გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ 2021 წლის 1 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე გაკეთებულ განცხადებას შემდეგი სტატიით გამოეხმაურა - „რატომ ლაპარაკობს ამერიკის ელჩი საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად და უნდა მიიღოს თუ არა რუსეთის მიწვევა საქართველოს მთავრობამ?“. სტატიაში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და, GeWorld.ge-ის თანახმად, სამოქალაქო აქტივისტი არდალიონ ხააძე, რუსეთის მხარდამჭერ და ანტიამერიკულ ნარატივებს ავითარებენ. მათი განცხადებით, საქართველოს რუსეთთან დიალოგის გარდა ურთიერთობის მოსაგვარებლად ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა საქართველოს მოლაპარაკებების წამოწყებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი უშლის ხელს. სტატიაში არდალიონ ხააძე ამერიკული დახმარების შესახებ ამტკიცებს: „წლებია, ამერიკა ვითომ პარტნიორად გვევლინება, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ფიქრობს, მათი წყალობით, ეკონომიკაც არ გვაქვს. 30 წელიწადია, ამერიკა საქართველოში გზავნის ფულს, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ხმარდება - აგიტაციას რუსეთის წინააღმდეგ. ფული არ იდება საქართველოს განვითარებაში, ის ხმარდება ქართველი პოლიტიკოსების გამდიდრებას.“
რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა „საქართველოს თუ ნამდვილად არ სურს „რუსული კარტის გათამაშება“ დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ“. ამ განცხადებას ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსს განცხადებებს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში სანდო და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს: „საქართველოს მოსახლეობას სულ ესმის განცხადებები კრემლიდან. მათ ექნებათ სანდოობა იმ შემთხვევაში, თუ გავლენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეცვლიან ცხინვალის და აფხაზეთის აღიარებას, თუ შეასრულებენ 2008 წელს აღებულ ვალდებულებას. მე ვერ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჯერ კიდევ არის შეზღუდვები ბაზრებზე. ვფიქრობ, რომ ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო მოქმედებებს, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.
სერგეი ლავროვისა და კელი დეგნანის განცხადებებს, პრორუსულ და ანტიდასავლურად განწყობილი საზოგადოების მხრიდან საპასუხო გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული ძირითადი გზავნილი არის ის, რომ ამერიკა საქართველოს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ როდესაც მათი პარტნიორობიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ აგიტაციას ხმარდება და არა საქართველოს განვითარებას. კონკრეტულად, სამოქალაქო აქტივისტი არდალიონ ხააძე ამბობს: „წლებია, ამერიკა ვითომ პარტნიორად გვევლინება, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ფიქრობს, მათი წყალობით, ეკონომიკაც არ გვაქვს. 30 წელიწადია, ამერიკა საქართველოში გზავნის ფულს, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ხმარდება _ აგიტაციას რუსეთის წინააღმდეგ. ფული არ იდება საქართველოს განვითარებაში, ის ხმარდება ქართველი პოლიტიკოსების გამდიდრებას“.
რეალურად, ქართულ-ამერიკული 28-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებები საქართველოში არაერთი სფეროს დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდა. კერძოდ - დემოკრატია და ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, მშვიდობა, თავდაცვა და უსაფრთხოება და სხვა. რეალურად, 1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან $4 348 400 000 ფინანსური დახმარება მიიღო. „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ (CRS) ანგარიშის მიხედვით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა. 1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. დეკადის ბოლოს კი აშშ-მ საქართველო სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში დახმარების მიზნით დამატებითი თანხებით დააფინანსა.
შემდგომ დეკადაში, 2001-დან 2007 წლამდე ჯამში საქართველომ აშშ-სგან $ 945 მილიონ მეტი დახმარება მიიღო. ამასთან, 2005 წელს საქართველოში ათწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) კომპაქტის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონის დახმარება გაუწია. პროგრამის ფარგლებში 2005-2008 წწ. – 295,3 მილიონი აშშ დოლარი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის გასავითარებლად გამოიყო. 2008 წლის ნოემბერში, MCC-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომპაქტის შესწორების (compact amendment) საფუძველზე სამუშაოების დასასრულებლად კომპაქტის დახმარება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და შედეგად, საერთო ჯამში 395,3 აშშ მილიონი შეადგინა. ხოლო 2014-2019 წლებში MCC-ის დახმარება $140 მილიონი ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებს (საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტრენინგები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გაუმჯობესება) მოხმარდა.
გზები, მილსადენები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აგრობიზნესი | 2005-2008 წლები | $295,3 მილიონი |
2008-2011 წლები | $100 მილიონი | |
სულ | $395,3 მილიონი | |
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტრენინგები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გაუმჯობესება | 2014-2019 წლები | $140 მილიონი |
ათასწლეულების გამოწვევების კორპორაციის ფარგლებში საქართველოსთვის გაღებული ფინანსური დახმარებები 2005-2019 წლებში
2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია, მათ შორის, ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება. 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ 116,3 მილიონი დოლარი გადმორიცხა ქვეყნის რეაბილიტაციის და აღმშენებლობისათვის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია.
2010-2017 წლებში აშშ-მა საქართველოს არასამხედრო მიზნებისთვის საშუალოდ $60 მილიონი, 2018 წელს - $70.8 მილიონი, ხოლო 2019 წელს ამერიკის კონგრესმა, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, $89.8 მილიონი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ 2020 ფისკალური წლისთვის წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა საქართველოსთვის 89,8 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის რეკომენდაცია გასცა. 2021 წლისთვის კი აშშ-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 132 მლნ დოლარი კი 35-მილიონიან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის განვითარებაშიც დიდი კონტრიბუცია შეაქვს. საქართველოს 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება. თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობა საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებასა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარებას, ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ხაზგასმით აღსანიშნავია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობა საქართველოს სწრაფი და უმტკივნეულო დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში. USAID-ის მეშვეობით, აშშ-მ საქართველოს 27 წლის განმავლობაში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. დღეისათვის, USAID-ის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები 35-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს, რომელთა მიზანიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარებაა. აღსანიშნავია ფონდის საქმიანობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; ამერიკის მიერ პერსონალის გაცვლისა და სასწავლო დაფინანსებების პროგრამები (ფულბრაიტის; მომავალი ლიდერების გაცვლის FLEX; სტუდენტური გაცვლის UGRAD; საკანონმდებლო განათლების და პრაქტიკის LEAP; საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების; ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამები) და დემოკრატიული მართვის პრინციპების ხელშემწყობი აქტივობები.
ამრიგად, მტკიცება, რომ ამერიკის მხრიდან გამოყოფილი თანხა რუსეთის საწინააღმდეგო აგიტაციას ხმარდება და არა საქართველოს განვითარებას, ტყუილია. აშშ-საქართველოს 28- წლიანი ურთიერთობების განმავლობაში აშშ-მა საქართველოს განვითარებაში ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.