21 სექტემბერს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის გუნდმა გადაცემაში გაჟღერებული ძირითადი ფაქტები გადაამოწმა.

განცხადება 10

ზაზა ხატიაშვილი: ძალიან დიდი პრობლემაა ის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მიდის თბილისში. თქვენ კარგად იცით, რომ გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და როცა თბილისის მერიამ იცოდა, რომ შესაძლო იყო ესკალაცია მხარეებს შორის, მას უნდა მიეღო ყველა ზომა ადამიანებს შორის დაპირისპირების აცილებისთვის.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა ხატიაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიული საზოგადოების საჭიროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გამო. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება გავრცელდეს უმცირესობების მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე. ღირსების მარშის მიზანი, უმცირესობათა მიმართ ცნობიერების ამაღლება და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლა იყო. აღნიშნული ვერ იქნება დემოკრატიული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი. შესაბამისად, თბილისის მერიის მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელება კანონიერი ვერ იქნებოდა. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, თუ სხვადასხვა მანიფესტაციას შორის, დაპირისპირება გარდაუვალია, მაშინ სახელმწიფო იმ ჯგუფს უზღუდავს უფლებას, რომლის მხრიდანაც ძალადობის საფრთხე მომდინარეობს.

ანალიზი:

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებში სიტყვით გამოსვლისას, „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ლგბტ პროპაგანდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მერიას უნდა მიეღო ღირსების მარშის გამოხატვის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება - „ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა ის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მიდის თბილისში. თქვენ კარგად იცით, რომ გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და როცა თბილისის მერიამ იცოდა, რომ შესაძლო იყო ესკალაცია მხარეებს შორის, მას უნდა მიეღო ყველა ზომა ადამიანებს შორის დაპირისპირების აცილებისთვის“.

შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამგვარი შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის არის საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, ღირსების მარშის გაცხადებულ მიზნებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა წარმოადგენდა. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, სწორედ სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების უფლებათა დაცვაა. ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება უზრუნველყოს. უმცირესობების მიმართ საზოგადოების ფართო მასებში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, არ შეიძლება გახდეს თავად ამ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის საფუძველი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2).

შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისას, შეზღუდვით დაცული სიკეთე, შეზღუდვით მიყენებულ ზიანს უნდა აღემატებოდეს. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის კრიტიკულად საჭირო ისეთი სიკეთე, რომელიც გაამართლებდა კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის უფლებათა შეზღუდვას. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები, მათსავე სუბიექტურ აღქმებს, ირაციონალურ შიშებსა და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიუღებლობას ემყარება. აღნიშნული ვერ ჩაითვლება ისეთი მნიშვნელობის სიკეთედ, რომელიც სხვა ადამიანების უფლებათა შეზღუდვის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის არცერთი წინაპირობა, ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილის მტკიცება, რომ მერიას ღირსების მარშის გამოხატვის უფლება, დემოკრატიული საზოგადოების საჭიროების არგუმენტით უნდა შეეზღუდა, არისმანიპულირება.

განცხადება 9

გიორგი გაჩეჩილაძე: „დღევანდელი მდგომარეობით, ეს გახლავთ დაახლოებით 50 ათასი ოჯახი თბილისში, რომელიც ითხოვს შემწეობას. აქედან ნახევარი ვერ იღებს, რატომღაც... აქედან 47 ათასი არასრულწლოვანი არის სწორედ ამ ოჯახებში მოქცეული.“

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის სიმართლე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, 2021 წლის აგვისტოს მიხედვით, თბილისში დარეგისტრირებულია 65 660 ოჯახი. აქედან შემწეობას 36 970 ოჯახი იღებს.

რაც შეეხება 6-18 წლის ასაკის პირებს, რეგისტრირებულთა რაოდენობა 43 270-ს შეადგენს, ხოლო ბაზაში რეგისტრირებული 0-6 წლის ასაკის ბავშვების რაოდენობა 13 755-ს აღწევს. ჯამში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, 0-18 წლის ასაკის 57 025 პირია რეგისტრირებული.

განცხადება 8

კახა კალაძე: არავის არ დაუბრალებია და არავის არ უთქვია ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

კახა კალაძის თანაგუნდელის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებები გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებით გასულ კვირაში არაერთხელ მოვისმინეთ. შესაბამისად, კალაძის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი.

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებისას, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, ასევე, მერობის კანდიდატ, კახა კალაძეს ჰკითხა, იზიარებდა, თუ - არა ის მისი თანაგუნდელების ბრალდებებს მის ნარკომანობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

სინამდვილეში, „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებით ბრალდებები თუ ვარაუდები არაერთხელ მოვისმინეთ.

18 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ბანკებით“ სირბილს ურჩევნია, „კოკაინს“ შეეშვას. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას მოჰყვა.

მოგვიანებით, ისევ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს კოკაინს არ მოიხმარდა და მას ეს პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა. „ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ“, -აღნიშნა მან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი თავდაპირველად სწორედ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ჩააბარა და იგივე ქმედებისკენ სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

განცხადება 7

გიორგი გაჩეჩილაძე: არსებობს ქალაქში ცხოვრების შეფასების საერთაშორისო ინდექსები, 241 ქალაქში ვართ 193-ე ადგილზე ცხოვრების ხარისხის ინდექსში, მათ შორის, მსყიდველუნარიანობის მიხედვით 230-ე ადგილზე ვართ, ეკოლოგიური თვალსაზრისით - 213-ე ადგილზე.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის სიმართლე.

საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში განაცხადა: არსებობს ქალაქში ცხოვრების შეფასების საერთაშორისო ინდექსები, 241 ქალაქში ვართ 193-ე ადგილზე ცხოვრების ხარისხის ინდექსში, მათ შორის მსყიდველუნარიანობის მიხედვით 230-ე ადგილზე ვართ, ეკოლოგიური თვალსაზრისით 213-ე ადგილზე.

ცხოვრების დონის მიხედვით ქალაქების რეიტინგი, რომელზეც გიორგი გაჩეჩილაძე საუბრობდა Numbeo-ს ეკუთვნის. Numbeo ე.წ „ქრაუდ ფანდინგის“ (Crowd Funding) მეთოდით დაფინანსებული მონაცემთა ბაზაა და ცხოვრების დონის ანალიტიკური მაჩვენებლების ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს. სხვადასხვა დროს, გამოცემას ციტირებდნენ: Forbes, Business Insider, Time, The Economist, BBC, The New York Times, China Daily, The Telegraph.

დასახელებულ ცხოვრების ხარისხის ინდექსში შეფასებულია ცხოვრების დონე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კომპონენტიდან გამომდინარე. რეიტინგში ადგილს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: მსყიდველუნარიანობის ინდექსი, დაბინძურების ინდექსი, ქონების ფასის შემოსავლებთან თანაფარდობის ინდექსი, ცხოვრების ღირებულების ინდექსი, უსაფრთხოების ინდექსი, ჯანდაცვის ინდექსი, ტრანსპორტით გადაადგილების დროის ინდექსი და კლიმატის ინდექსი.

პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის ინდექსში თბილისი 193-ე ადგილზე იმყოფება, მათ შორის მსყიდველუნარიანობის ინდექსით 230-ე, ხოლო დაბინძურების (ეკოლოგიური) ინდექსით 213-ე ადგილზე. თუმცა, ინდექსში წარმოდგენილია 251 და არა 241 ქალაქი. ასევე, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მონაცემები იხილეთ Numbeo-ს ვებ-გვერდზე.

განცხადება 6

კახა კალაძე: 2020 წელს დედაქალაქში 685 000 ავტომობილი გადაადგილდება, აქედან 90% არის ძველი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს დედაქალაქში 574 069 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება ავტოპარკის ასაკობრივ შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე დედაქალაქის ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება მოცემული არ არის. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მთლიანად საქართველოში არსებული მანქანების 50.8% 20 წელზე მეტი წლისაა, 34% - 11-20 წლის.

ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არსებული მანქანების 85% მოძველებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოპარკის მესამედი დედაქალაქზე მოდის, ლოგიკურია, გვევარაუდა, რომ დედაქალაქის ავტომობილების უმრავლესობაც 10 წელზე მეტი წლისაა. თუმცა, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით გავარკვიეთ, რომ დასახელებულ მონაცემებში ის ავტომობილებიც ფიქსირდება, რომლებიც რეალურად საქართველოში (მათ შორის დედაქალაქში) აღარ გადაადგილდებიან (სიძველის გამო ექსპლუატაციიდან გამოსულია და გაჩერებული ან ნაწილებად არის დაშლილი), მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალურად რეგისტრაციიდან მოხსნილნი არ არიან, ამ სტატისტიკაში ისევ ფიგურირებენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს ავტომობილების ასაკობრივი შეფასება რეალურ სურათს აცდენილია.

დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ სტატიაში.

განცხადება 5:

მიხეილ ქუმსიშვილი:40 000 თბილისელი მიდის უფასო სასადილოებში და 1.18 თეთრად კვებავს ბატონი კახი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 18 475 000 ლარი არის გათვალისწინებული. დედაქალაქის ათივე გამგეობაში რეგისტრირებული უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა 38 914-ია. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიურ კვებაზე 1.3 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელსაც უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის სადილისთვის იგივე რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციამ 16,2% შეადგინა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები იმ პროდუქტებზე, რომელიც უფასო სასადილოს მენიუს ძირითადი შემადგენელია. აქედან გამომდინარე, მომავალ წელ, უფასო სასადილოს ბენეფიციარების მომსახურება იგივე ფასად, იგივე მენიუთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გაძნელდება.

მიხეილ ქუმსიშვილი ბენეფიციართა რაოდენობასა და ერთი ადამიანის კვებაზე გამოყოფილ თანხას მცირედი ცდომილებით ასახელებს, თუმცა მთლიანი კონტექსტი დამახინჯებული არ არის. შესაბამისად, მიხეილ ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

დაწვრილებით იხილეთ სტატია.

განცხადება 4:

ანა ბიბილაშვილი:საქართველოში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია ვიდრე ევროპის ქვეყნებში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია. ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ეს მაჩვენებელი 78 წელს შეადგენს. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.7 წელია.

ამ მაჩვენებლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების დონეა, რასაც შემდეგ მოსდევს ისეთი პრობლემები როგორიცაა, სრულფასოვანი ჯანდაცვის ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება და ა.შ. რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაბინძურებულ გარემოს პირდაპირ გავლენა აქვს.

ანა ბიბილაშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყოველწლიურად იზრდება. 2001-2019 წლებში ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წლიდან 73.7 წლამდე გაიზარდა.

განცხადება 3:

ანა ბიბილაშვილი:საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

ვერდიქტი:„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

2020 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (1000 ცოცხლადშობილზე) 9.3 პრომილე შეადგინა. გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფის IGME მონაცემებით, ევროპის რეგიონში [SDG regions] 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი საშუალოდ 4.7 პრომილეა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია. საქართველოს მაჩვენებელი ასევე აღემატება, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში [UNICEF regions], რომელიც მოიცავს მათ შორის საქართველოს, 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 8 პრომილეა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ აღემატება და არა 3-ჯერ, როგორც ამას ანა ბიბილაშვილი აცხადებს. ამასთან, ის უგულებელყოფს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მხრივ არსებულ დადებით ტენდენციას. ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 11.1 პრომილედან 9.3 პრომილემდე შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1:საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, 1000 ცოცხლადშობილზე [1]

განცხადება 2:

ანა ბიბილაშვილი:სოციალურ სააგენტოში რეგისტრირებულია 1 მლნ.ზე მეტი ადამიანი.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება არის სიმართლე

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1,064,911 მოქალაქე (344,894 ოჯახი) არის რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიმღები არის 622,923 მოქალაქე (168,798 ოჯახი), რაც მთლიანი მოსახლეობის 16.7%-ია.

2020-2021 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი პირდაპირ აისახა შინამეურნეობების კეთილდღეობაზე, რასაც ჰქონდა გამაღარიბებელი ეფექტი. მეორეს მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებამ იქონია. (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

განცხადება 1:

გიორგი ლომია: [ქართულმა ოცნებამ] ორგზის საპარლამენტო პარტიას [საქართველოს პატრიოტთა ალიანსს] კომისიაში წევრები წაართვა მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამაც რჩევა მისცა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ლომიას განცხადება არის სიმართლე.

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებში სიტყვით გამოსვლისას, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ [ქართულმა ოცნებამ] ორგზის საპარლამენტო პარტიას [საქართველოს პატრიოტთა ალიანსს] კომისიაში წევრები წაართვა მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამაც რჩევა მისცა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება“.

2021 წლის 28 ივნისს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანს“ აღარ აქვს უფლება ცესკოში თავისი წარმომადგენელი დანიშნოს. აღნიშნული, ერთის მხრივ კანონმდებლობის ცვლილებამ, მეორეს მხრივ კი საპარლამენტო მანდატმოპოვებული პირების მიერ ხსენებული პარტიის დატოვებამ გამოიწვია. ცვლილებების მიხედვით, პარტიის მიერ ცესკო წევრის დანიშვნისთვის საჭიროა, რომ მას საპარლამენტო მანდატი მიკუთვნებული ჰქონდეს.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით 2021 წლის 30 აპრილს ვენეციის კომისიამ მოსაზრება გამოაქვეყნა. ანგარიშის 38-ე პარაგრაფი სწორედ ზემოხსენებულ ცვლილებებს შეეხება. ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს იმ ცვლილებების გადახედვას, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნას და საარჩევნო კოდექსის 13(1) და (3) მუხლების გადახედვას საარჩევნო პროცესში შესაძლებლობათა თანასწორობის საერთაშორისო პრინციპთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, ეს ეხება პარტიის უფლების შეზღუდვას კომისიაში წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გიორგი ლომიას განცხადება არის სიმართლე. ის მუხლები, რომლებიც პატრიოტთა ალიანსისთვის ცესკოში წევრის დანიშვნის უფლების შეზღუდვას გულისხმობს, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია. მეტიც, ვენეციის კომისიამ ამ მუხლების გადახედვის რეკომენდაცია გასცა.

[1] შენიშვნა: 2000-2013 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2014 წლიდან ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი