სოციალურ ქსელში ეკატერინე ტიკარაძის გაყალბებული ციტატა გავრცელდა. Clickbait ვებგვერდებზე (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, საუბრობს და მას უგუნურს უწოდებს. ტიკარაძის თქმით, სააკაშვილი „უკრაინის მთავრობას და სახელმწიფოს გააკოტრებს, როგორც საქართველო გააკოტრა და მილიონები ჯიბეში ჩაიდო“.

სხვადასხვა წყარო აღნიშნულ ფრაზას სხვადასხვა მოვლენასთან აკავშირებს, თუმცა ორივე მათგანი ტიკარაძეს მიაწერს. Netsport.ge-ის 2020 წლის 6 მაისის სტატიის თანახმად, ტიკარაძე უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. Publishers.ge-ის სტატიის თანახმად კი ამ ფრაზას ტიკარაძე სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იყენებს, რომლის თანახმადაც ხელისუფლებამ უნდა მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

ორივე შემთხვევაში, ციტატის აღნიშნული ნაწილი ყალბია და ეკატერინე ტიკარაძეს არ ეკუთვნის. ღია წყაროებში ეკატერინე ტიკარაძის მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება.

სინამდვილეში, Netsport.ge-ის სტატიაში ციტატის პირველი ნაწილი - „არ არის ლამაზი და მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ისინი ცდილობენ, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერაა გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით",- არა ეკატერინე ტიკარაძეს, არამედ კახი კალაძეს ეკუთვნის. კალაძემ მოცემული განცხადება 2020 წლის 28 აპრილს გააკეთა. განცხადება მიემართებოდა უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

ამასთან ერთად, წყარო - mysport.net.ge, რომელიც Netsport.ge-ს სტატიის ბოლოს აქვს მითითებული, ხელმიუწვდომელია.

რაც შეეხება Publishers.ge-ის სტატიას, მასალაში წარმოდგენილი ციტატის მეორე ნაწილი ნამდვილად ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის. 2021 წლის 28 იანვარს ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობა უწოდა. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მალტის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებისთვისაც არ აქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. თუმცა სტატიის პირველ ნაწილში დაფიქსირებული ფრაზა ტიკარაძეს არ ეკუთვნის და არც ღია წყაროებში იძებნება.

სოციალურ ქსელში მოცემული ყალბი ციტატა ძირითადად მიხეილ სააკაშვილის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიასთან აფილირებული პირების სახელებით ცნობილი Facebook-ანგარიშების საშუალებით ვრცელდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი