იტვირთება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად მოქმედი მერი კახა კალაძე მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩევა. თუმცა მისთვისაც განსაკუთრებით დატვირთული ბოლო ერთი კვირა აღმოჩნდა, რომლის განმავლობაში მერმა რამდენიმე დასრულებული პროექტი წარმოგვიდგინა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება დააანონსა.

29 სექტემბერს კახა კალაძემ მნიშვნელოვანი პროექტის უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დაწყება გვამცნო. პროექტის ფარგლებში 530-მეტრიანი ოთხზოლიანი ხიდი აშენდება.

28 სექტემბერს ქალაქის მერმა YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალების ქარხნის პირველი საწარმოს შექმნა გვაუწყა, საწარმო მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს.

იმავე დღესვე კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციის დაწყება დააანონსა და პროექტის სტარტის აღსანიშნავად სიმბოლურად კაფსულაც ჩააგდო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული პროექტის დაწყება კახა კალაძის 2017 წლის დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა.

26 სექტემბერს თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული რიკის პარკი წარმოგვიდგინა.

25 სექტემბერს კახა კალაძემ საიტის - თბილისისთვის (tbilisistvis.ge) პრეზენტაცია გამართა.

ვებგვერდის საშუალებით შეგვიძლია, თბილისში უკვე განხორციელებულ ან მიმდინარე პროექტებს გავეცნოთ.

25 სექტემბერსვე თბილისის მერმა რეაბილიტირებული კუდიერის სკვერი, რომელიც იუსტიციის სახლის მიმდებარედ მდებარეობს, დაგვათვალიერებინა.

24 სექტემბერს კახა კალაძემ რეაბილიტირებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გახსნა.

23 სექტემბერს თბილისის მერთან ერთად მუხიანში გახსნილი ახალი ბაგა-ბაღი დავათვალიერეთ.

21 სექტემბერს კახა კალაძემ დედაქალაქში დამატებით 30 ახალი ავტობუსი და 90 მიკროავტობუსი შემოიყვანა.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას“,- აცხადებდა თბილისი მერი ცოტა ხნით ადრე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, მოქმედ მერს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უწყდება (საარჩევნო კოდექსი, 136-ე მუხლი). შესაბამისად, კანონმდებლობა მერს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, არანაირი აქტივობის განხორციელებას არ უკრძალავს (იხილეთ სტატია). აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ კახა კალაძემ დედაქალაქში რა პროექტიც არ უნდა განახორციელოს ან დააანონსოს, კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე „ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სამართლებრივ შეფასებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუ სხვა საკითხები დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო კანონმდებლობაში, აქ ცოტა უფრო სხვაგვარადაა საქმე. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გამოდავება რთულია. სადაც ვხედავთ სამართლებრივ საფუძვლებს, ვასაჩივრებთ. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოსყიდვა გვგონია, მაგრამ ვერ ვაკვალიფიცირებთ, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტს მივესალმებით, უბრალოდ აღვნიშნავთ, კალაძის წინასაარჩევნო აქტიურობა კანონმდებლობის მიხედვით დარღვევად არ კვალიფიცირდება, თუმცა მას მერობის სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და ერთგვარად უსამართლობის განცდას ბადებს.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი