ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა. ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მაშინ აცხადებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად სრულიად რეფორმირებულ ზედამხედველობის სამსახურს ქმნიდა, რომლის საქმიანობაც, უახლოეს პერიოდში, ქალაქზე აისახებოდა. ახალი საბიუჯეტო ორგანიზაციის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია უკვე გამოაქვეყნა.
შემცირდა, თუ - არა კანონდარღვევები ბათუმში ახალი ორგანიზაციის შექმნის შედეგად, ძნელი სათქმელია. დროდადრო მედიაში ჩნდება ინფორმაცია კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე, პარკირების წესების დარღვევასა და მიტაცებულ ტროტუარებზე, მაგრამ არაერთი უკმაყოფილო მოქალაქე პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ მაკონტროლებლები მხოლოდ იმ დარღვევებს ამჩნევენ, რომლებიც „უპატრონო“ და უბრალო“ ადამიანებმა ჩაიდინეს, მსხვილი კანონშეუსაბამობები კი, როგორც მანამდე რჩებოდა ყურადღების მიღმა, ისევ ისე რჩება.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციონირების უმეტესი დრო პანდემიასა და მასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა. ამ დროის განმავლობაში, ახალშექმნილმა ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა. აქედან ყველაზე მეტი წილი ელექტრონულ ტენდერებზე მოდის, ხოლო ყველაზე ნაკლები ღირებულება - გამარტივებულ შესყიდვებზე.
გრაფიკი 1. ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალიტეტის ინსპექციის“ მიერ განხორციელებული შესყიდვები, წილობრივი მაჩვენებელი
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში, მუნიციპალურმა ინსპექციამ 178 900 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
სულ ბოლოს, 2020 წლის 1 ივნისს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის, სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასაგან“ 4 715 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურება შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ ინსპექციის ბალანსზე ათი ერთეული RENAULT SANDERO ( 2019 წლის გამოშვება), ასევე ერთი ერთეული FORD TURNEO ( 2015 წლის გამოშვება) და ორი ერთეული IVECO ML100E 18 ( 2010 წლის გამოშვება), ირიცხება.
2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ორგანიზაციამ, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000599) საშუალებით, შპს „რომპეტროლი საქართველოსგან“ 30 800 ლიტრი „პრემიუმის“ მარკის საწვავი (ბენზინი), 61 908 ლარის ღირებულების (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2020 13 მარტი) და დიზელის საწვავი (CON190000598), 8 800 ლიტრი, 12 056 ლარი (ხელშეკრულება გაფორმებულია 11 მაისს) შეიძინა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის სახსრებით, კონსოლიდირებული ტენდერებით, შეძენილია ასევე:
- 300 შეკვრა A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი შპს „პენსან ჯორჯიასგან“ (CON200000130), 2 670 ლარად;
- მობილური სატელეფონო მომსახურება შპს „მაგთიკომისგან“ (CON170000115) 3 600 ლარად, 8 მაისიდან 31 ივნისის ჩათვლით;
- მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერები და კარტრიჯები, სულ 28 ერთეული პრინტერი, ამდენივე - სტანდარტული ორიგინალი კარტრიჯი და 22 ერთეული - დიდი რესურსის ორიგინალი კარტრიჯი. მიმწოდებელია შპს „იუ-ჯი-თი“ (CON200000063), ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 27 788 ლარს შეადგენს;
ამავე კომპანიისგან ორგანიზაციამ 60 ერთეული სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი, სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი) - 68 640 ლარად (CON190000758), ხოლო 1 ერთეული სტანდარტული პორტაბელური კომპიუტერი (CON190000603) 1 119 ლარად შეიძინა.
გარდა ამისა, ახალშექმნილ ორგანიზაციას გამოცხადებული აქვს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT200007775) ბალანსზე რიცხული ოთხი ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება - 47 652 ლარს, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 6 000 ლარს შეადგენს, თუმცა ტენდერი არ შედგა. ამ მიზნით, იმავე ღირებულების ტენდერი (NAT200008208) უკვე განმეორებით გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ,14 აპრილს, პანდემიის დროს, საოფისე ავეჯის შესყიდვა (NAT200006943) გადაწყვიტა. 48 920-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ჯეო +“-თან არის გაფორმებული. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა 113 ერთეული საოფისე მაგიდა უკვე ჩაიბარა, ჯამური ღირებულებით - 14 690 ლარი; 6 ერთეული ტყავის სავარძელი - 1 800 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კიდევ რამდენიმე მაგიდის, 223 ერთეული საოფისე სკამის, 33 ერთეული კარადის, 40 ერთეული ტუმბოს, 46 სავარძლის (დაბალი ბადის საზურგით), სტელაჟების, საკონფერენციო და სხვა დანიშნულების მაგიდების, საბაინდერო კარადების შეძენა. ხელშეკრულება საგანგებო მდგომარეობის დროს, 2020 წლის 7 მაისს, არის გაფორმებული.
