რუსუდან გოცირიძის ციტატა სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი სათაურით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე

სოციალურ ქსელში 2021 წლის 15 სექტემბერს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. Facebook- სტატუსში რუსუდან გოცირიძე ფარული მიყურადების საკითხზე სოციალურ ქსელში არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა. საინფორმაციო სააგენტომ „სფეისნიუსი“ აღნიშნული სტატუსიდან ციტატა კონტექსტის დამახინჯებით ამოიღო და სტატუსის შესახებ მომზადებული მასალის სათაურად გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად სტატიაში „სფეისნიუსი“ რუსუდან გოცირიძის სტატუსს სრულად და უცვლელად გვთავაზობს, სტატიის სათაური მისი ნათქვამის კონტექსტს ამახინჯებს და Facebook-მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

ანალიზი

2021 წლის 15 სექტემბერს საკუთარ Facebook- გვერდზე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ სტატუსი გამოაქვეყნა. სტატუსში რუსუდან გოცირიძე სუს-იდან გამოჟონილ ფაილებსა და ამ ფაილების ირგვლივ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.

რუსუდან გოცირიძემ აღნიშნა: „მე არაფერი მაქვს დასამალი“ - იმ ოპერიდანაა - „ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო“.

არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში??? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის „ცოდვებია“ რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა??

თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს!!!! “

აღნიშნული სტატუსში რუსუდან გოცირიძე პირადი ცხოვრების თვალთვალისა და ჩაწერის მიუღებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რა „ცოდვებს“ ჩადიხარ, დაუშვებელია, „ვიღაც ჩინოვნიკი“ შენს პირად ცხოვრებაში იქექებოდეს.

მიუხედავად აზრის სიცხადისა, სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, ამავე სტატუსის რედაქტირების საშუალებით, რუსუდან გოცირიძემ დამატებით განმარტა, რომ ის სტატუსის პირველ ნაწილში ერთ-ერთ საჯაროდ გავრცელებულ კომენტარს ციტირებდა. „იმისი თქმა მინდა, რომ დასამალი გაქვს თუ არა გაქვს, არავის ესაქმება შესაბამისი ორდერის და აუცილებელი საგამომძიებლო საჭიროების გარეშე შემოიჭრან ჩვენს პირად სივრცეში და გვისმინონ და დააარქივონ ჩვენი საუბრები“, - წერია Facebook-სტატუსში.

ფოტო: რუსუდან გოცირიძის სტატუსი და რედაქტირების დრო

„სფეისნიუსის“ მიერ მომზადებული მასალა საიტზე 12 საათსა და 18 წუთზე გამოქვეყნდა, მაშინ, როცა რუსუდან გოცირიძეს, სხვაგვარი ინტერპრეტაციის გამორიცხვის მიზნით, უკვე დამატებითი განმარტებაც კი ჰქონდა გაკეთებული.

მასალაში აღნიშნული ციტატა იმგვარადაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და სათაურად გატანილი, რომ მკითხველს შთაბეჭდილებას უტოვებს, თითქოს ციტატაში მოყვანილი ფრაზა რუსუდან გოცირიძეს ეკუთვნოდეს.

თანამედროვე მედიასტანდარტების მიხედვით, სათაური შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ცალკე მედიაპროდუქტი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქმეზე „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2018 წელი)“ მსჯელობაში განმარტავს: „ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში“.

ამავე შინაარსის მანიპულაცია „სფეისნიუსმა“ ვახო სანაიას სტატუსის მიმართაც გამოიყენა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). რუსუდან გოცირიძის სტატიასთან დაკავშირებით, ანალოგიურ მანიპულაციას სხვა მედიასაშუალებამაც მიმართა (მეგა TV).

კონტექსტიდან ამოგლეჯილი სათაური, როგორც ცალკე მედიაპროდუქტი, მკითხველთა შეცდომაში შეყვანას და განცხადების ავტორის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი