განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ ახორციელებს. მისი მიზანი განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ნდობის ჯგუფები სკოლაში დასაქმებულებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტების გამოვლენას შეეცდებიან.

პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე „ფაქტ-მეტრს“ განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა ესაუბრა.

-რა არის ამ პროექტის მიზანი და რატომ არის ახლა აქტუალური მისი განხორციელება?

-ეს პროექტი ახლა არ დაწყებულა, მისი პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა. სკოლების დეპოლიტიზების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მხრივ რეგიონებში უფრო რთული ვითარებაა. გადავწყვიტეთ, რომ პროექტში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტიური ადამიანები, განათლებაში დასაქმებულები, რომლებიც ეცდებოდნენ მასწავლებლების უფლებების დაცვას. დემოკრატია არ მუშაობს, თუ საზოგადოება არ არის აქტიური.

საქართველოში პოლიტიკური დივიდენდების, ხმების მოსაპოვებლად განათლების სფეროში დასაქმებულების გამოყენების პრაქტიკა გვაქვს და ეს არ არის ერთი ან ორი წლის გამოცდილება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არც ერთ ხელისუფლებას ამაზე უარი არ უთქვამს და არ შეუქმნია რეალური ბერკეტები იმისათვის, რომ განათლების სისტემა ამ პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცული ყოფილიყო. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებდით ამაზე ყურადღებას, გვქონდა მწვავე რეაქცია, მაგრამ სისტემური მიდგომა არ არსებობდა.

ამ ეტაპზე, სკოლების დეპოლიტიზების პროექტის ფარგლებში, შეიქმნა რეგიონული ნდობის ჯგუფები, რომლებიც ყველა რეგიონში სამოქალაქო აქტივისტების ერთგვარ ქსელს წარმოადგენს. ჯგუფის წევრები განათლების დეპოლიტიზებისა და სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის ერთიანდებიან. ნდობის ჯგუფების მიზანია, განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის ან/და საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის ფაქტების იდენტიფიცირება, რეაგირება და ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც გავრცელდება ინფორმაცია ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებების და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.

ასეთი ჯგუფების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტად გახსნილ კომუნიკაციას, დროულ სამოქალაქო რეაგირებასა და დეპოლიტიზების პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ფორმირებას.

გვინდა, რომ ამ პროექტმა საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმა შეიძინოს და რაც შეიძლება, მეტი მასწავლებელი და განათლების სისტემის გულშემატკივარი ადამიანი გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, ეს ხვალვე არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არსებული რეალობა გარდავტეხოთ, პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ და საბოლოოდ განათლების სისტემა გავათავისუფლოთ პოლიტიკური გავლენებისგან. ჩვენ სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს და ვცდილობთ, ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ. თუ ახლა არ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, ამ კატასტროფულ რეალობაში დავრჩებით. სულ მალე ადგილობრივი არჩევნებია და გამოცდილება გვკარნახობს, რომ საკმაოდ მრავლად იქნება მნიშვნელოვანი გადაცდომები და დარღვევები.

-რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ მასწავლებლები ყველა ხელისუფლების დროს მმართველი პარტიის სასარგებლოდ მობილიზდებიან, ზოგიერთები - საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი?

-ამ მიმართულებით, განათლების სფეროში დასაქმებულ პირებზე წინა ხელისუფლებების დროსაც საკმაოდ დიდი წნეხი იყო. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ჩარევები ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა. როცა პოლიტიკური პარტიები კარგავენ მხარდამჭერების რაოდენობას, აქტიურად იწყებენ განათლებაში დასაქმებულების, საჯარო მოხელეებისა და რელიგიური ინსტიტუციების გამოყენებას.

სკოლა, განსაკუთრებით რეგიონებში, დასაქმების ფაქტობრივად ერთადერთ, მეტ-ნაკლებად სტაბილურ ადგილად მიიჩნევა. მით უფრო, სოფლებში სხვა სტაბილური შემოსავლის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს და ადამიანებს სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს, დაშინებისა და იძულების მიზნით, მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნითაც ემუქრებიან. მასწავლებლებს აქვთ ეკონომიკური ვალდებულებები და სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რასაც სახელისუფლებო ძალები, ტრადიციულად, ბოროტად იყენებენ. მასწავლებლები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავენ და ერიდებიან არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ პედაგოგიური საქმიანობის დროს პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვით, აგიტაციითა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით, არც არსებულ კანონმდებლობას და არც მასწავლებლის ეთიკურ ნორმებს არ არღვევენ.

-თვითონ სკოლაზე, მასწავლებლის საქმიანობაზე, მოსწავლეზე როგორ აისახება, როცა მასწავლებელი, განათლების სისტემა პოლიტიზებულია?

-რა თქმა უნდა, ეს უარყოფით გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე, დემოკრატიულ პროცესებზე. ზოგადად, ასეთი ტიპის ზეწოლა მასწავლებლებზე, განათლების სისტემაზე, აზარალებს ქვეყნის განვითარებას. მასწავლებელი, რომელიც იმაზე ფიქრობს, რომ ვიღაც არ გაანაწყენოს და ამის გამო არ სდევნონ, სამსახურიდან არ გაუშვან, მუდმივად სტრესშია. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი ვერც თვითონ ვითარდება და მოსწავლეებთანაც ვერ აღწევს იმ მიზნებს, რომლებიც განათლების სისტემის წინაშეა დასახული. ბავშვები რომ თავისუფალ, კრიტიკულ აზროვნებას მიაჩვიოს, თვითონ უნდა იყოს ამ უნარების მატარებელი და შესაბამისი ღირებულებების გამზიარებელი. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედებს, გავლენის, წნეხის ქვეშაა და არ აპროტესტებს, ხმას არ იღებს, თვითონაც ეჩვევა ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებას. როცა მასწავლებელი ამ კომპრომისზე მიდის, ამით მოსწავლის ინტერესებს აზიანებს.

სწორედ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად, სისტემა ხშირად არაკვალიფიციურ მასწავლებლებს ინარჩუნებს. ეს უარყოფით გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე, ბავშვებზე, მათ მშობლებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. სკოლის დანიშნულება ხომ მარტო ის არ არის, რომ მოსწავლეებს მხოლოდ აკადემიური განათლება მისცეს და გაუგებარი ტექსტები აზეპირებინოს. სკოლამ ისინი 21-ე საუკუნის ადამიანებად უნდა ჩამოაყალიბოს, სამოქალაქო განათლება მისცეს, დემოკრატიული ღირებულებები ჩაუნერგოს. პოლიტიკურად მართული მასწავლებლები ამას ვერ გააკეთებენ. ასე იზრდება უკვე მერამდენე თაობა და ამიტომაც ვართ იმ რეალობაში, რომელშიც ვართ.

-ჩვენ ვიცით ია კერზაიას შემთხვევა. შესაძლოა, ამ ტრაგედიამ, გარკვეულწილად, სხვებს ხმის ამოღების სურვილი საბოლოოდ გაუქრო. თუ გვაქვს კარგი მაგალითები, რომ მასწავლებლის უფლებების დაცვამ შედეგი გამოიღო?

-განათლების სისტემა მუდმივად არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ და ჩვენი მიზანია, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები და პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებოდნენ. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს კომისია შეიქმნა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნილი მასწავლებლების საკითხებს სწავლობდა. მეც ვიყავი ჩართული, თუმცა ჩემი სურვილი იყო, რომ კომისია მუდმივმოქმედი ყოფილიყო და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიწროებული მასწავლებლების საკითხებზე ემუშავა. ამ კომისიის მუშაობა გარკვეულწილად შედეგიანი იყო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, თუმცა ამან სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების მისია ვერ შეასრულა.

ბევრმა მასწავლებელმა და დირექტორმა კარგად იცის, რაც ხდება. პირად საუბრებში თავადაც აღიარებენ ამ პრობლემების არსებობას, მაგრამ საჯაროდ რომ არ საუბრობენ, ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. წარმოიდგინეთ, მასწავლებლები და დირექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთმანეთთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობენ, მეგობრობენ, ერთმანეთს სხვადასხვა დღესასწაულზე ხვდებიან, ტრენინგებზე ერთად დადიან და როცა ერთი მათგანის წინააღმდეგ სისტემა ამოქმედდება, დანარჩენები ხმას არ იღებენ. ხომ ფაქტია, რომ ხვალ, შესაძლოა, მეორის მიმართ იგივე განმეორდეს, იციან, მაგრამ მაინც გაჩუმებას ამჯობინებენ, სანამ პირადად არ გახდებიან ზეწოლის, ჩაგვრისა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ობიექტი. ამ ადამიანებმა რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ, მათი უფლებების დაცვაც უფრო შედეგიანი იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა იყოს ძალიან მაღალი. სწორედ ამიტომ შევქმენით ნდობის ჯგუფები, რომელთა წევრები რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და, ზოგადად, აქტიური მოქალაქეები არიან. მასწავლებელზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა საზოგადოებამ თვითონაც უნდა გააპროტესტოს, ხმა ამოიღოს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს, დირექტორებს არ ექნებათ განცდა, რომ მარტო არიან და თვითონაც უფრო გაბედულად იმოქმედებენ.

ყველას კარგად გვახსოვს, რაც მოხდა სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით. განათლების სამინისტრომ თქვა, რომ პანდემიის გამო დირექტორების არჩევნებს ვერ ჩაატარებდა. ვისაც ვადა ამოეწურა, იმათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვა, ხელშეკრულებები გაუფორმა. იმავე მოცემულობაში მყოფი დირექტორების ნაწილი კი გაუშვა ისე, რომ არც მადლობა გადაუხდია და არც საყვედური უთქვამს, ანუ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დაემშვიდობნენ საკმაოდ წარმატებულ დირექტორებს. მათი უმეტესობა საუბრობს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე და ამაზე სხვა ობიექტური გარემოებებიც საკმაოდ ნათლად მიანიშნებს.

განათლებაში რაღაც ვერტიკალური, თითქოს ფეოდალური დაქვემდებარების სისტემა ჩამოყალიბდა. განათლების სამინისტრო სადამსჯელო ბერკეტებით აღიჭურვა, რაც მას არაფერში სჭირდება. თუ მასწავლებელი ან დირექტორი რამე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები და სულ არ არის საჭირო ამ დუბლირებული უფლებამოსილებებით განათლების სამინისტროს დატვირთვა. განათლების სამინისტრო სკოლებისთვის თანასწორი პარტნიორი და მხარდამჭერი უნდა იყოს და არა ერთგვარი ინკვიზიტორი. ასეთი სადამსჯელო ორგანოები ტოტალიტარული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი და არა - დემოკრატიულისთვის. სამინისტრო უნდა ცდილობდეს, რომ სკოლებს ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლების მიწოდებაში, განვითარებაში და საერთოდ არ უნდა ერეოდეს ისეთ საკითხებში, რაც კოლეგიალური პარტნიორობის ფარგლებს სცდება. მაგალითად, პანდემიის დროს სამოქალაქო სექტორი ზრუნავდა, რომ მოსწავლეებისთვის ონლაინსწავლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამაზე განათლების სამინისტროს უნდა ეზრუნა, თუმცა ის მასწავლებლებზე, სკოლის ადმინისტრაციაზე ზეწოლითა და წნეხით არის დაკავებული, იმისათვის, რომ პრობლემებზე ნაკლები ისაუბრონ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ეს პრობლემები არ არსებობდეს და ყველაფერი იმაზე უკეთესადაა, ვიდრე ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში.

-და მაინც, რა უნდა ქნან დირექტორებმა, მასწავლებლებმა არსებულ რეალობაში, როგორ გაუმკლავდნენ ამ წნეხს, ზეწოლას?

-თუ მათ აქვთ ამბიცია, რომ საქმე კარგად გააკეთონ, უნდა შეინარჩუნონ საკუთარი ღირსება, უნდა იცოდნენ და დაიცვან საკუთარი უფლებები. ეძებონ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მათი თანამოაზრეები იქნებიან. სწორედ ამისთვის ვახდენთ ჩვენ რესურსების მობილიზებას. პოლიტიკური დევნის დასაბუთება და იდენტიფიცირება ადვილი არ არის, შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ვიღაც მანიპულირებდეს და არაკვალიფიციურობის გამო გათავისუფლებას ან საყვედურს პოლიტიკური ნიშნით დევნად ასაღებდეს. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ დირექტორი ან მასწავლებელი მართლა პოლიტიკური ნიშნით იჩაგრება, არ უნდა შეეშინდეს. ჩვენ შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ, თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მიღება და გავრცელება ძალიან ადვილია. თუ უსამართლობას თვითონ დაუშვებენ და მსხვერპლები გახდებიან, გაუჭირდებათ მოსწავლეების ნდობის მოპოვებაც და საკუთარი მოვალეობის შესრულებაც. დირექტორებმა და მასწავლებლებმა თვითონ უნდა აიმაღლონ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ და მომავალ თაობებს მისცენ ამის მაგალითი. საზოგადოებაში, საბედნიეროდ, არიან კრიტიკულად მოაზროვნე, აქტიური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. ამისთვის მთავარია, მასწავლებელი მართალი იყოს საკუთარ თავთან და მოსწავლესთან. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ მისი უფლებების დასაცავად მთელი საქართველო ფეხზე დადგება. მთავარია, შიში გადალახონ. საქართველოში ტირანია გაფორმებული არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება გაფორმდეს კიდეც. ჩვენი მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები აქტიურად ვართ ჩართული, რომ ეს არ მოხდეს და სიტუაცია გარდავტეხოთ. განათლების სისტემაში დასაქმებულებს აქვთ უფლებები და ვალდებულებები. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევასა და აგიტაციაში მონაწილეობა მათ საქართველოს საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ. ასევე აკრძალულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება. ეს მათ უნდა იცოდნენ და ზეწოლის შემთხვევაში, ხმა აიმაღლონ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სამართლიან ბრძოლაში მათ გვერდით დავუდგეთ!


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი