„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელსაც მისი განცხადებით ჰაერის დაბინძურება განაპირობებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თუმცა ანა ბიბილაშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც სხვა დაავადებებთან ერთად ასოცირდება კიბოსთან და სასუნთქი გზების დაავადებებთან. ამასთან, ჰაერის დაბინძურებას გავლენას ახდენს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. „ფაქტ-მეტრმა“ დეტალურად გადაამოწმა ის მტკიცებები, რაზეც მერობის კანდიდატი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

განცხადება: საქართველოში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია. ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 78 წელს შეადგენს. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.7 წელია.

ამ მაჩვენებლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების დონეა, რასაც შემდეგ მოსდევს ისეთი პრობლემები როგორიცაა, სრულფასოვანი ჯანდაცვის ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება და ა.შ. რა თქმა უნდა ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე დაბინძურებულ გარემოს პირდაპირ გავლენა აქვს.

ანა ბიბილაშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყოველწლიურად იზრდება. 2001-2019 წლებში ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წლიდან 73.7 წლამდე გაიზარდა.

განცხადება: 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა საქართველოში სამჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

2020 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (1000 ცოცხლადშობილზე) 9.3 პრომილე შეადგინა. გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფის IGME მონაცემებით, ევროპის რეგიონში [SDG regions] 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი საშუალოდ 4.7 პრომილეა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია. საქართველოს მაჩვენებელი ასევე აღემატება, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში [UNICEF regions], რომელიც მოიცავს მათ შორის საქართველოს, 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 8 პრომილეა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება. 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 11.1 პრომილედან 9.3 პრომილემდე შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).

ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. 2015 წელს განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 ცოცხლადშობილზე) 6-მდე უნდა შეამციროს. 5 წლიან პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯამში მხოლოდ 0.9 პუნქტით შემცირდა.

საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ აღემატება და არა 3-ჯერ, როგორც ამას ანა ბიბილაშვილი აცხადებს. ამასთან, ის უგულებელყოფს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მხრივ არსებულ დადებით ტენდენციას. ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 11.1 პრომილედან 9.3 პრომილემდე შემცირდა.

გრაფიკი 1: საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, 1000 ცოცხლადშობილზე [1]

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განცხადება: ჩვენი სტატისტიკით, ბოლო 8 წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა სასუნთქი დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი

ვერდიქტი: სიმართლე

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურება სასუნთქი გზების დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვალების 1,027 შემთხვევა, 2020 წელს კი 4,017 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის მონაცემებით, სასუნთქი სისტემის დაავადებებით სიკვდილიანობამ მთლიანი გარდაცვალების 8% შეადგინა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 2% იყო. მტკიცება, რომ 8-წლიან პერიოდში სასუნთქი სისტემის დაავადებებით გარდაცვალება 4-ჯერ გაიზარდა სიმართლეს შეესაბამება.

გრაფიკი 2: სასუნთქი სისტემების ავადმყოფობებით სიკვდილიანობა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


განცხადება: ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყოველწლიურად იზრდება

ვერდიქტი: მანიპულირება

გაეროს ბავშვთა ფონდის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. კვლევა ჩატარდა 2018 წელს და ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს აღემატება.

ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითად მიზეზებად გამოიკვეთა, ფალსიფიცირებული სუნელები, ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული სათამაშოები და ა.შ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სხვა უმსხვილესი ქალაქების მსგავსად, ქალაქ თბილისშიც ატმოსფერული ჰაერის პრობლემურ დამაბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს. სხვა მავნე ნივთიერებები, მათ შორის ტყვია, ნორმის ფარგლებშია ან მკვეთრად დაბალია ნორმაზე.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს სცდება, თუმცა მტკიცება, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყოველწლიურად იზრდება დაუსაბუთებელი და მანიპულაციურია, რადგან წინა წლების მსგავსი სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება. ასევე დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ჰაერის ხარისხით არის განპირობებული, რადგან ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება.

[1] შენიშვნა: 2000-2013 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2014 წლიდან ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი