომლეთ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საუკეთესო ნიმუშია, გახსოვთ, ალბათ, მეუფე დიმიტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აცრა გაიკეთა. ასევე მუსლიმთა თემიდანაც იგივე ნაბიჯები გადაიდგა. მხოლოდ ტელევიზია, რადიო და გაზეთი ამას არ ყოფნის, მუშაობაა საჭირო.

ის ჯგუფები, რომლებზეც წეღან ვისაუბრე, უკვე აიცრნენ და დარჩნენ მყარად ანტივაქსერები და მეორე ჯგუფი, რომელიც ამ სიტუაციას არასერიოზულად უყურებს. ამიტომ შენელდა ტემპიც.

-როდის იყო ყველაზე დაბალი და მაღალი ვაქცინაციის სტატისტიკა?

-ამ ეტაპზე სწორხაზოვნად მივდივართ. 23 აგვისტოს 4 000-მდე აიცრა ერთ დღეში. ეს გაგრძელდა აგვისტოს ბოლომდე. მერეც გვქონდა ოთხნიშნა მაჩვენებელი და ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან, დღეში 1000 აცრილზე ნაკლები გვყავს. ეს ტენდენცია გრძელდება ახლაც, სამნიშნა მაჩვენებელზე ვართ.

-რამდენი პედაგოგია აცრილი?

-85% იყო 1 ოქტომბრისთვის, როდესაც სკოლა უნდა გახსნილიყო. განახლებული მაჩვენებელი რამდენიმე დღეში გვექნება. აჭარამ ამ მიმართულებით, სასწაული შედეგი დადო. 9 269 პედაგოგი, ტექნიკური პერსონალი, ყველა, ვინც სკოლაშია დასაქმებული, არის აცრილი.

როგორც კი სკოლა დაიწყო, წამოვიდა ინფიცირების შემთხვევები. ყველა ეს შემთხვევა იყო მოსწავლიდან. ბავშვებში დადებითობის რაოდენობა თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე ტექპერსონალისა და პედაგოგების. ეს ნიშნავს, რომ მათ პედაგოგსაც დაემართა. ეპიდემიოლოგები ვფიქრობთ, რომ პირბადის ტარების რეგულაცია ირღვევა და მიზეზი ეს უნდა იყოს.

იყო შემთხვევები, რომ სკოლები დაიკეტა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, არც ერთი სკოლა დაკეტილი არ არის. ოთხმოც კლასზე მეტი გადასულია ონლაინრეჟიმზე. ოღონდ ეს სწრაფად ცვალებადი პროცესია, კლასები იხურება და იხსნება. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, დახურულია ორი ბაღი და სამი ჯგუფი.

მშობლები უნდა აიცრან. დღეს ჭარნალში ვიყავით ჩვენი კამპანიის ფარგლებში. მშობლებს ვესაუბრე, რომლებიც ძალიან მონდომებული არიან, რომ მათმა შვილებმა სკოლაში იარონ და ონლაინრეჟიმზე გადასვლა არ დასჭირდეთ. სასწავლო პროცესის დასაწყისში, თითოეული მათგანის პირველი კითხვა იყო, აცრილია, თუ - არა მასწავლებელი, სკოლის პერსონალი. თუმცა აღმოჩნდა, რომ თვითონ ვაქცინა არ გაუკეთებიათ. ავუხსენი, რომ მათი შვილების დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აუცრელი მშობლები არიან. ალოგიკური პასუხები აქვთ - ვერ მოვასწარი აცრა.

-ხომ არ თვლით, რომ კოვიდის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს?

-სავალდებულო ეს ვერ გახდება.ყველა მოქალაქემ საკუთარი თავი უნდა დაავალდებულოს. მის შეგნებაზეა დამოკიდებული. როგორ წარმოგიდგენიათ მედიკოსი, რომელსაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს? და სამწუხაროდ, ასეთებიც გვყავს. რომელ პასუხისმგებლობაზე უნდა ვილაპარაკოთ ასეთ შემთხვევაში.

-სეზონური გრიპის ვაქცინაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს და რამდენი დოზა ვაქცინაა შემოტანილი აჭარაში?

-პირველ ეტაპზე მივიღეთ 5 200 დოზა, მეორე ეტაპზე შემოვიდა 10 000 დოზა. წესი არის ასეთი: გრიპის ოფიციალური სეზონი იხსნება ოქტომბრის რომელიმე რიცხვში, რომელსაც ჯანმო ასახელებს. ამ წლის მეორმოცე კვირიდან მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით, დაახლოებით, მაისის შუა რიცხვებამდე, დგას გრიპის სეზონი. გრიპის სეზონს აცრილები უნდა შევხვდეთ. ამიტომ აცრა კეთდება ოქტომბერში.

აუცილებლად განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. ნომერ პირველი პრიორიტეტული ჯგუფი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ორსული. ორსულს ებრძვის გრიპი დაუნდობლად. სამწუხაროდ, დელტა შტამმა, რომელმაც კლინიკური გრიპისთვის დამახასიათებელი სახე მიიღო, საქართველოში თხუთმეტი ორსულის სიცოცხლე წაგვართვა.

ამ ჯგუფს მოჰყვება დიალიზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულები, საბავშვო ბაღისა და სკოლის მასწავლებლები, ბავშვთა სახლები, მოხუცთა მოვლის სახლები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები და სხვა.

რედაქტორის შენიშვნა: ინტერვიუ მომზადებულია 8 ნოემბერს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი