2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ჭიათურაში მოქმედი მერის, გივი მოდებაძის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.
ჭიათურის მერობის კანდიდატი - გივი მოდებაძე
გივი მოდებაძე 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის ოქტომბრამდე იკავებდა ჭიათურის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2018 წლის ოქტომბერში გახდა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2019 წლის მაისში არჩეულ იქნა ჭიათურის მერად. „ქართულმა ოცნებამ“ გივი მოდებაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატად წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიხედვით, 2017-2020 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 13 ტენდერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მურმან ტოგონიძის კომპანიებმა მოიგეს, ამასთან, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კომპანიები ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებდნენ.
მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანაშვილის მულის ქმარია. მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს “მშენინვესტი” კი, რომლის 100% წილს მურმან ტოგონიძე ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა. ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14,998,590 ლარი შეადგინა. შპს „მშენინვესტი“ 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1,008,798 ლარი მიიღო. მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.
ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, 2017-2020 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს იმერეთის რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი დასაქმებული - 1498 ჰყავს. თავად ჭიათურის ა(ა)იპებიდან ყველაზე მეტი დასაქმებული ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღს“ ჰყავს: 2017 წელს აქ 491 დასაქმებული იყო, 2019 წელს კი მათი რიცხვი 704-მდე გაზარდა, მუნიციპალიტეტი ასეთ მატებას ბაღებში ახალი ჯგუფების გახსნით ასაბუთებს. ასევე, ჭიათურის მერიამ 2019 წელს ახალი იურიდიული პირი შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ შექმნა. ასევე, იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი სახელფასო თანხა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაიცა. ასევე, ჭიათურა ლიდერობს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობითაც. 2017-2019 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტებში პრემია/დანამატის სახით დაახლოებით 1.1 მილიონი ლარი დაიხარჯა, ასევე დაახლოებით 1.3 მილიონით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯებიც. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი - ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.