კახა კალაძე: როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, მოსყიდვაა? მაშინ უნდა დავხუროთ მერია და მე გადავდგე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, მოქმედ მერს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უწყდება (საარჩევნო კოდექსი, 136-ე მუხლი). შესაბამისად, კანონმდებლობა მერს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, არანაირი აქტივობის განხორციელებას არ უკრძალავს. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ კახა კალაძემ დედაქალაქში რა პროექტიც არ უნდა განახორციელოს ან დააანონსოს, კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. თუმცა აღნიშნული მას მერობის სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და უსამართლობის განცდას ბადებს.
რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, აღნიშნული 2017 წელს კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება მართლაც იყო. საანგარიშო პერიოდში ფართი დაახლოებით 1847 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დევნილებისთვის და სხვა მსგავსი პრობლემის ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობს, მთავრობის მეთაურის მიერ ამაზე აპელირება, წინასაარჩევნო მოსყიდვის შთაბეჭდილებას ქმნის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარკვეულ ნიშნებს შეიცავს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, რაიმე ტიპის კანონდარღვევის დადასტურება რთულია.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 300 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება დააანონსა. „დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის გარკვეულ ნიშნებს ხომ არ შეიცავდა,- აღნიშნულის პასუხად თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს არის სისულელე.
„როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, არანაირ გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ვაპირებთ გადაცემას და დაკანონებას იმ ბინების, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იყო 2017 წლის დაპირება, 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით ამით”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წინასაარჩევნოდ მოქმედი მერის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს საარჩევნო კანონმდებლობა არ კრძალავს.
საარჩევნო კოდექსის 136-ე მუხლში ჩამოთვლილია ის თანამდებობები, რომელთაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ. ესენია: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილე; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლე; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი, პრეზიდენტის თანაშემწე; ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სხვა ეროვნული მარეგულირებლის წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილე; პროკურორო, მისი მოადგილე, გამომძიებელი; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.
როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილ თანამდებობებში მერის თანამდებობა მითითებული არ არის. შესაბამისად, მოქმედი მერის მერობის კანდიდატად ხელმეორედ დასახელების შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება არ წყდება.
აქედან გამომდინარე, მერის მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებული აქტივობები, კანონის დარღვევა არ არის, თუმცა აღნიშნული მას სხვა მერობის კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და უსამართლობის განცდას ბადებს.
რაც შეეხება დევნილებისთვის და სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას, კახა კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემის გადაჭრა ნამდვილად იყო.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2018 წლიდან 2021 წლის აგვისტოსთვის) თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი მართლზომიერ მფლობელობაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, 1 847 ოჯახს გადასცა (იხ: ბმული).
წლების განმავლობაში დევნილი ოჯახებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონება პრობლემას წარმოადგენდა. 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული ფართი 5 334 დევნილ ოჯახს სიმბოლურ ფასად გადაეცა.
განხილული მასალიდან ჩანს, რომ დევნილი და სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება წლების განმავლობაში პერმანენტულად ხორციელდება და მხოლოდ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ დაწყებულა. თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობის მეთაურის მიერ ამაზე აპელირება, წინასაარჩევნო მოსყიდვის შთაბეჭდილებას ქმნის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარკვეულ ნიშნებს შეიცავს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, რაიმე ტიპის კანონდარღვევის დადასტურება რთულია.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე „ფაქტ-მეტრთან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სამართლებრივ შეფასებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუ სხვა საკითხები დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო კანონმდებლობაში, აქ ცოტა უფრო სხვაგვარადაა საქმე. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გამოდავება რთულია. სადაც ვხედავთ სამართლებრივ საფუძვლებს, ვასაჩივრებთ. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოსყიდვა გვგონია, მაგრამ ვერ ვაკვალიფიცირებთ, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს“.
გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.