დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსგან“ კობა მურადაშვილი განათლებით იურისტია. 1995 წლიდან მიმდინარე წლის მარტამდე მურადაშვილი ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო შსს-ს ქვემო ქართლის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი, ხოლო მოგვიანებით ამავე რეგიონში ანტიკორუფციული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას მიღებული აქვს სამკერდე ნიშანი „ოცი წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“.
მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი „ფაქტ-მეტრს“ საკუთარ გეგმებსა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა.
- რატომ გადაწყვიტეთ დმანისის მერობისთვის ბრძოლა?
- დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც 2012 წლის მერე მართავს ქვეყანას, არის მშვიდობა, გვაქვს გარკვეული სახის მიღწევები, თუმცაღა მეტი გვწყურია. არის ერთობ ახალგაზრდა გუნდი, გულანთებული და ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ საქართველოში ამ გუნდისნაირი სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა არ არსებობს. ანუ ,,ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს ალტერნატივა არა აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, მსოფლიოში ამხელა არეულობებია, სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა ინტერესები აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაინც ზუსტად ისე მივდივართ, როგორც ერთ-ერთ ევროპულ, მშვიდობიან და პატრიოტ ქვეყანას შეეფერება. ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ხალხის სიკეთე, თითოეული კუთხის განვითარება და ყველაზე მთავარი განაცხადი - ევროკავშირის წევრობა. მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო, ვცადო ჩემი შესაძლებლობები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე დავაგროვე და ახლა აქ გამოვიყენო, ჩემს მშობლიურ კუთხეში.
- რამდენად კარგად იცნობთ დმანისისთვის დამახასიათებელ პრობლემებს და რომელს მიიჩნევთ უმნიშვნელოვანესად?
- თითქმის ყველა კუთხე და კუნჭული ვიცი ამ მუნიციპალიტეტის. შემოვლილი მაქვს ყველა სოფელი, ვიცი თითოეულში რა პრობლემებია, ქალაქში რა პრობლემებია. დმანისში, რომელსაც ჰქვია პირველი ევროპელების ქალაქი, არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ჩემ წინამორბედებს შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ აქამდე უფრო მეტი. მე მჭირდება ისეთი დმანისი, როგორიც არის, ვთქვათ, რუსთავი, მცხეთა, გორი. აქაც სჭირდებათ ახალგაზრდებს განვითარება, ცხოვრებისეული პირობები და, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემები არის, არსებობს და ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მათი გადაჭრა. მე მინდა, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთო თუნდაც ელემენტარული სიკეთე…
- მაგალითად?
- მინდა, რომ კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები შეიქმნას, ასევე იერსახე, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, იყოს დასასვენებელი ადგილები, თუნდაც ლიტერატურული კაფე, წესიერი სუპერმარკეტები. ახალგაზრდული ცხოვრება, სამწუხაროდ, ჩვენს რაიონში არ არის. გპირდებით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სულ სხვანაირ დმანისს იხილავთ.
- როგორ გააკეთებთ ამას, კონკრეტული გეგმები გაქვთ?
- ჯერ ერთი, დღევანდელი ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნებისგან“, უპრეცედენტო მხარდაჭერა მაქვს. არის გარანტიები, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, პრიორიტეტად იყოს დმანისის მუნიციპალიტეტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განვითარება. გარკვეული წლების განმავლობაში აქ არ შემოდიოდა ისეთი ინოვაციური პროექტები, რომლებიც მოსახლეობის სწრაფ განვითარებაზე აისახებოდა. დაკნინებულია ტურიზმი. ელემენტარული ინფრასტრუქტურული პირობები რომ იყოს, ხალხი ჩამოვიდოდა, 3-4 დღით გაჩერდებოდა და ამ ღირსშესანიშნაობებს ნახავდა. მაქვს ეს პროგრამა, ეს გეგმა და იმ ბიუჯეტით, რომელიც გვაქვს და იქნება, ალბათ, კიდევ დამატებით, ამის განხორციელება შესაძლებელია. იმედი მაქვს, რომ სარეზერვო ფონდებიდან იქნება გამოყოფილი გარკვეული სახის თანხები, რითაც შევძლებთ, რომ უმოკლეს დროში განვავითაროთ ეს რეგიონი და ჩვენი, ,,ქართული ოცნების” ხელი დაეტყოს ამ მუნიციპალიტეტს.
- უპირველესად რას გააკეთებთ?
-ვაპირებთ უნივერსალური სპორტული კომპლექსის აშენებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ელემენტარული ტურისტული ობიექტების აშენებას. მე უნდა ვკითხო ხალხს, ამ ჩამოთვლილი პირველადი პრობლემებიდან, რომლით დავიწყოთ რაიონის განვითარება. რომელიც პრიორიტეტული იქნება მათთვის, იმას გავაკეთებ. ეს პირობა მივეცი ხალხს წინასაარჩევნო პერიოდში და როგორც ხალხი მეტყვის, ისე გავაკეთებ, მაგრამ მაინც მთავარ პრობლემად რჩება უწყლობა მუნიციპალიტეტში. მაინც მინდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დავიწყოთ დმანისის განვითარება და მერიაში შესვლის დღიდანვე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ვიზრუნოთ.
- გაქვთ, თუ - არა დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა და თუ გაქვთ, არჩევის შემთხვევაში, რა პერიოდში დაიწყებთ მის განხორციელებას?
- გრძელვადიანი პროგრამაზე ყოველთვის უნდა მიდიოდეს მუშაობა. მე მაინც დმანისის განვითარებას ტურისტული მიმართულებით ვხედავ. რა თქმა უნდა, არის აქ მეცხოველეობა, შექმნილია კოოპერატივები, ფერმერული მუშაობა მიმდინარეობს. მინდა, რომ თითოეულ მოსახლეს ჰქონდეს გარკვეული შემოსავალი და ყველაზე მარტივი არის შემოსავლის მიღება ტურისტული ბიზნესიდან. ვთქვათ, ჩამოვა მოქალაქე პარასკევ დღეს, ნახავს პირველი ევროპელების ნაქალაქარს, შემდეგ წავა პანტიანის ტბაზე, წყალსაცავს, კანიონებს, გომარეთის ტბებს მოინახულებს, წალკაში დაშბაშის კანიონს ნახავს, მაღაზიებში ფულს დახარჯავს. ტურიზმის განვითარება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი გრძელვადიანი პროგრამისთვის. ერთი რომ გააკეთებს, მეორე მიბაძავს და ამაში სახელმწიფო ხელს შეუწყობს იმ პროგრამებით, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მოსახლეობამ მათი არსებობის შესახებ არ იცის.
- რას ფიქრობთ დეცენტრალიზაციის შესახებ?
- ვინაიდან ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩათვალეთ, რომ რაიონი არის დეცენტრალიზებული და არის დამოუკიდებელი. მას ჰყავს არჩეული მერი, არჩეული საკრებულო. მერიას აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განახორციელოს თითოეული პროექტი და პროგრამა, რომლებსაც წამოიწყებს. მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მათი მხარდაჭერა გვჭირდება, ერთიანი სტრატეგიული გეგმა. ცენტრალური ხელისუფლების დახმარება არის აუცილებელი. მივაღწევთ იმას, რომ რაიონი იქნება დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, ყველანაირად.
- როგორ მიაღწევთ, რომ მუნიციპალიტეტი იყოს დამოუკიდებელი?
- დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენს ხალხთან ერთად იყო დამოუკიდებელი და არა მარტო შენ იყო დამოუკიდებელი როგორც ხელისუფლებისგან, ისე ხალხისგან. ჩვენ ხალხთან ერთად ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ რაიონში. მაგალითად: არის ერთი სერიოზული პროექტი, რომ ცხრამეტ სოფელს ჰქონდეს უწყვეტი წყალმომარაგება. 36-მილიონიანი ტენდერი უკვე დაწყებულია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ შეგვიძლია, ამ პროექტს მივაბათ ის ადგილები, სადაც მოსახლეობამდე წყლის მილი ვერ აღწევს და უკვე ჩვენ მივეხმაროთ და დავუფინანსოთ.
- თუ აქვს მუნიციპალიტეტს რესურსები, რომელთა ათვისება და რაციონალური გამოყენება მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს?
- ქალქში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქი ქალაქს უნდა ჰგავდეს და სოფელი სოფელსაო, ასეა ნათქვამი. ასევე აუთვისებელ რესურსად რჩება ჩვენი ბუნება. ის რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. იქ ტურისტულ ობიექტებს გავაკეთებთ, ტყის ზოლებს ავითვისებთ, სადაც საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, სხვადასხვა სალაშქრო მარშრუტები გაკეთდება. ამაში სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება, რომ თავისუფლად განვავითაროთ.
- ზოგადად, დმანისი არის მწვანე ქალაქი…
- მწვანე ქალაქია და ასეთ მწვანე მუნიციპალიტეტად უნდა დავტოვოთ. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ბუნების დაზიანებით. შესაბამისი უწყებები მუშაობენ უკვე.
მე შევხვდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, ეკოტურიზმის მიმართულებით მომუშავეს. წარმოგვიდგინეს შესანიშნავი პროგრამა. ჩვენი ტერიტორია და ბუნება სწორად უნდა ავითვისოთ.
- რატომ უნდა მოვიდეს ბიზნესმენი დმანისში?
- მაღალმთიან რეგიონში ვართ, 1500 მეტრამდე. ყველა სოფელი და მათ შორის, ქალაქიც, მაღალმთიან რეგიონად იწოდება და ყველაზე მთავარი - სულ რაღაც 85 კილომეტრია თბილისიდან. მარტივად შეიძლება ჩამოხვიდე და ნახო. ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სახელმწიფო ელემენტარულ პირობებს შეუქმნის. ვთქვათ, გზას გაუყვანს, წყალი ექნება, განათება, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. სადაც გზა არის, წყალი, დენი და გაზი, იქ შეიძლება ცხოვრებაც და ბიზნესის კეთებაც.
