კახა კალაძე: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე გამოვასწორეთ, მაგრამ კიდევ გვაქვს რესურსი და მომდევნო წლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ 15%-ით შევამციროთ დაბინძურება

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის პრობლემურ დამაბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს. სხვა მავნე ნივთიერებები, მათ შორის ტყვია, ნორმის ფარგლებშია ან მკვეთრად დაბალია ნორმაზე. 2017 წლიდან 2020 წლამდე დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია საშუალოდ 22.8% და 16.4%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, კახა კალაძის განცხადება, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დაწყებულია, თუმცა გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება, სიმართლეა. კალაძე განცხადებაში მხოლოდ მყარ ნაწილაკებზე ამახვილებს ყურადღებას და არაფერს ამბობს აზოტის დიოქსიდის შემცველობაზე, რომლის რაოდენობა დედაქალაქის ჰაერში მხოლოდ უმნიშვნელოდ არის შემცირებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ავტოპარკი დედაქალაქში ყოველწლიურად 5%-ით იზრდება, მაინც მცირედით გაუმჯობესებული მონაცემები ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანა ბიბილაშვილი: კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც არის მანიპულაცია ციფრებით. მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, თბილისი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი... ჰაერის ხარისხი არ იზომება ასე ჰაერში ციფრებიდან, ჰაერის ხარისხი დამოკიდებულია ქაოტურ მშენებლობებზე. ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი არის მშენებლობები და სატრანსპორტო კოლაფსი...ბოლო 30 წელშიც კი, არცერთი სწორი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ამ ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, რაც ნიშნავს რომ, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.

ვერდიქტი: მანიპულაცია

რეზიუმე: თბილისის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა 22.8 და 16.4%-ით შემცირდა, რაც როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური წყაროების შემცირებამ განაპირობა. ანთროპოგენურ წყაროებს მიეკუთვნება მშენებლობები. ამ მიმართულებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, გამკაცრდა სამშენებლო რეგულაციები, რაც შემდეგ მოთხოვნებს მოიცავს: ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისთვის სანქციის დაწესება, მშენებარე კონსტრუქციის ამტვერებადი მასალის შეფუთვის ვალდებულება, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდით დამუშავება.

გარდა ამისა, გაუმჯობესდა დიზელის საწვავის ხარისხი, რითაც შემცირდა გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევები და შესაბამისად, შემცირდა გოგირდის დიოქსიდისგან წარმოქმნილი მეორადი მყარი ნაწილაკებიც. ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განახლდა ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლები, რამას სამომავლო პერსპექტივაში, ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება უნდა განაპირობოს.

აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არცერთი სწორი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული შეფასება. ამ განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთ დაბინძურებულ ქალაქად არის მიჩნეული. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია შეიმჩნევა, რასაც მყისიერი გავლენა სავარაუდოდ ატმოსფეროს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობაზე ვერ ექნებოდა (რაზეც ანა ბიბილაშვილი ვიდეოს სრულ ვერსიაში აპელირებს) და გრძელვადიან პერიოდში მოიტანს შედეგს. ამ ტენდენციის ნიველირება დაავადებათა სტატისტიკის მოყვანით მანიპულირებას წარმოადგენს.

ანალიზი

თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ჰაერის გასუფთავების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების რესურსი ჯერ კიდევ არის. „სუფთა ჰაერი - ჰაერის მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება მინიმუმ 15%-ით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე გამოვასწორეთ, მაგრამ კიდევ გვაქვს რესურსი და მომდევნო წლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ 15%-ით შევამციროთ დაბინძურება“,- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებას მერობის კიდევ ერთი კანდიდატი „ლელო საქართველოსთვის“ - ანა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით გამოეხმაურა:

„რამდენიმე დღის წინ კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც არის სრული მანიპულაცია ციფრებით, რეალობა არის ძალიან მძიმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია...ჰაერის ხარისხი არ იზომება ჰაერზე და დამოკიდებულია ქაოტურ მშენებლობაზე. დღეს მშენებლობები თბილისში აბინძურებს ჰაერს. მეორე უმთავრესი დამაბინძურებელია სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც არ დამთავრდა თბილისში...ბოლო 30 წელშიც კი, არცერთი სწორი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ამ ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, რაც ნიშნავს რომ, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ“.

2021 წლის დასაწყისისთვის საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მხრივ, მსოფლიოს 106 ქვეყანას შორის 68 ქულით, 47-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება თბილისს, ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი დასაშვებ ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში საშუალოდ 3 741 გარდაცვალებას განაპირობებს. ანგარიშის მიხედვით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია.

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. ატმოსფერული ხარისხი მონიტორინგი ყოველდღიურად ოთხი სტაციონალური და ერთი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სხვა უმსხვილესი ქალაქების მსგავსად, ქალაქ თბილისშიც ატმოსფერული ჰაერის პრობლემურ დამაბინძურებლებს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) და აზოტის დიოქსიდი (NO2) წარმოადგენს. სხვა მავნე ნივთიერებები, მათ შორის ტყვია, ნორმის ფარგლებშია ან მკვეთრად დაბალია ნორმაზე.

დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა შემცირებულია და აღნიშნულ დამაბინძურებლებთან მიმართებით, თბილისის ჰაერის ხარისხი 2017 წელთან შედარებით, 2020 წელს გაუმჯობესებულია. გრაფიკ 1-ზე და გრაფიკ 2-ზე მოყვანილია თბილისში მოქმედი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამი ატმოსფერული სადგურის შედეგები (2017, 2020 წლებში), სადაც მყარი ნაწილაკების წლიური კონცენტრაცია მათთვის დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს არის შედარებული.

გრაფიკი 1: PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გრაფიკი 2: PM2.5-ის საშუალოწლიური კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, ყველა სადგურზე ორივე ფრაქციის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, თუ 2017 წელს PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია წერეთლის გამზირზე დადგენილ ნორმაზე (40მკგ/მ3) მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ყაზბეგის გამზირზე ზღვარს სცდებოდა, ხოლო ვარკეთილში ზღვართან მაქსიმალურად ახლოს იყო, 2020 წლის მონაცემებით, სამივე, სადგურზე, აღნიშნული სიდიდე ნორმას აღარ აჭარბებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, PM2.5-თან დაკავშირებითაც მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა. სამივე სადგურზე დაბინძურების დონემ იკლო. თუკი 2017 წელს ეს სიდიდე იმდროინდელ ნორმას (25 მკგ/მ3) წერეთლის გამზირზე აჭარბებდა, 2020 წელს არცერთ სადგურზე გამკაცრებული ნორმის (20 მკგ/მ3) გადაჭარბება არ ფიქსირდება.

თუ აღნიშნულ მონაცემებს გავაანალიზებთ ვნახავთ, რომ სამი სადგურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლიდან 2020 წლამდე ჰაერში მყარი ნაწილაკების წლიური კონცენტრაცია საშუალოდ 22.8%-ით (PM10-ის შემთხვევაში) და 16.4%-ით (PM2.5) არის შემცირებული.

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მყარი ნაწილაკების გაფრქვევის წყაროები ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებად იყოფა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, თბილისის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10-PM2.5) შემცირება ორივე ამ ტიპის წყაროების შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, ბუნებრივი წყაროებიდან შემცირდა როგორც ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრა, ისე ღია გრუნტიდან ამტვერება. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის გარედან, კერძოდ, საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და და შუა აზიის უდაბნოებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მტვრის მასების შემოჭრა საკმაოდ ხშირ ხასიათს ატარებს, ამ მოვლენას 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაცილებით იშვიათი სახე ჰქონდა. მაგალითისთვის, თუ 2017 წელს წერეთლის გამზირზე უდაბნოს მტვრის შემოჭრის გამო PM10-ის დღიური ნორმის გადაჭარბება 78-ჯერ დაფიქსირდა, იგივე მაჩვენებელმა 2020 წელს 27-მდე დაიწია, კიდევ ერთი ბუნებრივი წყაროდან - ღია გრუნტიდან მყარი ნაწილაკების გავრცელების მასშტაბის შემცირება, დედაქალაქში გაზონების მოვლა-პატრონობის, მულჩირების თუ სხვა საშუალებებით მიწის ზედაპირების დაფარვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით, იქნა უზრუნველყოფილი.

დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი ანთროპოგენური წყარო თბილისში მიმდინარე მშენებლობებია, რა დროსაც ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევა ხდება. ამ მიმართულებითაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიებები განახორციელა. კერძოდ, გამკაცრდა სამშენებლო რეგულაციები, რაც შემდეგ მოთხოვნებს მოიცავს: ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისთვის სანქციის დაწესება, მშენებარე კონსტრუქციის ამტვერებადი მასალის შეფუთვის ვალდებულება, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდით დამუშავება. შესაბამისი ცვლილებები (მუხლი 1191, მუხლი1526) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2019 წლის 30 მაისს შევიდა, დასახელებული დებულებების უმეტესი ნაწილი 2019 წლის ზაფხულიდან, ნაწილი კი 2020 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

გარდა ამისა, გაუმჯობესდა დიზელის საწვავის ხარისხი, რითაც შემცირდა გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევები და შესაბამისად, შემცირდა გოგირდის დიოქსიდისგან წარმოქმნილი მეორადი მყარი ნაწილაკებიც.

მყარ ნაწილაკებთან ერთად დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდია (NO2), რომლის გარკვეული რაოდენობა ჰაერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის წვის შედეგად (განსაკუთრებით დიზელის) წარმოქმნილი გამონაბოლქვიდან ხვდება.

განხილული ანგარიშის მიხედვით, 2017-2020 წლის ინდიკატორული გაზომვების შედეგებით, აზოტის დიოქსიდით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. „აღნიშნულ პერიოდში, თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა ავტოპარკის ყოველწლიურად საშუალოდ 5%-იანი ზრდის პირობებში, მაინც მცირედით გაუმჯობესებული მონაცემები ფიქსირდება. კერძოდ, 2017 წელს აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდიკატორული დაკვირვების 21-დან 17 პუნქტზე ზღვრულ ნორმას, 2018 წელს 21-დან 16 პუნქტზე, 219 წელს 25-დან 13, 2020 წელს კი 25-დან 12 პუნქტზე, აღემატებოდა“,- აღნიშნულია კვლევაში.

ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დიდი ოდენობით კონცენტრაციისგან დასაცავად, საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 4 სტანდარტს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაუტოლდა, ხოლო ევრო 5 სტანდარტზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან გადავიდა. მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მაღალი წილი პრობლემად რჩება. აღნიშნულში კი გარკვეული წვლილი არასათანადოდ ჩატარებულ ავტომობილების ტექდათვალიერებასაც მიუძღვის, მით უმეტეს, რომ საქართველოში მოძრავი ავტომობილების მესამედი დედაქალაქზე მოდის. შესაბამისად, ელექტრომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნამ, ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლებამ და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლების მოწყობამ სამომავლოდ ატმოსფერულ ჰაერში NO2-ის კონცენტრაციის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.

დასახელებულ ვიდეოში ანა ბიბილაშვილი ჰაერის ხარისხს ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზადაც განიხილავს. აღნიშნულ საკითხებს „ფაქტ-მეტრმა“ ცალკე სტატია მიუძღვნა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი