სოზარ სუბარი: სოფლების უმრავლესობა და ძალიან ბევრი დიდი ქალაქი დარჩენილია ცენტრალური წყალმომარაგების და წყალარინების გარეშე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2020 წლის მონაცემების მიხედვით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 68.9%-ია, ხოლო წყალარინების (კანალიზაცია) ქსელზე დაერთებული მოსახლეობის მხოლოდ 50.1%-ია. შესაბამისად, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის გარეშე მოსახლეობის მესამედი, წყალარინების ქსელის გარეშე კი მოსახლეობის ნახევარია დარჩენილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8-წლიან პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემით არის უზრუნველყოფილი, 15.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც წლიურად საშუალოდ 2%-მდე ზრდას შეადგენს. 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 9.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როდესაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბოლო წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური და მუდმივად მზარდია. აქედან გამომდინარე, სოზარ სუბარის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისასა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა რეგიონებში და მთლიანად საქართველოსი წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „სოფლების უმრავლესობა და ძალიან ბევრი დიდი ქალაქი დარჩენილია 24-საათიანი წყალმომარაგების და ცენტრალური წყალმომარაგების და წყალარინების გარეშე“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა მოსახლეობის 73.4%-ს ჰქონდა. ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი1: შინამეურნეობების განაწილება სასმელი წყლის ძირითადი წყაროების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემით არის უზრუნველყოფილი, 15.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც წლიურად საშუალოდ 2%-მდე ზრდას შეადგენს.
ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემა თბილისში მოსახლეობის 99.5%-ს აქვს. რაც შეეხება რეგიონებს, 2020 წლისთვის შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: კახეთი - 61.4%, შიდა ქართლი - 52.1%, ქვემო ქართლი - 67.5%, სამცხე-ჯავახეთი - 77.9%, აჭარის ა/რ -77%, გურია - 42.4%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.7%, იმერეთი -61.2%, მცხეთა-მთიანეთი - 71.1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.3%. მონაცემების მიხედვით, თბილისის შემდეგ, ბინაში შეყვანილი წყალსადენი სისტემით ყველაზე მეტი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ა/რ და მცხეთა-მთიანეთშია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება.
გრაფიკი 1: წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება წყალარინების (კანალიზაციის) სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობას, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით მათი რიცხვი 1.8%-ით გაიზარდა და 1.87 მლნ (50.1%) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლობის რიცხოვნობა 04%-ით გაიზარდა და 1.36 მლნ (მთლიანი მოსახლეობის 36.5%) შეადგინა.
გრაფიკი 2: წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გაირკვა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელი არ აქვს. ეს იმ ფონზე, როდესაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბოლო წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური ( 2016 წელი -166 მლნ, 2017 წელი -184 მლნ, 2018 წელი -195 მლნ, 2019 წელი - 294 მლნ, 2020 წელი - 245 მლნ, 2021 წელი - 348 მლნ (გეგმა)) და მუდმივად მზარდია (გამონაკლისი იყო 2020 წელი).
განხილული მასალიდან გამომდინარე, სოზარ სუბარის განცხადება არის სიმართლე.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განცხადების ავტორი სოზარ სუბარი თავად არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც წყალმომარაგებაში არსებულ შედეგებზე - 9-წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ეკისრება.