- რატომ ვერ აითვისეს ეს რესურსები აქამდე?
-სამწუხაროდ, მე ახლა ინდივიდებზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ მე მაქვს ამბიცია და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემ წინამორბედებზე უკეთესი მერი ვიყო და რატომ ვერ აითვისეს, ალბათ, იმათ უნდა ჰკითხოთ. კი ვერ აითვისეს, არ აითვისეს, მე ასე ვთვლი.
-რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ, რომ გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები გამოჩნდა სახელმწიფო უწყებებში, რაც ჩემთვის მიუღებელია. დღევანდელი მოქმედი მერი იმყოფება ქვეყნის ოპოზიციაში და არსებული ხელისუფლების მიმართ არის ოპოზიციურად განწყობილი. მთავრობა კი არ უშლიდა ხელს, ალბათ, უფრო ის, რომ გადართულია სხვა მიმართულებაზე და არ იზიარებს მთავრობის პოზიციას. ის გარიცხეს პარტიიდან, რადგან მისი ქმედებები პარტიის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მოქმედმა მერმა ღიად დაიწყო ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა. მე არ მომწონს, რომ ჩემი რაიონი ასეთ დღეშია, მეტი ამბიცია მაქვს და თუ ვინმეს მოსწონს, გამოვიდეს და ღიად თქვას. შემიძლია დისკუსიაც გავმართო.
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებთ?
- ერთი თვეა, წინასაარჩევნო კამპანიაში ვიმყოფები და ჯერ არ ყოფილა ისეთი აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობოებთან, ანუ მაგ კუთხითაც პრობლემაა მუნიციპალიტეტში. მე ახლა მქონდა კომუნიკაცია საყდრისის კომიტეტთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული კომპანია „არემჯის“ საქმიანობაში… შევხვდი ეუთოს წარმომადგენლებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან.
- კიდევ რა პრობლემები აქვს მუნიციპალიტეტს?
- პრობლემაა საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა. ასევე, სოფლებში არის ენის ბარიერის პრობლემა, ეს ჩემთვის მიუღებელია. მოქალაქე თავის სამშობლოში ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს, რადგან ქართული ენა არ იცის. საქართველოში დოკუმენტების წარმოება სახელმწიფო ენაზე - ქართულად მიმდინარეობს. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც 70% არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიყენებდი თარჯიმანს, რომელსაც აქვს გარკვეული სახის გამოცდილება. აუცილებლად უნდა იყოს თარჯიმანი, შეიძლება ჰყავთ კიდევაც, ეს მე არ მიკითხავს. ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ ჩვენს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართული ენა ვასწავლოთ. თუმცა ეს მალე ვერ მოხერხდება. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ მათ სრულ წვდომას თუნდაც აზერბაიჯანულ ენაზე.
საბავშვო ბაღებს ავაშენებთ დიდ სოფლებში და იქ დაიწყება ქართული სწავლა-განათლება, ეს აუცილებელია. ვაპირებ, რომ, პირველ რიგში, ახალ თაობაზე გადავერთო, ეს რაიონი მართოს ახალმა თაობამ, რა თქმა უნდა, უფროსებთან შეთანხმებით და მოხდეს ქართული ენის სწავლება, ეთნიკური აზერბაიჯანელების შვილების ინტეგრირება საკუთარ სამშობლოსთან. მერე უკვე ინფორმაციის ვაკუუმი აღარ იქნება. იმ ბავშვებსაც შეუძლიათ, აუხსნან მშობელს, პაპას, ბებიას, რასაც ისწავლიან…
- გაქვთ რამე გეგმა, რომ ამ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, რომლებმაც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს, ან დაამთავრებენ, აქ დასაქმდნენ?
- მოსახლეობასთან შეხვედრებზე ეგ ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების სლოგანია - ვიპოვოთ აქაური განათლებული ახალგაზრდები, მათ შორის, ექიმები, სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე სტუდენტ-ახალგაზრდობა და დავაბრუნოთ მუნიციპალიტეტში.
- და სად დაასაქმებთ?
- ხომ ხვდებით, მე ვიქნები მუნიციპალიტეტის მერი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ შევკრა ახალგაზრდა გუნდი. მათ უნდა მართონ დმანისი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, შევქმნა და დავტოვო ისეთი ძალა, ისეთი ბირთვი, რომელიც იქნება ხალხზე ორიენტირებული, სამშობლოს სიყვარულით იქნება შეპყრობილი და არ მოიპარავს ხალხის ფულს. არ დააზარალებს მოსახლეობას. მე მჯერა, რომ ახალგაზრდობა ამას არ გააკეთებს. მათთვის მიუღებელია სახელმწიფოდან თითოეული ლარის აღება და ჯიბეში ჩადება.