დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. „ფაქტ-მეტრი“ მთელი დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ განახლებად სტატიას, რომელშიც თავმოყრილი იქნება კენჭიყრის დღესთან დაკავშირებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ მოვლენა.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. ამ დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ (მერი) და წარმომადგენლობით (საკრებულო) ორგანოებს აირჩევს. ამომრჩევლები 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

არჩევნების ჩასატარებლად, შეიქმნა 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნა 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნა 70 სპეციალური უბანი. ცესკოს ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045-ს შეადგენს. გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე მონიტორინგისთვის რეგისტრირებულია 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 171 დამკვრვებელი. ასევე, არჩევნებს დააკვირდება 52 საერთაშორისო სადამკრივებლო მისიის 1024 დამკვირვებელი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორიოს სადამკვირვებლო მისებს შორის, ყველაზე უფრო დიდი კონტიგენტით, 516 დამკვირვებლით „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისია” წარმოდგენილი.

__________________

კენჭისყრის პროცესი 2 ოქტომბერს 20:00 სთ-ზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია. ცესკოს თანახმად, დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება. მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. ასევე, მეორე ტურია მოსალოდნელი 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

2 ოქტომბრის არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით, ბიულეტენების პროპორციული ნაწილის 99,97% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, 822 669 ხმა - 46,68% მოიპოვა მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“. 30,7%, 541 469 ხმა მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

3 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით, პოლიციამ 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს, გამოვლენილი ინციდენტების გამო 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი.

„სამართლიანი არჩევნები“ დამკვირვებლების 95%-გან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს [PVT] აქვეყნებს. შედეგებში მოცემულია იმ პარტიების მაქსიმალური და მინიმალური შედეგები, რომლებმაც ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს.

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პარტიის გამოთვლილი პროცენტია 46.6%, ცდომილების ხარისხი +/- 1.18%, მინიმალური შედეგია 45.4%, მაქსიმალური კი -47.8%.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გამოთვლილი პროცენტია 31.1%, ცდომილების ხარისხი – +/- 1.07%, მინიმალური შედეგი – 30.0%, მაქსიმალური კი – 32.2%.

მესამე ადგილი დაიკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. პარტიის გამოთვლილი პროცენტია - 7.7%, ცდომილების ხარისხი – +/- 0.53%, მინიმალური შედეგი – 7.2%, მაქსიმალური - 8.2%.

საიას შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე. დღის განმავლობაში ზოგ უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.

კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

• ამომრჩევლის ნების კონტროლი (დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);

• 100-მეტრიანი რადიუსის წესის დაცვასთან დაკავშირებით გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სათანადო ზომებს არ იღებდნენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპატრულო პოლიცია გამოძახების ადგილას არც კი მისულა;

• ცალკეულ უბნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევა;

• მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა; მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის,ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებისა და ხმის მიცემის ფაქტები;

• საარჩევნო ყუთში არაუფლებამოსილი პირების მიერ კონვერტების მოთავსების ერთეული შემთხვევები;

• გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევა;

• გადასატანი თუ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დარღვევები;

• კომისიის წევრების მხრიდან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის მხარდაჭერის მოწოდებისა და აგიტაციის აკრძალვის წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.

უბნების ნაწილზე საიას შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების დახურვის შემდგომაც.

კენჭისყრის დღეს, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს TI-მ 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი და 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ განაცხადა. ორგანიზაციამ 30 საჩივარი დაწერა და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, კვლავ შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით,სამართალდარღვევას წარმოადგენს. მათივე ცნობით, ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ (PMMG) შეფასებით, იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა 79 ინციდენტი, ინციდენტთა 38% დაფიქსირდა მარნეულის საარჩევნო ოლქში.

დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

• დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 12 ინციდენტი);

• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ( 7 ინციდენტი);

• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (6 ინციდენტი);

• უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა ( 9 ინციდენტი);

• მარკირების წესის დარღვევა ( 3 ინციდენტი);

• განმეორებით ხმის მიცემა (7 ინციდენტი);

• აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი).

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა წარიმართა მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ძალადობის ცალკეული შემთხვევები.

„2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში. კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შეძლეს, თუმცა ეს პერიოდი ხასიათდებოდა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე, ასევე, არათანაბარ გარემოს.

ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი.

მნიშვნელოვანი დისბალანსი აღინიშნება რესურსებში და არასაკმარისი ზედამხედველობა კამპანიის ფინანსებზე, არასათანადო უპირატესობა მმართველი პარტიისა, რამაც საბოლოოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა“ ,- თქვა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა.

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში მოსყიდვის, დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებაც.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ აშშ-ის საელჩომ საქართველოში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ, როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად, მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

აშშ-ს საელჩო იზიარებს მისიის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

აშშ-ის დიპლომატიური მისია ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარი წაშლილია, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა კი, წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.

საელჩოს თანახმად, ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს.

____________________

განახლება 22:45

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არჩევნებზე 1 446 218 მისცა ხმა.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორმაციით, 19:00 საათისთვის, მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა. ასევე, კვლავ პრობლემად რჩება სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 07:30 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციამ დღის განმავლობაში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, ხოლო მათმა დამკვირვებლებმა 25 საჩივარი დაწერეს.

ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები: სავარაუდო „კარუსელი”, სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტის, აიდან იუსიფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, 41-ე უბანში 100 ადამიანი შეიყვანეს უბანზე, რომლებიც ამომრჩეველთა სიაში არ არიან და ხმა მიაცემინეს.

„მთავარი არხის"ინფორმაციით, სოფელ დაშთაფაში, 52-ე საარჩევნო უბანზე, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, „ლეიბორისტული პარტიის“ დამკვირვებელი ევაზ მამედოვი, „ქართული ოცნების“ აგიტატორმა, გიულხან რამაზანოვმა დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხატია დეკანოიძისა და ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, საარჩევნო უბნებზე ელექტოენერგიას მასობრივად თიშავენ. საპირისპიროდ, ცესკო ავრცელებს განცხადებას, რომ ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე მასობრივად ითიშება ელექტროენერგია, მანიპულაციაა. ცესკოს თანახმად, „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.6 %მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33%. დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, ნიკა მელია ლიდერობით, მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა: 40.8% - ნიკა მელია; 40.2% - კახა კალაძე; 8.7% - გიორგი გახარია.

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია.

გირჩი-მეტი თავისუფლება - 2.8%

ლელო - 2.8%

ევროპული საქართველო - 2.6%

ლეიბორისტული პარტია - 1.8%

პატრიოტთა ალიანსი - 1.6%

სტრატეგია აღმაშენებელი - 1.3 %

მოქალაქეები - 1%

იაგო ხვიჩიას გირჩი - 0.9%

სხვა პარტიები - 3.7%

თბილისში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ასეთია:

კახა კალაძე - 51,3%

ნიკა მელია - 34,6%

გიორგი გახარია - 5,6%

ეს მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. კვლევის მიხედვით, მეორე ტური მერობის ორ კანდიდატს შორის - კახა კალაძესა („ქართული ოცნება“) და ნიკა მელიას („ნაციონალური მოძრაობა“) შორის იმართება.

კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 43%;

ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 39%;

გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 7%;

ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 4%;

ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2%;

გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1%.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაცაა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მუქარა, ტექნიკის დაზიანება და წართმევა.

____________________

განახლება 18:20

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 33.18%, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია.

ცესკო, ასევე, გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის 124-ე უბანზე წინასწარ ხელმოწერილ და შევსებულ ოქმთან დაკავშირებით. ცესკომ აღნიშნულ შემთხვევას გადაცდომა უწოდა, რაზეც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ტვ პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და კამერა დაუმტვრია.

სხვადასხვა უბნებზე სავარაუდო დარღვევების გამოვლინების ფაქტებზე ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ავრცელებს. ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, 23-ე საარჩევნო ოლქის 51-ე საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული. „ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი. იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის“.

ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანა ბერიძის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს აქვს ადგილი. ე.წ. კარუსელს უარყოფს მე-13 უბნის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება, ქალაქ ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

გარდა ამისა, ამ ეტაპისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის N13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2000 ლარით.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.

საიას ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს. ორგანიზაციის აქტიურად გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი. გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ქუთაისში 63-ე და 90-ე უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა. Ხოლო ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი. ბუჩუკური განსაკუთრებულ ყურადღებას ამომრჩევლების მოსყიდვის სისტემურ ხასიათზე ამახვილებს.

____________________

განახლება 16:05

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის 24-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“კოორდინატორები ამომრჩევლებს ფულს ღიად ურიგებენ. ამავე ტელევიზიის ინფორმაციითა და გავრცელებული კადრებით, დმანისში, საარჩევნო უბანთან ახლოს, საარჩევნო უბნის გვერდით სუფრაა გაშლილი, სადაც კომისიის წევრები და მოქალაქეები ალკოჰოლს მიირთმევენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 07:00 საათიდან -14:00 საათამდე არსებული მონაცემების საფუძველზე 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 14 საჩივარი დაწერეს. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

„სავარაუდო „კარუსელი” - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა - #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა - #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა - ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევებისას ჩვენი დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა“.

სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, განახლებად ინფორმაციას აქვეყნებს „სამოქალაქო საარჩევნო კომისიაც“. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაკეში ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეუშვეს უბანზე; ასევე, ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ღიად ხდება ფულის დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა და მოსყიდვის პროცესში უშუალოდ ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ასევე ორგანიზაციის მტკიცებით, ქუთაისის 124-ე უბანზე წინასწარ შეავსეს და ხელი მოაწერეს მერის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.

15:00-იან ბრიფინგზე ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია ორგანიზაციის 3 დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის შესახებ. ორგანიზაციის ცნობით, ზუგდიდის ოლქის 90-ე საარჩევნო უბნიდან უკანონოდ გამოაძევეს მათი დამკვირვებელი, რომელიც მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა და გარდა ამისა, მათ დამკვირვებელზე ზეწოლა ხდება მარნეულის მე-14 უბანზეც. ISFED-ი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ სხვადასხვა სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს, მათ შორის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებზეც.

15:00-სთვს, ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მათ დაწერეს 86 საჩივარი როგორც საუბნო, ასევე, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

____________________

განახლება 14:05

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - თბილისში.

„მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ ავრცელებენ ვიდეო და ფოტომასალას, რომელზეც ჩანს, რომ სხვადასხვა უბნებში საარჩევნო კაბინებში 1-ზე მეტი პირი იმყოფება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მუდმივი განახლების რეჟიმში აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო დარღვევებსა და მათზე რეაგირებაზე. ორგანიზაციამ 08:00-12:00 საათის ფარგლებში ამ ეტაპისთვის 10-ზე მეტი სავარაუდო დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის, საარჩევნო უბანთან აგიტაცია, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული მოქალაქეები, ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით ორჯერ მიცემა და მესამედაც მიცემის მცდელობა და ა.შ.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში ორგანიზაციის დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ.საიაში ამბობენ, რომ ბათუმის N44 უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ტელეკომპანია „მთავარი“ შიდა ქართლში მასობრივ მოსყიდვებზე საუბრობს. არხის ინფორმაციით საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც თავის მხრივ, ამომრჩევლების მობილიზებაში არიან ჩართულები. „მთავრის“ ინფორმაციით, მათ ნაწილის გაშიფვრა შეძლეს.

სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს თამარ კორძაია, რომლის თქმითაც დედოფლისწყაროში საარჩევნო უბანი უნდა დაიხუროს, რადგან უბანზე საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო და 100-ზე მეტ ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული. გარდა ამისა, კორძაიას ინფორმაციით, კრწანისის რამდენიმე უბანზე კომისიამ ვერ უზრუნველყო ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა და პროცესი გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში.

დედოფლისწყაროს მე-9 უბანზე არსებულ დარღვევებზე „საუბრობს სამოქალაქო საარჩევნო კომისიაც“, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლები პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებს დებენ სხვადასხვა კონვერტებში, ხოლო არაერთგზის მითითების მიუხედავად, კომისია არ ახდენს შესაბამის რეაგირებას.

____________________

ცესკოს ბრიფინგის თანახმად, 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი. 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მუსიკოსები არიან შეკრებილები და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 10:00 საათის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია გააცნო. ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას. ასევე, დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი მათ ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს, ელექტროშოკით დაემუქრა. „ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია“. - თქვა ჩადუნელმა.

ჟურნალისტისვე ცნობით, ქირიამ „ტვ პირველის“ ოპერატორს ბოთლიც ესროლა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სამეგრელოში ვითარება დაძაბულია. მმართველი პარტიის აგიტატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით არიან მობილიზებულები, ტვ პირველის ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.

„ტვ პირველის“ გადამღების ჯგუფი გამოჩენისთანავე აგიტატორები სიებს მალავენ და ცუდად ყოფნას იმიზეზებენ. „პირველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი აგიტატორი ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის დედაა.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევების დეტალურად ნახვა ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. კომისიამ სხვადასხვა უბანზე დააფიქსირა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის შეფერხება უბნის გარეთ სავარაუდო აგიტაციის მიზნით, დამკვირვებლის საქმიანობის შეზღუდვა, ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა, უფლებამოსილი პირებისთვის ხელის შეშლა და ა.შ.

___________________

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა, თუმცა ხმის მიცემის შემდეგ ბიძინა ივანიშვიმა უბანი უკომენტაროდ დატოვა და მედიასთან ქვეყანაში მიმდიანრე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე 76-ე საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც კანონდარღვევაა. კუჭავა პირველი ამომრჩეველი იყო, რომელმაც ამ უბანზე ხმა მისცა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემი კაბინები უკუღმა დგას , რათა გამოჩნდეს ვის ხაზავს მოქალაქე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ვაკეში მე-4 უბანზე მერი ასარჩევი ბიულეტენების მიტანა დაავიწყდათ.

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები. მაგალითად, გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, მარკირების სითხის ნაცვლად, სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია