ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მშვიდი, მშვიდობიანი საარჩევნო გარემო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებამ ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა იხილა. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით ძალადობის გამო, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. შსს-ს ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოძიება 27 სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზეა დაწყებული. საქმეების ძირითადი ნაწილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების ბანერების დაზიანების საკითხს, ასევე სხვადასხვა ქონების დაზიანების ფაქტებს, შეეხება. ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 9 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ანალიზი:
2021 წლის 29 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდი იყო - „ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მშვიდი, მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. არავითარი, რაიმე არსებითთან მიახლოებული პრობლემაც კი არ დაფიქსირებული მთელი ამ წინა საარჩევნო პერიოდში“.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის არჩევნების წინა საარჩევნო გარემო მზარდი პოლარიზაციით და ძალადობის შემთხვევებით გამოირჩეოდა. გასული 2 თვის განმავლობაში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ზეწოლის, ძალადობის, დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა გამოავლინეს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა ზეწოლისა და ძალადობის შემთხვევები. ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას სექტემბრის თვეში მომხდარ განსაკუთრებულ ძალადობის შემთხვევებზე.
20 სექტემბერს რუსთავში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ივანე გველესიანს, რომელმაც ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო. გველესიანის თქმით ინციდენტამდე მას პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას სთხოვდნენ (არ ასაჯაროებს თუ ვინ სთხოვდა), წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი და დმანისის მოქმედი მერი, გიორგი ტატუაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, რა დროსაც, მისი განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაიჭრა ოპოზიციის ორი აქტივისტი. პოლიციამ ცივი იარაღის გამოყენებით ადამიანების დაჭრის გამო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა.
25 სექტემბერს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატმა, ბესარიონ ბენდელიანმა განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი დილით ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული დახვდა. ავტომობილი ღამით სახლის მიმდებარედ იდგა. ბესარიონ ბენდელიანი ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებს და მისი დაშინების მცდელობას უკავშირებს.
2021 წლის 1 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და წინასაარჩევნო პროცესში მიმდინარე გამოძიებების შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა. შსს-ს ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოძიება 27 სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზეა დაწყებული. საქმეების ძირითადი ნაწილი შეეხება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების ბანერების დაზიანების საკითხს, ასევე სხვადასხვა ქონების დაზიანების ფაქტებს. 9 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
ასევე, 1 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.
შეფასების მიხედვით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა დაპირისპირების სიმწვავე, რაც გამოიხატა ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაჭრის ფაქტებში. დაფიქსირდა ოპოზიციური კანდიდატის საკუთრების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაც. განსაკუთრებით, შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი. ამ შემთხვევათა სწრაფ და სანდო გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდისა და მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის.
წინასაარჩევნო გარემოს ავნო ძალადობის პროპაგანდის შემცველი ბილბორდების განთავსების შემთხვევებმა. 2021 წლის 24 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციიდან ორიოდე კვირაში, თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მმართველები და სამოქალაქო აქტივისტები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სისხლის ლაქებისა და ცისარტყელას ფერების ფონზე იყვნენ გამოსახული. მმართველმა პარტიამ აღნიშნულ პლაკატებთან კავშირი უარყო, თბილისის მერიამ, კი, ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, ორი პირი დააჯარიმა. 2021 წლის 17 სექტემბერს, მსგავსი შინაარსის ბილბორდები ისევ გამოჩნდა. ბანერებზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ გამოსახულნი. ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ბილბორდების განთავსება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს და ახალისებს მათზე გამოსახული პირებისა და მათი კოლეგების/მხარდამჭერების მიმართ აგრესიას.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „ტრადიციულ“ წინასაარჩევნო დარღვევებთან, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევებთან ერთად, 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდის მახასიათებლად იქცა, შესაძლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე, რაც, ძირითადად, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა მიმართ ხორციელდებოდა.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი. გასული 1 თვის განმავლობაში საზოგადოებამ ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა იხილა. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით ძალადობის გამო, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია მოცემული წინასაარჩევნო გარემო შეფასდეს როგორც „უპრეცედენტოდ მშვიდი“.