ინფორმაციისთვის, ავეჯის შესყიდვის მიზნით ტენდერი (NAT200004690), სავარაუდო ღირებულებით 74 000 ლარი, პირველად 26 თებერვალს გამოცხადდა. მასში იგივე კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც იმ დროს შემსყიდველს ავეჯის მიწოდება 52 730 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თითქმის 29%-იანი კლებაა. აღნიშნული შპს „ჯეოკიდსმა“ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, რადგან გამარჯვებულად გამოცხადებულ მონაწილეს არ ჰქონდა დადასტურებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ტენდერი შეწყდა და განმეორებით 14 აპრილს გამოცხადდა, სწორედ იმ სავარაუდო ღირებულებით, რამდენიც შპს „ჯეო +“-მა პირველ ტენდერში შესთავაზა. ამჯერად აღნიშნულ კომპანიას კონკურენტი ჰყავდა, თუმცა დაბალი ფასი - 48 920 ლარი დაასახელა და კონტრაქტიც მიიღო.
ამის გარდა, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას გამოცხადებული აქვს კიდევ რამდენიმე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე და გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები:
სამხრე ვიდეოკამერები (NAT200005427), ღირებულება - 23 500 ლარი; საოფისე ფართისა და სველი წერტილების დასუფთავება, ფანჯრების წმენდა და ნარჩენების გადაყრა (NAT200005196) - 23 500 ლარი; დაცვის მომსახურება (NAT200005195) - 23 976 ლარის ღირებულების ხელშეკრულება; ციმციმების, ხმის გამაძლიერებლისა და მართვის პულტის შესყიდვა და მონტაჟი (NAT200005194) - 13 750-ლარიანი ხელშეკრულება; მკაცრი აღრიცხვის ოქმები და ქვითრები დამცავი შრეებით (NAT200004710) - 16 780 ლარი; ადგილობრივი საფოსტო და საკურიერო მომსახურება (NAT200004701), შპს „საქართველოს ფოსტასთან“ - 96 260 ლარი; საკანცელარიო საქონელი (NAT200004699) - 15 300 ლარი; ადგილობრივი კომპიუტერული ქსელის მონტაჟი (NAT200007728), - 32 000 ლარი.
ელექტრონული ტენდერების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების ჯამური ღირებულება (აღებულია უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, პლუს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომელზეც ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის) შეადგენს 341 640 ლარს.
რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეიძინა matsne.gov.ge-ზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მომსახურების სისტემით სარგებლობის უფლება - 324 ლარად; 1 ერთეული Canon Powershot/SX530 HS-ის მარკის ფოტოაპარატი - 754 ლარად, 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალების არაკალით გაფორმება - 1 650 ლარად; 2 ერთეული უსაფრთხოების კოდის გენერირების მოწყობილობა - 155 ლარად; სამსახურის მოწმობის (ბეიჯების) დამზადება თანამშრომლებისთვის - 1 295 ლარად; თანამშრომლებისთვის დასამზადებელი ბეიჯებისთვის ფოტოს გადაღება - 495 ლარად; ორგანიზაციის ბალანსზე არსებული 16 ავტომანქანაზე ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მონიტორინგის GPS სისტემით უზრუნველყოფა - 1 680 ლარად; 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება - 9 650 ლარად; ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების 2020 წლის პროგრამული პაკეტი - 3 950 ლარად; საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურება - 10 560 ლარად.
გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებულია ჯამში 30 513 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.
სამივე ტიპის შესყიდვების გათვალისწინებით, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ 551 000 ლარის შესყიდვა განახორციელა, მათ შორის, დიდი ნაწილი - პანდემიის პირობებში.
ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექცია“ ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2020 წლის ბიუჯეტში ორგანიზაციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული, აქედან 1 884 000 ლარი - შრომის ანაზღაურების, ხოლო 1 383 500 - საქონელისა და მომსახურებისთვის.